პატიმარი #P01135809
სახელმწიფოს პირველი მეთაური, რომელიც თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს ღალატისთვის გაასამართლეს, ინგლისის მეფე ჩარლზ I იყო. თუ რა ითვლება თანამდებობის ბოროტად გამოყენებად, ეს საკითხი საკამათოა, კონკრეტული კრიტერიუმები არ არსებობს და შესაბამისად, უძველესი დროიდან შესაძლოა ეს სტატუსი ბევრ დასჯილ პირველ პირს მიენიჭოს. თუმცა ამის აღიარებულ პირველ შემთხვევად მოიხსენიებენ სწორედ ინგლისის მეფე ჩარლზ I-ის მაგალითს, რომელიც 1649 წელს, ინგლისის სამოქალაქო ომის დროს, გაასამართლა პარლამენტმა ოლივერ კრომველის ხელმძღვანელობით და სიკვდილით დასაჯეს. მას ბრალი ედებოდა სახელმწიფო ღალატსა და კონფლიქტის დროს თანამდებობის გამოყენებით ჩადენილ დანაშაულებში. ეს მოვლენა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ვერსალის ზავის შემდეგ იყო პირველი ფაქტი, როდესაც სასამართლო დაუპირისპირდა მეფეთა ღვთაებრივი უფლების იდეას და დაადგინა პრინციპი, რომ მმართველ მონარქსაც კი პასუხი უნდა ეგო საკუთარ ქმედებებზე. ამის შემდეგ კიდევ არაერთი სახელმწიფოს პირველი პირი გაასამართლეს, არაფერს ვამბობთ სხვადასხვა დროს სამხედრო ტრიბუნალით გასამართლებულ პირებზე და მათ შორის ნაცისტებზე. თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლებულთა სიაში არიან სილვიო ბერლუსკონი (იტალიის პრემიერ-მინისტრი), ჟაკ შირაკი (სხვადასხვა დროს საფრანგეთის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარიზის მერი), ნიკოლა სარკოზი (საფრანგეთის პრეზიდენტი), კრისტიან ვულფი (გერმანიის პრეზიდენტი), ხოსე სოკრატესი (პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი), ივო სანადერი (ხორვატიის პრეზიდენტი), ეჰუდ ოლმერტი (ისრაელის პრემიერ-მინისტრი), ბენიამინ ნეთანიაჰუ (ისრაელის მოქმედი პრემიერ-მინისტრი), მოშე კაცავი (ისრაელის პრეზიდენტი), ლი მიუნ-ბაკი (სამხრეთ კორეის პრეზიდენტი), პარკ გეუნ-ჰი (სამხრეთ კორეის პრეზიდენტი), ჯეიკობ ზუმა (სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი), კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი (არგენტინის პრეზიდენტი), ლუის ინასიო ლულა და სილვა (ბრაზილიის მოქმედი პრეზიდენტი), მუჰიიდინ იასინი (მალაიზიის პრემიერ-მინისტრი), ნაჯიბ რაზაკი (მალაიზიის პრემიერ-მინისტრი), იმრან ხანი (პაკისტანის პრემიერ-მინისტრი) და სხვები. ეს უკანასკნელი იმით არის საინტერესო, რომ მის წინააღმდეგ ამჟამადაც, სულ მცირე, 85 საქმეა აღძრული კორუფციის, ტერორიზმის, არეულობის, სასამართლოს უპატივცემულობისა და ღვთის გმობის გამოც კი. საქმეების სიმრავლით მას კონკურენციას მხოლოდ სილვიო ბერლუსკონი უწევდა, რომელზეც 1994 წლიდან 30-ზე მეტი საქმე იყო აღძრული. ახლა კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩემპიონია, რომლისთვისაც მხოლოდ სამ საქმეზე წაყენებული ბრალდებების რიცხვი, როგორც "პოლიტიკომ" დათვალა, პუნქტობრივად 78-ს აღწევს. მათი დამტკიცების შემთხვევაში ტრამპს პატიმრობა 641 წლით ემუქრება. ახლა მას მეოთხე საქმეზეც აქვს ბრალი წაყენებული, რის გამოც რამდენიმე საათში ციხეში ყოფნამაც მოუწია და პატიმრის ნომერიც მიენიჭა. მიუხედავად იმისა, რომ აღძრული საქმეების გამო ის მხოლოდ წელს სამართალდამცავ უწყებას მეოთხედ ჩაბარდა, მას 25 აგვისტოს ატლანტის ციხეში ნებაყოფლობით გამოცხადების შემდეგ პირველად მოსთხოვეს კამერის წინ დადგომა და პატიმრის ფოტოს გადაღება - ანუ, პირველად გაატარეს ის პროცესი, რომელსაც პენიტენციარულ დაწესებულებაში ყველა ეჭვმიტანილი გადის. ეს ფოტოებიც და მინიჭებული ნომერიც P01135809, ფულტონის ოლქის ხელისუფლებამ ტრამპის ციხიდან გასვლის შემდეგ მცირე ხნის შემდეგ გამოაქვეყნა, რამაც უკვე მთელი მსოფლიოს მედია მოიცვა. დღეს ტრამპის 4 საბრალდებო დასკვნიდან ორი ფედერალურია, ორიც - საშტატო. ეს საქმეებია:
