"მინდოდა "ვალსით" ჩემს ბებოზე მომეთხრო, მის თბილ, გამომშრალ ხელებზე და იმ ადგილებზე, სადაც გავიზარდე"
რამდენიმე თვის წინ კინოეკრანებზე გამოვიდა ჯგუფ "მგზავრების" კლიპი "ვალსი". რამდენიმეწუთიან ვიდეორგოლში გაერთიანებულია ადამიანის ცხოვრების ყველა ის ეტაპი, რომელთაც დაბადებიდან გარდაცვალებამდე გადის - სითბო, მეგობრობა, ერთობა, ემოციურად და ამასთანავე მინიმალისტურად აქვს გადმოცემული რეჟისორს. "მოკლემეტრაჟიანი ფილმი ადამიანის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპებზე" - ასე დავარქმევდი ლადო კვატანიას ამ ნამუშევარს, რომელიც წარმოუდგენელია დაივიწყო, თუ ერთხელ ნახე. ლადომ ბავშვობა აფხაზეთში გაატარა, შემდეგ იყო ემიგრაცია, სწავლა თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტში და გრძელი გზა, რომელმაც ოცნებების ასრულებამდე მიიყვანა. ახლაც, როდესაც ის მსოფლიო ვარსკვლავების ჩარდი B Feat. Kanye West და Lil Durk-ის მუსიკალური კლიპის რეჟისორია, მისი უძვირფასესი მოგონებები ბებიასა და აფხაზეთში გატარებულ წლებს უკავშირდება, რამაც გამოძახილი პოვა მის შემოქმედებაში. როგორია რეჟისორის ცხოვრება "ვალსის" შემდეგ და რას უნდა ველოდოთ მომავალში ქართველი რეჟისორისგან, ლადო კვატანია ამერიკიდან გვიამბობს:
- ბავშვობაში მშობლებს ვუთხარი, რომ რეჟისორობა მინდოდა, თუმცა მაშინ არ მესმოდა ამ პროფესიის არსი. Mმე გრძელი გზა გავიარე საკუთარი თავისა და მოწოდების ძიებაში. თეატრალური განათლება თეატრალური ხელოვნების რუსულ ინსტიტუტში (GIთIშ) მივიღე, შემდეგ ძალა მოვსინჯე როგორც მონტაჟის რეჟისორმა, სცენარისტის რანგში. დროთა განმავლობაში მივედი რეჟისურამდე, რადგან მივხვდი, რომ საკუთარი ნამუშევრების ვიზუალიზაცია მსურდა. მუსიკალური კლიპებით დავიწყე და ეს ფორმატი ჩემთვის იდეალური აღმოჩნდა, რადგან ეს ხომ ერთგვარად მუნჯი კინოა მუსიკალური გაფორმების თანხლებით, სადაც მაყურებელს უამბობ ამბავს. ეს პერიოდი იქცა გამოცდილების სკოლად დრამატურგიასა და საკუთარი თავის რეალიზაციაში. მოგვიანებით, 30 წლის ასაკში, გავბედე და საკუთარ თავს რეჟისორი ვუწოდე, თუმცა სწავლა გავაგრძელე. ეს პროფესია განსაკუთრებულია - მას არა აქვს საბოლოო შედეგი. ყოველთვის გაქვს შეგრძნება, რომ თითქოს ჰორიზონტს გაჰყურებ, ხედავ კუნძულს, რომელსაც ცურვით უახლოვდები, ახალი მიზანი გიჩნდება, რომელიც კვლავ ჰორიზონტს მიღმა იმალება და აგრძელებ მოძრაობას, მიახლოებას, არ ჩერდები. რეჟისორის პროფესია გულისხმობს უსასრულო მოგზაურობას მთელი ცხოვრების განმავლობაში.
- ბავშვობის უძვირფასესი მოგონება რას უკავშირდება?
- ახლა საბავშვო ეტლით ჩემს ერთი თვის წინ დაბადებულ გოგონას ვასეირნებ. ბავშვობის მოგონებებზე საუბარი, როდესაც შვილს უყურებ, უფრო ემოციურია. სამწუხაროდ, ბაბუას ვერ მოვესწარი, ბებია კი გადასარევად მახსოვს. მთელი ჩემი ბავშვობა სავსეა მისი, მისი დებისა და ორი ბიძის სიყვარულით. არასდროს დამავიწყდება, როგორ მანებივრებდნენ. თავი ყოვლისშემძლე მეგონა მათ გარემოცვაში. ყველაფერი მახსოვს, არამარტო სახლი, სუნიც, თითოეული დეტალი. ერთ-ერთი, ყველაზე მკაფიო მოგონება დეიდაჩემ მანანას უკავშირდება, როდესაც ხელი დავიწვი, დეიდა მანანა ჩემ გვერდით იწვა და მთელი ღამე ხელზე სულს მიბერავდა. როგორც კი ჩაეძინებოდა, ყვირილს ვიწყებდი ტკივილისგან, რომ გაღვიძებოდა. მეორე მძაფრი მოგონება ბებიაჩემია - 14-15 წლის ვიქნებოდი, როდესაც ბებოს სანახავად ჩვენს სოფელში ჩავედი, ის უკვე ავად იყო. ბებო ყოველთვის როგორც თანასწორს, ისე მეთამაშებოდა. მის ოთახში რომ შევედი, მეგონა, ისევ ის მხიარული ბებო დამხვდებოდა, თუმცა საწოლში დამხვდა. თავიდან მეგონა ხუმრობდა, ვფიქრობდი, წამოდგება და ჩამიხუტებს-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს უკვე სხვა ადამიანი იყო. მან არ შეიმჩნია თავისი მდგომარეობა, მიღიმოდა, ხუმრობდა. ჩვენი ბოლო შეხვედრის ეს კადრი სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში.
