„ჩვენ მოვითხოვთ შოვის ტრაგედიის საქმეში სამოხელეო დანაშაულის მუხლის დამატებას“ - კვირის პალიტრა

„ჩვენ მოვითხოვთ შოვის ტრაგედიის საქმეში სამოხელეო დანაშაულის მუხლის დამატებას“

კურორტ შოვში ღვარცოფის მოვარდნისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) იცავს. პროკურატურამ დაღუპული ახალგაზრდა კაცის დედა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო, თუმცა მას და მის ადვოკატებს საქმის მასალის გადაცემაზე უარი უთხრა. თავის მხრივ, დავით ბერიაშვილის დედა გამოძიებისგან ითხოვს კვალიფიკაციის დაზუსტებას­ და იმის დადგენას, მოხდა თუ არა შოვის ტრაგედიისას სამოხელეო დანაშაული ან მიატოვეს თუ არა ხალხი განსაცდელში. ადვოკატების თქმით, საქმე გვაქვს ინტერესთა კონფლიქტთან - საქმეს იძიებს შსს, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული სამაშველო და სამძებრო ოპერაციებში, შესაბამისად, ის ვერ ჩაითვლება მიუკერძოებელ მხარედ.

როგორც ცნობილია, გამოძიება მხოლოდ ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას.

შეგახსენებთ, რომ დავით ბერიაშვილი შოვში სტიქიისას ორ მეგობართან, და-ძმა სოფი და გიორგი ყარალაშვილებთან ერთად დასასვენებლად იყო ე.წ. მამისონის კოტეჯებში. 3 აგვისტოს მოვარდნილმა ღვარცოფმა სამივე ახალგაზრდა იმსხვერპლა. დავით ბერიაშვილის ცხედარი მაშველებმა შედარებით ადრე იპოვეს, ის ოჯახის წევრებმა 5 აგვისტოს ამოიცნეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი ანა არგანაშვილი საქმის მასალის გადაცემაზე უარის მიზეზებს განმარტავს:

- მასალის გადმოცემა კანონით გვეკუთვნის, თუმცა უარს გვეუბნებიან. პროკურორს ძალიან სუსტი დასაბუთება აქვს. ჯერ მან გვითხრა უარი, გასაჩივრების შემდეგ ზემდგომმა პროკურორმაც, რის შემდეგაც მივმართეთ სასამართლოს, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ ვიცით. პროკურატურა ამბობს, თითქოს ამ საბუთების გადმოცემით ჩვენთვის ცნობილი გახდება გამოძიების ტაქტიკა, რომლის გახმაურება არ არის მიზანშეწონილი. არადა, ადგილზე ყველაფერი წავიკითხეთ, ამოწერის უფლებაც გვქონდა და თუ რამე ტაქტიკა არსებობს, უკვე ცნობილი უნდა გამხდარიყო. ამიტომ ეს არგუმენტი არ არის ლოგიკური.

- მიდის თუ არა გამოძიება სათანადოდ და რა გამოიკვეთა ამასობაში (ვინ დაიკითხა, ვინ გამოიკითხა), ჯერ შუალედური შედეგებიც არ არის ცნობილი...

- ჩვენ საქმეს 22-23 აგვისტოს გავეცანით, მაშინ მხოლოდ რამდენიმე პირი იყო გამოკითხული. გამოძიება მართლაც ორი მუხლით მიდიოდა, რასაც არ ვეთანხმებით, რადგან მიგვაჩნია, რომ სამოხელეო დანაშაულის კვალიფიკაციაც უნდა დაემატოს - მხოლოდ ოპერატორის ბრალეულობა­ ვერ იქნება, იმხელა სტიქიასა და მისი პრევენციის შეუძლებლობასთან გვაქვს საქმე. გარდა ამისა, ინტერესთა კონფლიქტის გამო ამ საქმეს შსს არ უნდა იძიებდეს.

- როგორც ვიცით, გამოძიება პროკურატურის ზედამხედველობით მიდის... დავუშვათ, საქმე პროკურატურამ გადაიბარა, ამ შემთხვევაში ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების გარანტია თუ არსებობს?

- საქმე არც პროკურორის ზედამხედველობით უნდა მიმდინარეობდეს, ვინაიდან პროკურორი ვერ იქნება იქ, სადაც მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობს. ჩვენ უნდა გვქონდეს გარანტია, რომ ამ საქმეს მიუკერძოებელი უწყება იძიებს, რაც პირიქითაა. გვინდა ჩვენი მოთხოვნები დააკმაყოფილონ, რადგან არ მიგვაჩნია, რომ გამოძიება სწორად მიმდინარეობს. თუ გამოძიება პროკურატურამ გადაიბარა, ობიექტურობის გარანტია არ არსებობს, მით უმეტეს, საქართველოში.