საიდუმლო დოკუმენტების საქმე
ეს არის საქმე, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტს ბრალი ფედერალურ სასამართლოში აქვს წაყენებული, ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის განზრახ შენახვის, ხელის შეშლის, ცრუგანცხადებებისა და შეთქმულების გამო. გამოძიება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 2022 წლის დამდეგს მას შემდეგ დაიწყო, რაც აღმოჩნდა, რომ ტრამპმა საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც მასთან, როგორც პრეზიდენტთან, თეთრ სახლში ინახებოდა, ვადის ამოწურვის შემდეგ თან წაიღო, რაც ამერიკული კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია. კანონი განსაზღვრავს, რომ ყველა პრეზიდენტმა თეთრი სახლის დატოვებისას ყველა საიდუმლო დოკუმენტი ეროვნულ არქივს უნდა ჩააბაროს. ტრამპმა კი ამ დოკუმენტების ნაწილი თავის ფლორიდის სახლში, მარალაგოს რეზიდენციაში წაიღო. ეროვნულმა არქივმა ტრამპის წარმომადგენლებს დოკუმენტების დაბრუნება 2021 წელს მოსთხოვა, თუმცა მათ საიდუმლო მასალით სავსე 100-ზე მეტი ყუთიდან მხოლოდ 14 გაუგზავნეს. ამის გამო ეროვნულმა არქივმა იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა, რომელმაც გამოძიება დაიწყო - გაჩხრიკეს ტრამპის რეზიდენცია და ასობით საიდუმლო დოკუმენტი იპოვეს, რომელთაგანაც ზოგი "სრულიად საიდუმლოს" კატეგორიით იყო კლასიფიცირებული.
დოკუმენტების შინაარსი უცნობია, თუმცა სასამართლო მოსმენის დროს პროკურორებმა თქვეს, რომ მასალის არასწორ ხელში ჩავარდნა საფრთხეს შეუქმნიდა ამერიკის ეროვნულ უშიშროებას. გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტებში არის ისეთი უმნიშვნელოვანესი სააგენტოების ინფორმაცია, როგორიცაა სადაზვერვო სამსახური, გამოძიების ეროვნული ბიურო, ეროვნული საიდუმლო სამსახური და სხვა. ივნისში გამოქვეყნებულ 49-გვერდიან ბრალდებაში ნათქვამია, რომ დოკუმენტები მოიცავდა ზოგიერთ სენსიტიურ ბირთვულ პროგრამას, რომლებიც დეტალურად აღწერდნენ ქვეყნის პოტენციურ დაუცველობას სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში.
კაპიტოლიუმზე თავდასხმა
ტრამპს ფედერალურ ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებული ბრალი 2024 წლის 1-ლ აგვისტოს წაუყენა. მას ბრალად ედება 6 იანვარს, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, 2020 წელს წაგებული არჩევნების შედეგების უკანონოდ შეცვლის მცდელობა. შეგახსენებთ, რომ იმ დღეს ტრამპის 2000-მდე მხარდამჭერი კაპიტოლიუმში შეიჭრა, როდესაც კონგრესში საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის გამარჯვების დამტკიცების ფორმალური პროცესი მიმდინარეობდა.
გამოძიების თანახმად, ტრამპი და მისი თანამზრახველები ცდილობდნენ არჩევნების გაყალბებაზე ცრუგანცხადებებით ქვეყანაში ქაოსი გამოეწვიათ და ძალადობით გავლენა მოეხდინათ კონგრესზე, რათა მას არჩევნების ოფიციალური შედეგები გაეუქმებინა. სპეცპროკურორ ჯეკ სმიტის განცხადებით, ტრამპის ტყუილმა გამოიწვია კაპიტოლიუმზე უპრეცედენტო თავდასხმის პროვოცირება, რასაც ადამიანებიც ემსხვერპლნენ.