- თქვენი მშობლები რუსეთში წავიდნენ ემიგრაციაში...
- მამაჩემი ქართველია, დედა - უკრაინელი. მშობლებმა ერთმანეთი მოსკოვში გაიცნეს. ბავშვობის დიდი ნაწილი ჩხორთოლში (აფხაზეთი) გავატარე. 6 წლის ვიყავი, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო და სასწრაფოდ მოგვიწია სახლის დატოვებამ - ასე აღმოვჩნდით რუსეთში. ჩემი მშობლიური ენა ქართული იყო, რუსული არ ვიცოდი. ეს ქმნიდა სირთულეებს დედასთან ურთიერთობის დროსაც კი, ვერ მელაპარაკებოდა, რადგან არ იცოდა ქართული. ჩემს ლექსიკონში უხვად იყო უწმაწური სიტყვები, როდესაც მაგარ მანქანას ვხედავდი, ქუჩაში აღტაცებისგან ყველა სიტყვა ერთად მახსენდებოდა და წამოძახილით გამოვხატავდი ემოციებს. დედას უკვე ესმოდა ეს სიტყვები, ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას გული უსკდებოდა, ვინმე ქართველი არ მჯდარიყო და არ გაეგო ჩემი უწმაწური წამოძახილები. ასე მიდიოდა ჩემი ადაპტაცია რუსულ გარემოში, სადაც უამრავი სხვადასხვა ეროვნების მეგობარი მყავს. ადამიანები, ვის გარემოცვაშიც გავიზარდე, ყველა შემოქმედებითი სამყაროდანაა. კინოსფეროთი დაინტერესებასაც ერთ მშვენიერ ხელოვან ოჯახს ვუმადლი, ერთ ეზოში ვცხოვრობდით და ხშირად მეპატიჟებოდნენ გადაღებებზე, ასე ვეზიარე კინოსამყაროს.
- ვიცი, ბევრს მუშაობდი, ყიდდი კასეტებს, მაგრამ არ დანებდი, შენს ოცნებებს ბოლომდე მიჰყევი.
- ჩემს ოჯახს არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ უნივერსიტეტში სწავლა დაეფინანსებინა, მხოლოდ ერთი წლის საფასურის გადახდა შეეძლოთ. ამიტომაც მე მომიწია მუშაობამ მტვირთავად, მიმტანად, ვყიდდი ფილმების დისკებს და მინდა გითხრათ, რომ გადასარევად გავატარე ჩემი ცხოვრების ის პერიოდი, რადგან უამრავი ფილმი ვნახე. მაშინ ბევრი რამ ვისწავლე კინომოყვარულებისგან. "რა, არ იცით, ვინ არის ანტონიონი? - მკითხავდა ვინმე, - ეს ტანსაცმლის ბრენდი კი არა, უდიდესი იტალიელი რეჟისორია". მეც ვიჯექი და ვუყურებდი ანტონიონის "ღამეს" და ა.შ. ამ პერიოდში უფრო დამეხვეწა გემოვნება. საბოლოოდ თვითნასწავლი ვარ...
- მინდა კლიპ "იუდას" შესახებ გკითხო, რომელიც აკრძალული იყო რუსეთში.
- ამ კლიპისთვის მე და ჩემს შემოქმედებით ჯგუფს Jagermeister Music Awards-მა პრესტიჟული ჯილდო "წლის საუკეთესო ვიდეორგოლი" გადმოგვცა. ვიზეიმეთ საერთო გამარჯვება და მეორე დღეს გავიგეთ, რომ "იუდას" ჩვენება რუსეთის ტერიტორიაზე აიკრძალა. ეს ცოტა სახალისოც იყო, რადგან ამ ნაბიჯით უდიდესი რეკლამა გაგვიკეთეს, მილიონი ან მილიონზე მეტი ნახვა გვქონდა აკრძალვის შემდეგ 1 თვეში. დიდ მადლობას ვუხდით ცენზორებს ასეთი დიდი ყურადღებისთვის.
- ლადო, სასიამოვნო და საამაყოა, როდესაც ჩარდი B Fეატ. Kანყე ჭესტ&Lილ Dურკ: Hოტ შჰიტ -ის მუსიკალურ რგოლს რეჟისორი ლადო კვატანია აწერია. ამ კლიპის შესახებ გვიამბე.
