რომელ სფეროში ინვესტირებაა ქვეყნისთვის ყველაზე მომგებიანი - კვირის პალიტრა

რომელ სფეროში ინვესტირებაა ქვეყნისთვის ყველაზე მომგებიანი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის II კვარტალში 505,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 29,9%-ით მეტია. აქედან რეინვესტიცია 422,5 მლნ აშშ დოლარია (83,5%). ინვესტიციის წარმომავლობის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო (168,3 მლნ აშშ დოლარი), რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 33,3%-ს შეადგენს, მეორე ადგილზეა თურქეთი 71 მლნ აშშ დოლარით (14%), მესამეზე კი ნიდერლანდები 62,7 მლნ აშშ დოლარით (12,4%). ხოლო ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი მთლიანი მოცულობის 78,0^%-ია. II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა - 255,7 მლნ აშშ დოლარი, მთლიანი მოცულობის 50,6%-ია. მეორე ადგილს ენერგეტიკის სექტორი იკავებს 137,2 მლნ აშშ დოლარით (27,1%), ხოლო მესამეა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 35,6 მლნ აშშ დოლარით (7%). ინვესტიციების უდიდესი წილი მოდის თბილისზე - თითქმის 434 მლნ, მთლიანი ინვესტიციების 86%-ზე მეტი. დანარჩენი 14%-მდე გადანაწილებულია რეგიონებზე, საიდანაც დიდი წილი კვლავ აჭარაზე მოდის, ხოლო რამდენიმე რეგიონში უცხოური ინვესტიცია საერთოდ არ განხორციელებულა. რას ნიშნავს ეს მონაცემები ჩვენი ეკონომიკისთვის და რომელი სფეროს ინვესტირებაა ყველაზე პერსპექტიული, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრეთ.

- უცხოური ინვესტიციების ქვეყანაში შემოსვლა მხოლოდ მისასალმებელია, რადგან ის პრაქტიკულად არის ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნების ძალიან სერიოზული წყარო და იმავდროულად, ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მის სტრუქტურას. კარგია, როდესაც ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი მიდის ეკონომიკის რეალურ სექტორში, ისეთ დარგებში, როგორიც არის მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, რადგან ეს იძლევა არა მარტო ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობას (ანუ ისეთ ეკონომიკურ ზრდას, სადაც მოსახლეობა მაქსიმალურად იქნება ჩართული), არამედ იმასაც, რომ ხალხი მაქსიმალურად დასაქმდეს და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ინვესტიციების ამ სტრუქტურაში, რაც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს აქვს გამოქვეყნებული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უცხოური ინვესტიციების საკმაოდ დიდი ნაწილი მიდის ენერგეტიკაში. ეს ფაქიზი და მნიშვნელოვანი სფეროა საქართველოსთვის, მით უფრო იმ კონტექსტში, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, შავი ზღვის ფსკერზე დაიგოს ელექტროკაბელი, რომლითაც უნდა მოხდეს ელექტროენერგიის გატარება აზერბაიჯანიდან და საქართველოდან, მათ შორის საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიისა, ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით. ამიტომ აუცილებელია ინვესტიციების მობილიზება სწორედ ენერგეტიკულ სფეროში. რაც შეეხება ფინანსურ სექტორს, აქ ინვესტიციების მატებას უშუალოდ ეკონომიკის ზრდაზე ისეთი დიდი ზეგავლენა არა აქვს, როგორიც რეალურ სექტორში ინვესტიციებს, მაგრამ ფინანსურ ბაზარს აძლიერებს და როცა ის სტაბილურია, ეს ზოგადად ბიზნესის განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნის საფუძველია.

- იმას, რომ ინვესტიციების უდიდესი ნაწილი რეინვესტირებაზე მოდის, აქვს რამე მნიშვნელობა?

- ეს იმის დამსახურებაა, რომ საქართველოში მოგების გადასახადის ესტონური მოდელია მიღებული, რაც ნიშნავს, რომ მეწარმეს შეუძლია, მოგება კვლავ დააბრუნოს წარმოებაში, შესაბამისად, მოგების გადასახადი აღარ გადაიხადოს. ეს მექანიზმი ხელს უწყობს რეინვესტირებას, რაც იმის საფუძველია, თანხა კი არ გავიდეს ქვეყნიდან, როგორც მიღებული მოგება, არამედ ქვეყანაშივე მოხდეს მოგების სრული ინვესტირება.

