კულუარული ომები ანუ რას აარიდებს თავს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება?! - კვირის პალიტრა

კულუარული ომები ანუ რას აარიდებს თავს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება?!

ქართულ პოლიტიკაში მორიგი უცნაური თამაში მიმდინარეობს სახელწოდებით "იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები არა მაქვს, მაგრამ იმპიჩმენტს მაინც ვაწყობ". ჯერ "ოცნებამ" წამოიწყო ეს "თამაში" პრეზიდენტის წინააღმდეგ, შემდეგ ოპოზიციამ პრემიერის წინააღმდეგ. თეორიულად, არც ერთს არა აქვს საჭირო ხმები ამ პროცესის ლოგიკურ შედეგამდე მიყვანისთვის, თუმცა საუბარს მაინც აგრძელებენ. მეორე მხრივ, არც ისე მარტივად არის საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს...

ოპოზიციას შანსები ნაკლებად აქვს, რომ პრემიერი გადააყენოს. მაშინ საპარლამენტო უმრავლესობა უნდა აუმბოხდეს პრემიერს, რაც შიდასახელისუფლებო გადატრიალება იქნება (სახელისუფლებო გუნდშიც საინტერესო პროცესები მიმდინარეობს, რაც სხვა სტატიის თემაა), აი, "ოცნებას" კი პრეზიდენტის გადასაყენებლად შესაძლოა რაღაც შანსები ჰქონდეს.

თუმცა მივყვეთ ყველაფერს ქრონოლოგიურად. პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც უკრაინაში ომი დაიწყო.­ ერთს ერთი რიტორიკა ჰქონდა, მეორეს - მეორე. თუმცა იმპიჩმენტის თემა ასე ჰაერიდან არ დაბადებულა. ასევე, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილისთვის იმპიჩმენტის მოწყობის ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობიდან მოდის და არა მთავრობიდან.

"ქართულმა ოცნებამ" იმპიჩმენტის თემის გააქტიურებამდე სცადა ზურაბიშვილთან მოლაპარაკებები - კერძოდ, პრეზიდენტს შეხვდა ერთ-ერთი დეპუტატი (ყველა სახელისუფლებო გუნდში არის ხოლმე ე.წ. მომლაპარაკებელი, რომელსაც "მიესვლება" ოპოზიციასთანაც, პრეზიდენტთანაც, არასამთავრობოებთანაც და ა.შ.) და აუხსნა, რომ პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ქმედებები უხერხულ მდგომარეობაში აყენებს მთელ ხელისუფლებას. კერძოდ, ისე ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი ყველაზე პატრიოტია და მისი რიტორიკიდან ისე გამომდინარეობს, თითქოს სახელისუფლებო გუნდი რუსეთის მიმართ მაინცდამაინც ნეიტრალური არ არის. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა იძულებულია გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც ზურაბიშვილისთვის სასიამოვნო მაინცდამაინც არ იქნება. ამ ვერსიის მიხედვით, პრეზიდენტი უნდა დაუბრუნდეს იმ სტილს, რაც 2018-2022 წლებში (უკრაინაში ომის დაწყებამდე)­ ჰქონდა - არ შეაფასოს შიდაპოლიტიკური ვითარება, არ ისაუბროს საგარეო კურსთან დაკავშირებულ საკითხებზე რაღაც მინიშნებებითა და გაფრთხილებებით, დაკავდეს ცერემონიული საქმეებით: მიღებებით, საზეიმო ღონისძიებებზე დასწრებებით, ძეგლების ყვავილებით შემკობით და ა.შ. ამ ვერსიის მიხედვით, თუ სალომე ზურაბიშვილი დასთანხმდებოდა ამ პირობას, ის მშვიდად დაასრულებდა საპრეზიდენტო ვადას 2024 წელს, მას საზღვარგარეთაც "გაუშვებდნენ" ვიზიტებით და პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრივილიეგიების დიდი ნაწილი შეუნარჩუნდებოდა.

ამ ვერსიის თანახმად, პრეზიდენტმა უმრავლესობის ეს შეთავაზება შეურაცხყო­ფად მიიღო. ამის შემდეგ ერთხანს მხარეებს­ შორის კონტაქტი არ ყოფილა, სანამ სალომე ზურაბიშვილმა არ გადაწყვიტა, რომ ევროტური მოეწყო. მისი ოფიციალური­ განცხადებით, ის აპირებდა შეხვედროდა ევროპის ლიდერებს, რათა მათთვის საქა­რთველოსთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში დახმარება ეთხოვა.