- რთული სამუშაო იყო. ვიდეორგოლის მთავარი გმირები, მუსიკოსები დღეს მსოფლიო ვარსკვლავები არიან. დღეს ამერიკაში ჩემს ინტერესებს წარმოადგენს აგენტი ფრენკ ბორინი და მან შესთავაზა ჩემი კანდიდატურა, როგორც კლიპის რეჟისორის. გადაღება ექვს თვეს გაგრძელდა, დიდი დრო წაიღო მოლაპარაკებებმა. თავიდან სხვა იდეა მქონდა, უფრო რთული, საკუთარ თავს მივიჩნევ მთხრობელად, მაგრამ დაიწყო ომი და მივხვდით, რომ კიდევ ერთი სასტიკი კონტენტი ახლა უადგილო იქნებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ თითოეული შემსრულებელი პერსონალურად წარგვედგინა ვიდეორგოლში. რაც შეეხება კანიე ვესტის გაცნობას, მასთან მუშაობა ჩემი ოცნება იყო, ის მსოფლიო მასშტაბის შემსრულებელია. ყველა მუსიკოსი, რომლებიც კლიპში მონაწილეობენ, შრომისმოყვარე და დიდი პროფესიონალია. ამ სფეროში კონკურენცია იმდენად დიდია, რომ თუ რაღაც მომენტში სისუსტეს ან დილეტანტიზმს გამოავლენ, შენი საქმე დამთავრებულია.
- შენი ერთ-ერთი ბოლო პროექტი იყო ჯგუფ "მგზავრებთან" ერთად. "ვალსი" - ასე ჰქვია მუსიკალურ კლიპს, რომელიც ძალიან ჰგავს ფილმს.
- "ვალსმა" რამდენიმე ეტაპი გაიარა. როდესაც ომი დაიწყო, თავზარი დაგვეცა. ყველანაირი სურვილი დავკარგე რამის კეთების.M მიუხედავად ამისა, ეს ნამუშევარი აღმოჩნდა ჩემთვის და მთელი შემოქმედებითი ჯგუფისთვის მაშველი რგოლი. მუშაობის პროცესში აღორძინების პერიოდი გავიარეთ, მივხვდით, რომ ნებისმიერი სირთულის მიუხედავად, უნდა გვემუშავა. "ვალსი" მოგვითხრობს ყველაზე მნიშვნელოვანზე - ადამიანის ცხოვრების ღირებულებაზე, მის მარადიულობაზე. რა თქმა უნდა, ის ეძღვნება ჩვენს გარდაცვლილ ახლობლებს, ყველა ჩვენგანმა ვიღაც დაკარგა, მაგრამ სითბოს და ხსოვნას მუდამ გულით ატარებს. "ვალსი" დაიბადა იმ თბილი და ნოსტალგიური გრძნობისგან, რომელსაც განვიცდი საქართველოში ჩამოსვლისას. მინდოდა ამ კლიპით ჩემს ბებოზე მომეთხრო, მის თბილ, გამომშრალ ხელებზე და იმ ადგილებზე, სადაც გავიზარდე. "ვალსი" ასევე ასახავს ჩემს შთაბეჭდილებებს თანამედროვე საქართველოზე, ადამიანებზე, გარემოზე. ამ პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ მე და ჩემმა შემოქმედებითმა ჯგუფმა დავიბრუნეთ რწმენა იმისა, რისთვისაც ვმუშაობთ. არასდროს დავიღლები მადლობის თქმით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავდაუზოგავად გვეხმარებოდნენ, ჩვენ გვერდით იდგნენ და გვგულშემატკივრობდნენ.
- სად ხედავ საკუთარ თავს 10-15 წლის შემდეგ?
- რა თქმა უნდა, ვისურვებდი შემომევლო მთელი მსოფლიო და შემეცნო ის კინემატოგრაფიის მეშვეობით. ვისურვებდი მემუშავა ამერიკაში, მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ ადგილას კინოინდუსტრიაში და ამასთანავე, მინდა არ დავკარგო საკუთარი ხმა. კინოინდუსტრიაში რთულია წარმატების მოპოვება და თან საკუთარი ხელწერის შენარჩუნება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც მსურს, არის ფილმი ქართულ ენაზე. ამჟამად ამ პროექტზე ვმუშაობ. ფილმის იდეა დაიბადა ჩვენი პატარა "ვალსისგან". ახლახან ჩემს თანაავტორ ირაკლი სოლომონაშვილთან ერთად დავასრულეთ ფილმის გეგმაზე მუშაობა. მე და ჩემი პარტნიორი ერეკლე როდონაია გადაღებას მომავალი წლისთვის ვგეგმავთ. ჩემი მიმდინარე პროექტები განსაზღვრავს, თუ სად ვიქნები რამდენიმე წლის შემდეგ... და ყველაზე მთავარი - ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი შედგება იმ ადამიანებისგან, ვინც ერთგულად ემსახურება კინოს და ოცნებებს რეალობად აქცევს.