უძინართა ქვეყანა - კვირის პალიტრა

უძინართა ქვეყანა

ძილი აუცილებელია! ამ დროს ორგანიზმში მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური­ პროცესები მიმდინარეობს. ნორმალური ძილი უზრუნველყოფს ტვინის უჯრედებში ინფორმაციის ხანგრძლივად შენახვას, ზრდის კონცენტრაციის უნარს, აძლიერებს­ იმუნიტეტს და გვიქმნის კარგ განწყობას მომდევნო დღისთვის. ასაკის მატებასთან ერთად ძილის ხანგრძლივობა მცირდება - 3 თვემდე ჩვილს 24 საათის განმავლობაში თითქმის სულ სძინავს, ზრდასრულ ადამიანს კი 7-8 საათი უნდა ეძინოს. ინსომნია - იგივე აგრიპნია, უძილობა, ძილთან დაკავშირებული სირთულეა, რაც გულისხმობს, ნორმალურად დაძინების ქრონიკულ უუნარობას, ჩაძინების სირთულეს, ღამის ძილის პერიოდის შემცირებას, რა დროსაც ირღვევა კავშირი ძილის ფაზებს ­(სიზმრიანი და უსიზმრო) შორის. ინსომნია იწვევს მეხსიერებისა და გუნება-განწყობილების გაუარესებას, კონცენტრაციის უნარის დაკარგვას, შესაბამისად, ადამიანებს უჭირთ ყოველდღიური სამუშაოს შესრულება. უძილობის მიზეზი მრავალი ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული. ინსომნია ძირითადად ვითარდება ნევროზის, დეპრესიის, ფსიქოზის, სტრესის, სხვადასხვა მედიკამენტის მიღების, ტვინის ორგანული და გულ-სისხლძარღვთა ზოგიერთი დაავადების დროს. უძლობა იწვევს­ ისეთ ფსიქიკურ აშლილობას, როგორიცაა შიზოფრენია, პანიკური შეტევები... როგორ გავუმკლავდეთ ქრონიკულ უძიIლობას, ამ თემაზე სასაუბროდ ფსიქოთერაპევტს, ენერგოტრენერ ირმა ჩიტაშვილს დავუკავშირდით:

- უმნიშვნელოვანესია, რომ ადამიანს ეძინოს მინიმუმ 7-8 საათი. ამისთვის საჭიროა გამოვიმუშაოთ ძილის ჩვევები და დავივიწყოთ ღამის თენება! ვიძინებთ დღეს, ვიღვიძებთ ხვალ! ანუ უნდა მოვახერხოთ ღამის 12 საათამდე დაძინება და ერთსა და იმავე დროს დაწოლა. ძალიან კარგია ძილის წინ 30 წუთით ადრე სუფთა ჰაერზე სეირნობა ან ვარჯიში. უარი თქვით საღამოს საათებში კოფეინზე, საკვებზე, ჩაძინების წინ დაკავდით მედიტაციით. გააქრეთ ხმაური! აკრძალეთ მობილურში, სოციალურ ქსელებში ძრომიალი, ტელევიზორის ყურება, წიგნის კითხვა. არ დაიძინოთ ისეთ ოთახში, სადაც ბევრი ყურადღების გადასატანი ნივთია. ქვეცნობიერმა უნდა გააანალიზოს, რომ თქვენი საწოლი­ და საძინებელი ოთახი არის სივრცე მოსვენებისა და ძილისთვის და არა სამუშაოდ, საჭმელად ან გასართობად.

- უძილობით დატანჯული ადამიანები ხშირად მიმართავენ ხალხში გავრცელებულ "ჩაძინების მეთოდებს" - მაგალითად, ცხვრებს­ ითვლიან, მაგრამ ზოგიერთის გონება მოდუნების ნაცვლად უფრო მეტად იღიგზნება...

- ადამიანები, რომლებიც დაწოლისას­ ფიქრობენ, როგორ ან რამდენ ხანში დაიძინებენ და ნერვიულობენ, რომ დილით გამოუძინებლები იქნებიან, უძილობის დროს უფრო მეტად ზრდიან. უმჯობესია მოადუნოთ გონება და იფიქროთ რაიმე სასიამოვნოზე.