აქვე მცირე გადახვევას გავაკეთებთ - ჩვენი ინფორმაციით, "ოცნება" დარწმუნებული რომ იყოს, პრეზიდენტი მართლა სტატუსზე ელაპარაკება ევროლიდერებს, რეაქცია არ ექნებოდა. მიუხედავად რიტორიკისა და ევროპარლამენტარების კრიტიკისა, სტატუსის არმიღება თან მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, პირველ რიგში, "ოცნებას" დააზიანებს. თუმცა­ ამ შემთხვევაში "ოცნების" ლიდერები (ხაზს ვუსვამთ - ვგულისხმობთ პარტიის საპარლამენტო ნაწილს და არა მთავრობას) დარწმუნებულები არიან, რომ პრეზიდენტი ევროპაში სულ სხვა მიზნით დადის. კერძოდ, მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ სალ­ომე ზურაბიშვილი ევროლიდერებს თავს სთავაზობს როგორც ალტერნატიულ პოლიტიკურ ლიდერს დაახლოებით ამ ლოგიკით - "ოპოზიცია სუსტი და დისკრედიტირებულია, "ოცნება" რუსეთს ეფლირტავება და ამ ფონზე ერთადერთი პროდასავლური ფიგურა, რომელსაც პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა შეუძლია, მე ვარ". არის ამაში ლოგიკა და არც ის გამორიცხოთ, რომ გარკვეული პოლიტიკური მხარდაჭერა მოიპოვოს სალომე ზურაბიშვილმა. არსებული ინფორმაციით, ამ მიზნის მიღწევაში მას პირველ რიგში საფრანგეთის იმედი მაქვს - როგორ ფიქრობთ, ოფიციალური პარიზი წინააღმდეგი იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი იხილოს?! ევროკავშირი კონსენსუსზე დაფუძნებული გაერთიანებაა, მაგრამ მის ყველა დიდ სახელმწიფოს თავისი ინტერესები აქვს. დიახ, საფრანგეთს აქვს თავისი ინტერესები კავკასიაში, ისევე როგორც გერმანიას ან არაევროკავშირელ დიდ ბრიტანეთს. უბრალოდ, ჩვენ ეს გვავიწყდება ხოლმე და გვგონია, რომ კავკასიაში რატომღაც მხოლოდ რუსულ-თურქულ-ამერიკული ინტერესები ეჭიდავება ერთმანეთს.

დავუბრუნდეთ სტატიის ძირითად თემას - მოკლედ, პრეზიდენტის მიერ ევროტურის დაანონსება "ოცნებისთვის" სიურპრიზი არ ყოფილა. ამჯერად მათ შორის მეორე კონტაქტი შედგა და სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ გააფრთხილეს, რომ თუ წავიდოდა ვიზიტით, დაიწყებოდა იმპიჩმენტის პროცესი. ყველამ უკვე იცით, რომ ფორმალური მიზეზის მოძებნა ადვილია - მთავრობის თანხმობის გარეშე ოფიციალური ვიზიტით წასვლა არის კონსტიტუციის დარღვევა. სალომე ზურაბიშვილმა ვიზიტს კერძო კი დაარქვა, მაგრამ ამას "ოცნების" გეგმებისთვის ხელი არ შეუშლია. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს მსჯელობა - პრეზიდენტმა კონსტიტუცია მართლა დაარღვია თუ ვიზიტი კერძო იყო.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ევროტურს, არსებული ინფორმაციით, დიახ, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების გარდა, შეხვედრებზე საუბრები იყო საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე, ძალთა ბალანსზე, ოპოზიციაზე, ხელისუფლებასა და მომავალ პოლიტიკურ ლიდერებზე ანუ ყველაფერ იმაზე, რაც აშინებდა "ოცნებას".

შესაბამისად, როგორც "ოცნებისთვის" არ იყო სიურპრიზი პრეზიდენტის ევროტური, ისე სალომე ზურაბიშვილისთვის არ ყოფილა სიურპრიზი მმართველი გუნდის მიერ იმპიჩმენტის ინიცირება.

რაც შეეხება იმ საკითხს, ცდილობს თუ არა "ოცნება" იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების მოგროვების მიზნით ფრაქცია "ნაცმოძრაობიდან" იმ დეპუტატების გადაბირებას, რომლებსაც კეზერაშვილ-მერაბიშვილის მენეჯმენტის პირობებში 2024 წლის არჩევნებისთვის "ნაციონალების" საარჩევნო სიაში მოხვედრის შანსი არა აქვთ. ამაზე პასუხი გარკვეულწილად თავად "ნაცმოძრაობამ" გასცა, როდესაც გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრისას სხდომათა დარბაზში არ შევიდეს. არადა, თუ დარწმუნებული ხარ შენი გუნდის პრინციპულობაში, პირიქით, იტყოდი, რომ დიახ, შევალ სხდომათა დარბაზში, ჩვენი სრული­ შემადგენლობა წითელ ღილაკს დააწვება და ყველას დაგიმტკიცებთ, ვინმეს შეუძლია თუ არა ჩვენი გადაბირება. შეგახსენებთ, რომ "ნაცმოძრაობის" მოქმედი თუ ყოფილი წევრების გადაბირების საკითხზე პირველად გახარიას პარტია ალაპარაკდა, რომლის წევრებს, გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში "ოცნების" თანაგუნდელები იყვნენ, მიუწვდებათ ხელი მმართველი პარტიის კულუარულ ამბებზე.