ჯეკ სმიტის მომზადებული საბრალდებო დასკვნა 4 პუნქტს მოიცავს: შეთქმულება აშშ-ის მოტყუების მიზნით, შეთქმულება ოფიციალური პროცედურებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ოფიციალური პროცედურებისთვის ხელის შეშლის ცდა და შეთქმულება მოქალაქეთა უფლებების დარღვევის მიზნით. ტრამპის გარდა, ბრალი წაუყენეს კიდევ 6 პირს, რომელთა ვინაობა საბრალდებო დასკვნაში მითითებული არ არის. ღეუტერს-ის ინფორმაციით, ამ პირებს შორის, სავარაუდოდ, ტრამპის ყოფილი ადვოკატი რუდი ჯულიანიცაა.
საქმე: "დაიჭირე და მოკალი"
ეს საქმე 2016 წლის პრეზიდენტის არჩევნებისწინა პერიოდს უკავშირდება და ტრამპსა და მის გარემოცვას დოკუმენტების გაყალბებას ედავებიან. ნიუ-იორკის სამხარეო პროკურატურის მტკიცებით, დონალდ ტრამპი და მისი გარემოცვა ჯერ კიდევ 2015 წლიდან მუშაობდნენ პრინციპით "დაიჭირე და მოკალი", რითიც ცდილობდნენ ტრამპის, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ არსებული ნებისმიერი შესაძლო კომპრომატის წინასწარ მოპოვება-გაქრობას, მათ შორის პორნოვარსკვლავისთვის გაჩუმების სანაცვლოდ თანხის გადაცემა, ასევე კიდევ რამდენიმე პირის მოსყიდვა. გამოძიების თანახმად, ტრამპის ადვოკატმა მაიკლ კოენმა 2016 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე 12 დღით ადრე, კლიენტის გაჩუმების სანაცვლოდ 130.000 დოლარი გადასცა პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსის ადვოკატს და ეს ხარჯი იურიდიულ მომსახურებად გაფორმდა. ფაქტი 2018 წელს აღიარა კოენმა, რომელსაც 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამასთან, დენიელსი ადასტურებს, ხოლო ტრამპი დღემდე უარყოფს მასთან სექსუალურ ურთიერთობას, მაგრამ საქმეში დევს ტრამპის ხელმოწერილი 9 ქვითარი. გამოძიების თანახმად, ასევე მოქრთამეს სხვა პირებიც: 150.000 დოლარი Pლაყბოყ-ს ყოფილ მოდელ კარენ მაკდუგალს, რომელიც ტრამპთან სექსუალურ ურთიერთობაზე ლაპარაკობდა, და 30.000 დოლარი - ტრამპ თაუერის პორტიეს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჰქონდა ტრამპის მიერ საიდუმლოდ გაჩენილი შვილის შესახებ ინფორმაცია. ყველა ეს ფაქტიც დევს საგამოძიებო მასალაში, მაგრამ არ არის ასახული ბრალდებაში.
დუმილის სანაცვლოდ ფულის გადახდა აშშ-ის კანონმდებლობით კანონდარღვევა არ არის, დოკუმენტის გაყალბება კი მსუბუქი კანონდარღვევაა, მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია ეძლევა იმ შემთხვევაში, თუ ის სხვა დანაშაულის გადაფარვას ემსახურება და კონკრეტული მოტივი აქვს. ტრამპის შემთხვევაში ლაპარაკია საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე. მანჰეტენის ოლქის პროკურორი აცხადებს, რომ გაწეული ხარჯი აღემატება კამპანიის დაფინანსების ლიმიტს. ამასთან, ფაქტების განზრახ მიჩქმალვას შეეძლო მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე.
არჩევნების საქმე
ეს არის სწორედ ის საქმე, რისთვისაც ტრამპმა რამდენიმე საათი ციხეში გაატარა და საპატიმროში ფოტოც კი გადაუღეს. ბრალდება 2020 წლის არჩევნებში ჯორჯიის შტატის შედეგების შეცვლის სავარაუდო მცდელობას უკავშირდება. ამ ოლქში შედის აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი ატლანტაც. ამ საქმეზე ტრამპს 13-პუნქტიანი ბრალდება აქვს წაყენებული, რეკეტის ჩათვლით, რასაც, როგორც წესი, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ იყენებენ. რეკეტის ბრალდება ყოფილ პრეზიდენტს შტატის ოფიციალურ პირებზე წნეხის გამო წაუყენეს. მას ბრალს სდებენ, რომ შტატის ოფიციალური პირებისგან არჩევნების შედეგის შეცვლას მოითხოვდა.