- რეინვესტირებასა და ახალი ინვესტიციების დაბანდებას შორის შედეგის თვალსაზრისით არის განსხვავება? რომელი უფრო ხელსაყრელია?

- ნებისმიერი ინვესტიცია თავისი შინაარსით ახალია. ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, უცხოელებს შეუძლიათ მიღებული მოგების შეუზღუდავად რეპატრიაცია, ანუ გადაიხდიან გადასახადებს და სურვილის შემთხვევაში ქვეყნიდან გაიტანენ მიღებულ მოგებას. ესტონური მოდელი კი იძლევა საშუალებას, რომ უცხოელებიც დაინტერესებული იყვნენ საქართველოში ეკონომიკის გაფართოებით, რადგანაც მათ მიერ მიღებული მოგება რეინვესტირების შემთხვევაში აღარ დაიბეგრება.

- რეგიონებზე მოდის ინვესტიციების უმნიშვნელო ნაწილი, ამგვარი დისპროპორცია ეკონომიკისთვის მოიტანს არსებით შედეგს?

- ეს ზოგადი პრობლემაა მთელ მსოფლიოში. მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც არის ეკონომიკურად მეტად და ნაკლებად განვითარებული რეგიონები. იმავე აშშ-ში ეკონომიკურად ყველაზე დაწინაურებული შტატი არის კალიფორნია, რომელიც ეკონომიკურად ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე ცენტრალური შტატები. ეს ზოგადი პრობლემაა. თუმცა, ეს არის ის პრობლემა, რომელიც ცალკე უნდა გადაიჭრას.

- როგორ უნდა გადაიჭრას? ერთი მხრივ, თუნდაც უცხოელი ინვესტორებისთვის როგორ უნდა გახდეს რეგიონები მიმზიდველი და მეორე მხრივ, რეგიონებში ადგილობრივი წარმოების განვითარებას როგორ უნდა შეეწყოს ხელი?

- ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია და გავიმეორებ, რომ რეგიონების განვითარებისთვის აუცილებელია, ყველა, მეტ-ნაკლებად დასახლებულ პუნქტში, იქნება ეს დიდი სოფელი თუ შედარებით მცირე ზომის სოფლების ერთობლიობა, დაბა თუ ქალაქი, აშენდეს საწარმოები, რომლებიც ადგილობრივ ნედლეულს გადაამუშავებენ. მათი არსებობა ხელს უწყობს როგორც ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებას, ასევე მოსახლეობის ადგილზე დასაქმებას. ასეთი ეკონომიკური ზრდა ინკლუზიური იქნება, ანუ ეკონომიკაში მოსახლეობა მაქსიმალურად არის ჩართული. აქ დიდი როლი აქვს სახელმწიფოს აქტიურობას. აუცილებელია გაიზარდოს ისეთი პროგრამების დაფინანსება, როგორიც არის "აწარმოე საქართველოში" და ფული გაიცეს მხოლოდ მატერიალური წარმოების დარგებზე, კერძოდ, მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაზე. ვფიქრობ, ამ პროგრამიდან ტურიზმი ამოსაღებია, რადგან ამ სფეროს ნაკლებად სჭირდება პროგრამებიდან დაფინანსება და სახელიც ამაზე მიუთითებს - "აწარმოე" და არა "დაასვენე" საქართველოში.

- მრეწველობა ახსენეთ და ამ გაზრდილ უცხოურ ინვესტიციებში დამამუშავებელი მრეწველობის წილი 7%-ია. რა უნდა გაკეთდეს, რომ ამ სფეროს მიმართ მეტი ინტერესი გაჩნდეს?

- სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ "აწარმოე საქართველოში" ფოკუსირებული იყოს ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებაზე, სამრეწველო საწარმოების შექმნასა და განვითარებაზე. მაშინ ინვესტიციებიც დამამუშავებელ მრეწველობაში იქნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და უფრო სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას მისცემს ქვეყნის ეკონომიკას. პირველ რიგში, რაც საქართველოს მთავრობის გასაკეთებელია, უკვე კეთდება, თუმცა აუცილებელია ამ პროგრამების გაფართოება, მათი მასშტაბების ზრდა. რაც შეეხება უცხოელების დაინტერესებას რეგიონებით, საქართველოში მოქმედებს საკმაოდ მოქნილი კანონი უცხოური ინვესტიციების შესახებ, რომლის მიხედვითაც უცხოელებს აქვთ მოგების თავისუფლად რეპატრიაციის საშუალება, მათთვის სასურველ ვალუტაში. უცხო ქვეყნების ინვესტორებისთვის საკანონმდებლო ბაზა საკმაოდ კარგია. არსებობს აგრეთვე ე.წ. სპეციალური ინდუსტრიული ზონების შესახებ კანონი, რომელიც ინვესტორებს მიმზიდველ პირობებს უქმნის. პირადად მე თავის დროზე ამ კანონის სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, რომელიც "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს იქნა მიღებული. თავისთავად ეს კანონი უცხოელი ინვესტორებისთვის შესაძლოა მიმზიდველი იყოს, მაგრამ ეს კანონი სრული მასშტაბით რომ ამოქმედდეს, ქვეყანას სერიოზულად დააზიანებს, რადგანაც განავითარებს მხოლოდ ზონებს, ხოლო სადაც ზონები არ იქნება, იქ გაიზრდება "საინვესტიციო შიმშილი".

- ამ ზონებს აქვთ ისეთი მოგება, რომ მხოლოდ ამ თვალსაზრისით მაინც ღირდეს მათი არსებობა?

- არა, რა თქმა უნდა. ეს ზონები არ არის განვითარებული, რადგან მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, ბოლო რამდენიმე ათეული წლის საერთაშორისო სტანდარტიდან გამომდინარე, თავისუფალი ეკონომიკური ზონა რომ მომგებიანი იყოს, აუცილებელია ასეთი თანაფარდობა - 4-ჯერ მეტი ინვესტიცია უნდა ჩადო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რომ მიიღო შესაბამისი ბრუნვა. მაგალითად, 1 მილიონი დოლარის ბრუნვა რომ გქონდეს, ინფრასტრუქტურაში 4 მილიონი დოლარი უნდა ჩადო. ჩვენთან კი ზონების ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად განუვითარებელია და ამიტომ გვაქვს ის ბრუნვა, რა ინფრასტრუქტურაც არის შესაბამისი ზონისთვის შექმნილი.

- ინვესტიციებს რომ დავუბრუნდეთ, საფინანსო და სადაზღვევო სექტორზე 50%-ზე მეტი მოდის, ეს რაზე მეტყველებს?

- ეს ნიშნავს, რომ ინვესტორები ნაკლებად დებენ ფულს ეკონომიკის რეალურ სექტორში, მატერიალურ წარმოებაში, რადგან ფინანსურ სექტორში ინვესტიციის გაღება მათთვის უფრო მიმზიდველია. გავიმეორებ, ეს ქვეყანას ისე არ ავითარებს, როგორც ინვესტიციები რეალურ სექტორში, მაგრამ საკმაოდ სერიოზულია იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს ფინანსური მდგრადობა. შედეგად კი, თუნდაც, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი იქნება სტაბილური, რაც ბიზნესისა და მოსახლეობისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

- ლარის დღევანდელი კურსი ასახავს ამ მოცემულობას? ის პოლიტიკა, რასაც ეროვნული ბანკი ატარებს, პასუხობს ამ რეალობას? ახლახან დასწიეს რეფინანსირების განაკვეთი ძალიან მცირედით და ეს ადეკვატური ნაბიჯი იყო, მით უმეტეს, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე ნაკლებია?