თუმცა არის ერთი მაგრამ... თუ "ოცნებამ" შეძლო და გადაიბირა "ნაციონალების" ნაწილი, ვინმე ფიქრობს, რომ ისინი იმპიჩმენტს ხმას ისე მისცემენ, რომ გადაბირების ვერსია დაადასტურონ?! რა თქმა უნდა, არა! ისინი შეეცდებიან რომის პაპზე უფრო მეტი კათოლიკეები გამოჩნდნენ ანუ მიშაზე უფრო მიშისტები. "ან მიშას შეწყალება, ან იმპიჩმენტი" - სწორედ ამ სოუსით დააჭერენ ისინი თითს მწვანე ღილაკს. სხვათა შორის, მსგავსი მესიჯები უკვე ისმის კიევში გახიზნული "ნაციონალებისგან".

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის კონტრსვლებს, ევროტურიდან საქართველოში დაბრუნებისთანავე მან ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაიწყო. ოპოზიციონერების ეპიზოდური კომენტარებიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტი მართლაც არ გამოირცხავს, რომ მმართველმა გუნდმა იმპიჩმენტის პროცესი ბოლომდე მიიყვანოს. ოპოზიციონერები იმასაც ამბობენ, რომ თუ "ოცნებამ" შეძლო პრეზიდენტის გადაყენება, სალომე ზურაბიშვილს შესაბამისი გეგმები აქვს და ის "სახლში ჯდომას" არ აპირებს.

არსებული ინფორმაციით, ოპოზიციონერებსა და სალომე ზურაბიშვილს აქვთ შემდეგი გეგმა: თუ "ოცნებამ" მოახერხა პრეზიდენტის გადაყენება, ოპოზიცია შეეცდება ხალხის ქუჩაში გამოყვანას. პროტესტს შეუერთდება სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც, თავის მხრივ, შეეცდება პროტესტს დასავლეთის პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს. ასეთ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში ცენტრალური ფიგურა გახდება და შეუძლია ამომრჩეველს უთხრას, აი, ბატონო, თქვენ რომ მესამე ცენტრი გინდოდათო.

არსებული ინფორმაციით, სხვა გეგმაც­ არსებობს. თუ "ოცნებამ" ვერ შეძლო სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება, მაგრამ წლის ბოლოს ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღო, ამოქმედდება იგივე პრინციპი - ხალხი ქუჩაში, სალომე ზურაბიშვილი მოვლენათა ეპიცენტრში, ოღონდ ამჯერად პრეზიდენტის სტატუსით.

დიდი ალბათობით, მხოლოდ სტატუსის მინიჭებას შეუძლია საქართველოს თავიდან ააცილოს პროცესების ქუჩაში გადატანა - ანუ სტატუსი ნიშნავს პოლიტიკური სტაბილურობის მეტ-ნაკლებად შენარჩუნებას. ქუჩიდან პოლიტიკის კეთება ყოველთვის სახიფათოა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

მილიონჯერ დაგვიწერია და კიდევ ერთხელ დავწერთ - კრემლს საქართველოში იმდენად პრორუსული ხელისუფლების დასმა კი არ სურს (ჯერ ერთი, მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მიიღებს და მეორეც - ნებისმიერი ხელისუფლება შეგიძლია გადაირჩიო), არამედ ქვეყანაში ისეთი ქაოსისა და დესტაბილიზაციის გამოწვევა, რომ თბილისმა 50 წელიწადს მაინც არ იოცნებოს ევროპაში ინტერგრაციაზე (ნატოზე ხომ საუბარიც ზედმეტია). ჩვენს ქვეყანაში ოდნავ თუ აირია სიტუაცია, კრემლი მაშინვე ჩართავს ყველა რესურსს - ფინანსებით დაწყებული და პროპაგანდით დასრულებული.

ასე რომ, დღეს სტატუსი იმაზე მეტად გვჭირდება, ვიდრე ეს ზოგიერთს ევროპაში წარმოუდგენია.

გიორგი კვიტაშვილი