- გამოძიების მთავარი ფოკუსი რა არის?

- ვერ გეტყვით. იმ დროს, როცა იქ ვიყავით, ექსპერტიზის ბიუროს მასალა, ფოტოებიც ვერ ვნახეთ. ჩვენი მიზანია მტკიცებულებების შეგროვება მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი. არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც თავის დროზე უნდა შეგროვილიყო და რაც დრო გადის, უფრო გართულდება. მტკიცებულებების გარეშე ვერ გავიგებთ, რა მოხდა, ვერც საპარლამენტო კომისია და სასამართლო დაადგენენ სიმართლეს. ხელისუფლების განცხადებებმა ძალიან შეუშალა ხელი საგამოძიებო პროცესს - როდესაც მოწმე, გადარჩენილი პირია გამოსაკითხი და მან უკვე მოისმინა ხელისუფლების უმაღლესი პირისგან, რომ თურმე ის იტყუება,­ რომ შესაძლებელია ვერავინ გადარჩენილიყო, ანუ მტკიცებით ფორმაში ილაპარაკეს, რაც გამოძიების გასარკვევი იყო, ამან, რასაკვირველია, მოწმეებზე ზეგავლენა იქონია. თუნდაც ის, რომ დაზარალებულებს არ სურთ თავიანთი უფლებების დაცვა, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ჩვენი ინფორმაციით, მხოლოდ ერთი პირი იცავს თავის უფლებებს (დავით ბერიაშვილის დედა). ეს ნიშნავს, რომ სხვებს არა აქვთ სამართლის პოვნის იმედი.

- როგორ ფიქრობთ, დაგვიანებულმა­ რეაგირებამ ხომ არ იმსხვერპლა ხალხი? უწყებას ხშირად საყვედურობენ, რომ სამძებრო სამუშაოები 3 აგვისტოს ღამით შეწყვიტა. იქნებ სტიქიისა და საფრთხის მასშტაბი ვერ შეაფასა შს სამინისტრომ? ბევრს აქვს კითხვა, მიატოვა თუ არა სახელმწიფომ მოქალაქეები განსაცდელში?

- ჯერ ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან ყველა დასკვნა იქნება დაუსაბუთებელი მანამ, სანამ არ იქნება მტკიცებულებები. საქმე შეფასებამდე არ არის მისული, შეფასება სასამართლომ უნდა შეძლოს, მაგრამ ამას როგორ იზამს, თუ მტკიცებულებები ან კვალიფიკაცია არ იქნება დამატებული?

მასშტაბის შეფასებაზე შემიძლია ვთქვა, რომ პროცესი არ იყო ორგანიზებული, ვინ ვისთან იყო ანგარიშვალდებული, ვინ ვის ხელმძღვანელობდა, ვინ ვის ზედამხედველო­ბდა, ყველაფერი სპონტანურად მიმდინარეობდა. ამან იქონია თუ არა ზეგავლენა ადამიანების გადარჩენაზე, ეს შეფასების საგანი გახდება, როცა მტკიცებულებები გვექნება.

- რა მტკიცებულებები აკლია საქმეს?

- ფოტოები, სად იპოვეს დაღუპულები, რომელ საათზე, აკლია გამოკითხვის ოქმები, არ დაუკითხავთ თანამდებობის პირები... 23 აგვისტოს მხოლოდ რამდენიმე თვითმხილველი იყო გამოკითხული, ამჟამად თუ დაემატა, ვერ გეტყვით, ადგილზე ჩავალთ და გავარკვევთ. ჩვენ მოვითხოვთ სამოხელეო დანაშაულის მუხლის დამატებას და თვითონ განსაზღვრონ, გულგრილობაა თუ თანამდებობის ბოროტად გამოყენება. ვითხოვთ საქმის კვალიფიკაციის შეცვლას. გვინდა გვჯეროდეს, რომ პროკურატურას სურს სიმართლის დადგენა.

- საუბარია საგამოძიებო კომისიაზე, ეთანხმებით თუ არა მის შექმნას?

- ამწუთას ამ ინიციატივას წყალს ვერ გადავუწურავ. ჩვენ ვნახეთ, რომ ერთ გახმაურებულ საქმეზე კომისიის მუშაობამ ნაყოფი გამოიღო, მაგრამ იმისათვის, რომ საგამოძიებო კომისიამ იმუშაოს, ჯერ მტკიცებულებები უნდა მოიპოვონ. კომისია ხომ ვერ მოიპოვებს მტკიცებულებებს? ამიტომაა, რომ ამისთვის ვიბრძვით. უამისოდ შოვის საქმეს ვერავინ გამოიძიებს.