- რა თქმა უნდა არის, სწორედ ამიტომ ინარჩუნებს ლარი სტაბილურობას. მართალია, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ დღეს მსოფლიო სერიოზული გამოწვევების წინაშეა. არავინ იცის, რა მოხდება, რუსეთის ომი უკრაინაში როდის დამთავრდება და რა პრობლემებთან მოგვიწევს გამკლავება. ცოტა ხნის წინ ნავთობზე ფასები დაბლა მიდიოდა, ახლა კვლავ გაიზარდა. საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვება შეზღუდა, სანქციების გამო რუსეთიდან ნავთობის მიწოდება ისედაც შეზღუდულია და ფასები მაღლა წავიდა. ამიტომ არ არის გამორიცხული, ინფლაციური წნეხი ეკონომიკაზე კვლავ გაიზარდოს. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, მცირედი ნაბიჯებით იაროს რეფინანსირების განაკვეთის შემცირების კუთხით, მისასალმებელია. როდესაც მეტ-ნაკლები სიზუსტით არ იცი, როგორი იქნება მომავალი, ფრთხილი ნაბიჯები უნდა გადადგა.

- სიფრთხილე გასაგებია, მაგრამ შეღავათი მოსახლეობისთვის საგრძნობი იქნება?

- მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, ინფლაცია არ იყოს მაღალი. დიდი ნაწილისთვის მთავარია ფასები არ გაიზარდოს და არა ის, რა პროცენტში აიღებს სესხს. რა თქმა უნდა, ვისაც რეფინანსირების განაკვეთზე აქვს სესხი მიბმული, გადასახდელი პროცენტი მცირედით შეუმცირდება, მაგრამ გავიმეორებ, არსებობს ე.წ. რისკების დაზღვევა. თანამედროვე გლობალურ სამყაროში კი რისკები საკმაოდ მაღალია, ყველანი ვიმყოფებით რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომისა და შედეგად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ზეგავლენის ქვეშ.

- ხშირად გითქვამთ, რომ არსებული გამოწვევების ფონზე ძნელია ეკონომიკური პროცესების პროგნოზირება, მაგრამ თუნდაც წლის ბოლომდე საქართველოში ინფლაციის თვალსაზრისით რა ტენდენციაა მოსალოდნელი?

- ეკონომისტები ვიყენებთ სიტყვათა წყობას "სხვა თანაბარ პირობებში", რაც ნიშნავს, რომ თუ დღევანდელი სიტუაცია არ შეიცვალა, პროგნოზებიც მეტ-ნაკლებად სარწმუნო იქნება. "სხვა თანაბარ პირობებში", ანუ თუ შენარჩუნდა დღევანდელი ვითარება, რაც არის მსოფლიოსა და საქართველოში, ინფლაცია წლის ბოლოსთვის მაღალი არ იქნება. მაგრამ ეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ სიტყვათა წყობის გათვალისწინებით - "სხვა თანაბარ პირობებში". თუ ეს პირობები შეიცვალა, მაშინ პროგნოზების გაკეთება გართულდება. ნავთობის ფასებზე უკვე გითხარით... რუსეთი იყენებს ხორბალს, როგორც იარაღს. უკრაინას თავისი ხორბლის გატანა შავი ზღვის პორტებით არ შეუძლია რუსეთის სამხედრო ხომალდებით ბლოკირების გამო; პოლონეთი წინააღმდეგია, თავის ტერიტორიაზე გაატაროს უკრაინული ხორბალი, რადგან ეშინია, ამ ხორბალმა პოლონური ხორბლის ბაზარი არ წალეკოს... ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, "სხვა თანაბარ პირობებში" ინფლაცია ნამდვილად არ იქნება დიდი და ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა, ოქტომბერში საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო შეამციროს.

- პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანებას გაუნულებენ, რისთვისაც ბიუჯეტიდან გარკვეულ თანხას გასცემენ. ბაზარზე ამ ფულის გაჩენას ექნება თუ არა ინფლაციაზე გავლენა?