საბრალდებო დასკვნა 41 პუნქტისგან შედგება, დაწყებული შეთქმულებით გაყალბების მიზნით და ცრუჩვენებით დამთავრებული. ბრალდებულები არიან ყოფილი პრეზიდენტი და მისი გარემოცვის 18 წარმომადგენელი, მათ შორის ნიუ-იორკის ყოფილი მერი. თუმცა ნაფიც მსაჯულთა საგანგებო დიდმა კოლეგიამ, რომელიც ამ საკითხს 2021 წლიდან ფულტონის საგრაფოს საოლქო პროკურორ ფანი უილისის თხოვნით სწავლობდა, ჯამში ბრალის წაყენების რეკომენდაცია 39 პირზე გასცა და მათ შორის იყო სამი რესპუბლიკელი სენატორიც. მსაჯულებმა სავალდებულო წესით ჩვენების მიცემა სულ 75 მოწმისგან მოითხოვეს, მათ შორის იყვნენ ტრამპის მოკავშირეები რუდი ჯულიანი, რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და ჯორჯიის შტატის უმაღლესი ოფიციალური პირები, მათ შორის გუბერნატორი ბრაიან კემპი. საბრალდებო დასკვნაში ჩამოთვლილი იყო შეთქმულების 30 თანამონაწილე, რომელთაც ბრალი არ წარედგინათ, მაგრამ, სავარაუდოდ, სქემაში თავისი როლი ითამაშეს.
ამ საქმეზე სასამართლო 2024 წლის 4 მარტს დაიწყება. თუმცა საქმის პროკურორებმა სასამართლოს დაწყების თარიღად 2024 წლის 2 იანვარი მოითხოვეს, დონალდ ტრამპის დაცვის გუნდს კი სასამართლო პროცესის დაწყება თითქმის 3 წლის დაყოვნებით, 2026 წლის აპრილში სურდა.
უოთერგეითის სკანდალი
აშშ-ის ისტორიაში ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და სასამართლო პროცესებიც დანიშნულია. სისხლის სამართლის დამნაშავე პრეზიდენტი ოფიციალურად აშშ-ს აქამდე არ ჰყოლია, მაგრამ, ცხადია, პრეზიდენტების ისტორიაში არის სკანდალური ისტორიები. მათ შორის ყველაზე ცნობილია უოთერგეითის სკანდალი, რისთვისაც პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონს გადადგომამ მოუწია. ეს სკანდალი პოლიტიკური ამბიციების, დიდი ფულისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების სიმბოლოდ გადაიქცა.
ყველაფერი 1972 წლის 17 ივნისს გამთენიისას დაიწყო, როდესაც პრეზიდენტ ნიქსონის საარჩევნო კამპანიის 5 აქტივისტი უოთერგეითის კომპლექსში მდებარე დემოკრატიული პარტიის შტაბბინაში შეღწევის მცდელობისას დააკავეს. გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" კორესპონდენტების კარლ ბერნსტაინისა და ბობ ვუდვორდის ჟურნალისტური გამოძიების დროს კი დადგინდა, რომ საქმე გაცილებით რთულად იყო, ვიდრე პოლიტიკური პარტიის ოფისის გაძარცვა, და ის ნიქსონის პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. 1973 წელს სენატში გამართული მოსმენების დროს გამოვლინდა, რომ ნიქსონი თეთრ სახლში გამართულ საუბრებს უკანონოდ იწერდა, რამაც დაადასტურა მისი მონაწილეობა ამ საიდუმლო ოპერაციაში. 1974 წელს, როდესაც თეთრი სახლის ჩანაწერები გამოაშკარავდა, რიჩარდ ნიქსონმა კონგრესში რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერა დაკარგა და იძულებული გახდა გადამდგარიყო, რითიც იმპიჩმენტი აიცილა თავიდან. ნიქსონი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც პოსტი დატოვა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტების წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი 4-ჯერ დაიწყო, საიდანაც 2-ჯერ ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. თუმცა ოთხივეჯერ პრეზიდენტებმა პოსტები შეინარჩუნეს.