- რა გავლენა აქვს ადამიანის ფსიქიკურ­ ჯანმრთელობაზე ქრონიკულ უძილობას?

- როცა ძილ-ღვიძილის რეჟიმი ირღვ­ევა,­ სასიცოცხლო ენერგიები იკარგება, ელემენტარული საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარების რესურსიც კი არა გვაქვს, პირადი ცხოვრების აწყობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ადამიანი ფიზიკურად გამოფიტულია, გონებრივად - გადაღლილი, არა აქვს ჯანსაღი აზროვნების უნარი. შემდგომ მოდის ძლიერი შფოთვები,­ რაც გადაიზრდება ხოლმე დეპრესიაში, ფსიქოზში. ადამიანი ცოცხალ-მკვდარია... ინსომნიამ შესაძლოა თვითმკვლელობამდეც კი მიგვიყვანოს.

- როგორ უნდა მოვერიოთ ქრონიკულ უძილობას, რომ ამ პრობლემამ საბოლოოდ სუიციდამდე არ მიგვიყვანოს...

- წამლებით მკურნალობას არ მივესალმები, რადგან ადამიანი მთელი ცხოვრება წამლებზე ვერ იქნება დამოკიდებული. გარდა იმისა, რომ მედიკამენტებს ბევრი გვერდითი მოვლენა აქვს, შეჩვევაც იცის. გამოსავალი არ არის საძილე საშუალებებით ადამიანის გათიშვა. მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობას, ცხოვრების ჯანსაღ წესს, თერაპიას, მედიტაციას შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება. აუცილებელია, გაღვიძებისთანავე დავლიოთ ჭიქა წყალი. მთავარია, ვიპოვოთ უძილობის გამომწვევი მიზეზი და ვებრძოლოთ მას.

dzili2-1694962065.jpg
ძილის ხანგრძლივობა ასაკის მიხედვით

- რა შეიძლება იყოს ეს მიზეზი?

- ამას სჭირდება ჩაღრმავება, შესწავლა,­ საიდან მოდის... ჩემი პრაქტიკიდან ერთ მაგალითს მოვიყვან, როდესაც პაციენტი 4 წლის განმავლობაში უძილობას უჩიოდა, მიზეზი კი იყო სიბნელის შიში. პაციენტს ჩავუტარე RPT თერაპია, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს ამ პრობლემაზე. დავამარცხეთ შიში და ადამიანი დაუბრუნდა ცხოვრების ნორმალურ რიტმს...

სტატისტიკა ამტკიცებს, რომ პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 45%-ს ძილის დარღვევა აწუხებს. აღსანიშნავია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ეს პრობლემა უფრო ინტენსიური ხდება. გისურვებთ მშვიდ ძილს და "ზღვა ენერგიას".

მსოფლიოში უძილობის პრობლემა "კოვიდ-19"-ის პანდემიის დროს უფრო გამწვავდა. მკაცრი სოციალური დისტანციის პირობებში ადამიანების სამუშაო რეჟიმი მკვეთრად შეიცვალა. ამას დაემატა ინფორმაციული გადაღლა და უწყვეტი სტრესი, რამაც საბოლოოდ ადამიანს დაურღვია მშვიდი ძილი. სტატისტიკური მონაცემებით, დღეს უძილობა ამა თუ იმ ფორმით პლანეტის მოსახლეობის 40-45 პროცენტს აწუხებს. ეს პრობლემა უფრო მეტად ქალებს აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. მედიკამენტური მკურნალობა დაავადების მხოლოდ მწვავე ფორმებშია გამართლებული.

ამერიკის ნევროლოგიურმა ინსტიტუტმა (NINDS) 2022-2023 წლებში ჩაატარა­ მსოფლიო მოსახლეობის კვლევა და გამოავლინა ქვეყნები, სადაც უძIილობის სტატისტიკა ყველაზე მაღალია:

1. იაპონია 54%;

2. ტაივანი 39%;

3. შვედეთი 37%;

4. ტაილანდი 30%;

5. გაერთიანებული სამეფო 22%;

6. ირლანდია 22%;

7. ნორვეგია 18%;

8. ახალი ზელანდია 18%;

9. სინგაპური 16%; 10. ავსტრალია 15%

გვანცა ახვერდაშვილი