- არანაირად არ ექნება. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი ნახევარი მილიარდი ლარით არის გაზრდილი. ამიტომ ეს ეკონომიკიდან ამოღებული ფულია და მისი ბაზარზე დაბრუნება რამე ინფლაციურ წნეხებს არ შექმნის. აქვე აუცილებლად უნდა დავამატო, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი და აუცილებლად გადასადგმელია მეორეც - სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები სრულად საბიუჯეტო დაფინანსებაზე უნდა გადავიდნენ. თუ ასე არ მოხდება, უსამართლობა იქნება, რადგან სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება კი გაუნულდებათ, მაგრამ იმ სტუდენტებმა, წესიერად ვინც იხდიდა, გამოვა, რომ შეცდომა დაუშვეს - გადასახდელ თანხას დროულად იხდიდნენ და რომ არ გადაეხადათ, მათაც გაუნულებდნენ დავალიანებას. ამიტომ ეს უსამართლობა რომ არ იყოს და ქვეყანას არ შეექმნას იმის პრობლემა, რომ სწავლა აუცილებლად ფულის გადახდასთან იყოს დაკავშირებული, სახელმწიფო უნივერსიტეტების საბიუჯეტო დაფინანსებაზე სრულად გადაყვანაა აუცილებელი. საქმე ის გახლავთ, რომ საკმაოდ სერიოზული ზიანი უმაღლეს სასწავლებლებს მოუტანა რეფორმამ, რომელიც ლომაიამ გაატარა და ჯერჯერობით ისევ იმ სისტემით მუშაობენ უნივერსიტეტები. როდესაც გიორგი მარგველაშვილი იყო განათლების მინისტრი, მან ზოგიერთი სპეციალობა სრულ საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაიყვანა, რაც ნამდვილად არ არის საკმარისი. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები მთლიანად საბიუჯეტო დაფინანსებაზე უნდა იყვნენ და სტუდენტს ხელებში არ უყურებდნენ, მოიტანს ფულს თუ არა. მთელი რიგი სპეციალობებისთვის ლაბორატორიებია საჭირო, რისთვისაც სტუდენტზე 2.250-ლარიანი გრანტი საკმარისი არ არის. ამ გრანტის მოცულობას კი სახელმწიფო ვერ ზრდის, რადგან რომ გაზარდოს, მაშინ იმ სტუდენტებსაც გაეზრდებათ გადასახდელი, ვინც გრანტით ვერ სარგებლობს. ამ შემთხვევაში კი, როცა ათასობით სტუდენტი 2.250 ლარს ვერ იხდის, გაზრდილ საფასურს როგორ გადაიხდის? ამიტომ ვამბობ, რომ სისტემის შეცვლაა საჭირო - საკითხი მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტების უშუალო საბიუჯეტო დაფინანსებით უნდა გადაწყდეს. თანაც უნივერსიტეტების დაფინანსებაში რანჟირება უნდა მოხდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად წარმატებულია, რამდენად მაღალია მათი რეიტინგი ავტორიტეტულ საერთაშორისო საუნივერსიტეტო ბაზებში.

- რომ შევაჯამოთ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივაზე ვიმსჯელოთ, რომელ დარგებში უნდა ჩაიდოს ინვესტიციები, მაქსიმალური შედეგი რომ მივიღოთ?

- დღეს მთავარი თემა, რომელიც თითქმის ყველა საერთაშორისო ფორუმზე განიხილება და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას ეხება, არის ე.წ. შუა დერეფნის პროექტი. ამ პროექტში ჩადებული ყველა ინვესტიციას აქვს პრინციპული მნიშვნელობა. საუბარია ჩვენი საზღვაო ნავსადგურების განვითარებაზე, ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობაზე, მაგრამ ცალკე პრობლემაა ჩვენი რკინიგზის გამტარუნარიანობა. შესაძლოა, პორტს ჰქონდეს დიდი რაოდენობის ტვირთების მიღების და დამუშავების შესაძლებლობა, მაგრამ რამდენად არის ჩვენი რკინიგზა გამტარუნარიანი? ამიტომ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია შუა დერეფანთან, ყველა ინვესტიცია ამ სფეროში, რა თქმა უნდა, ძალიან პერსპექტიული იქნება. ეს კი უწინარეს ყოვლისა, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ეხება და ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის სწორედ მათი შუა დერეფნის პროექტში კონცენტრირებაა აუცილებელი.

რუსა მაჩაიძე