4 უშედეგო იმპიჩმენტი
პირველი იმპიჩმენტი ენდრიუ ჯონსონის წინააღმდეგ 1868 წელს დაიწყო. ის პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ, 1865 წელს გახდა. იმ დროს ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე იყო. 1867 წელს წარმომადგენელთა პალატამ ხმათა უმრავლესობით ჯონსონის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, რადგან რესპუბლიკელებს არ მოსწონდათ სამხრეთის საკითხზე მისი შემრიგებლური პოზიცია, საბოლოო წვეთი კი აღმოჩნდა მისი ვეტო სამოქალაქო უფლებების კანონპროექტზე. ეს კანონი თავისთავად საინტერესო იყო, რადგან მოიცავდა სამოქალაქო უფლებებისა და ახალემანსიპირებული მონების დაცვას. ჯონსონმა სამოქალაქო უფლებების აქტი სახელმწიფო საკითხებში ფედერალური უფლებამოსილების არაკონსტიტუციურ გადამეტებად მიიჩნია, მეორე მხრივ კი შიშობდა, რომ დაარღვევდა თეთრკანიან მიწის მფლობელთა საკუთრების უფლებას. თუმცა ითვლება, რომ ვეტოს მიზეზი მაინც რადიკალ რესპუბლიკელებთან პოლიტიკური დაპირისპირება იყო. საბოლოოდ კონგრესმა ვეტო მაინც დაძლია და 1866 წელს სამოქალაქო უფლებების აქტი მიიღო. ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი აშშ-ში სამოქალაქო უფლებებისა და თანასწორობისთვის მიმდინარე ბრძოლაში, ერთ-ერთი პირველი საკანონმდებლო ცდა აფროამერიკელების უფლებების დასაცავად სამოქალაქო ომის შემდგომ ეპოქაში. მიუხედავად ამისა, წარმომადგენლობითმა პალატამ იმპიჩმენტის პროცედურა მაინც დაიწყო. თუმცა სენატში, სადაც დამნაშავედ ცნობისთვის ხმების 2/3 იყო საჭირო, ის გაამართლეს. უნდა ითქვას ისიც, რომ საგარეო პოლიტიკაში მისი პრეზიდენტობის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა რუსეთის იმპერიისგან ალასკის შესყიდვა იყო.
მეორე იმპიჩმენტი უკვე მეოცე საუკუნის მიწურულს, 1998 წელს ბილ კლინტონის წინააღმდეგ დაიწყო, თეთრი სახლის სტაჟიორ მონიკა ლევინსკისთან სექსუალური ურთიერთობის გამოძიებისთვის ხელის შეშლისა და ცრუჩვენების გამო მაშინ, როდესაც ის დაქორწინებული იყო. 1998 წლის 19 დეკემბერს წარმომადგენელთა პალატამ მას იმპიჩმენტი გამოუცხადა. თუმცა კლინტონი სენატმა გაამართლა და მან პრეზიდენტობის მეორე ვადა დაასრულა. იმპიჩმენტამდე კონგრესს დამოუკიდებელმა მრჩეველმა კენეტ სტარმა გადასცა გრძელი მოხსენება კლინტონის საქმეების გამოძიებისთვის, რომელიც ეხებოდა ჭჰიტეწატერ-ს, უძრავი ქონების საინვესტიციო დაპირისპირებას, და სხვა საკითხებს. მოხსენებაში დეტალურად იყო აღწერილი ცრუჩვენების, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისა და სხვა დანაშაულების ფაქტები.
აშშ-ის ისტორიაში ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელზეც არა მარტო სისხლის სამართლის 4 საქმეა აღძრული, არამედ იმპიჩმენტის პროცედურაც 2-ჯერ დაიწყეს - 2019 და 2021 წლებში. პირველი იმპიჩმენტი წარმომადგენელთა პალატამ 2019 წლის 18 დეკემბერს გამოუცხადა უკრაინასთან ურთიერთობის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კონგრესისთვის ხელის შეშლის ბრალდებით. სენატმა კი ის 2020 წლის თებერვალში გაამართლა. მეორე იმპიჩმენტი შედგა 2021 წლის 13 იანვარს, მისი პრეზიდენტობის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2021 წლის 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ აჯანყების წაქეზების ბრალდებით. სენატმა ტრამპი პოსტის დატოვების შემდგომ გაამართლა. თუმცა ამავე საკითხზე მას ფედერალური სასამართლო რამდენიმე თვეში გაასამართლებს.
შესაძლო იმპიჩმენტები
გარდა ამისა, არის რამდენიმე გახმაურებული ფაქტი, სადაც პრეზიდენტები არ დაუდანაშაულებიათ და შესაბამისად, არც იმპიჩმენტის წინაშე დამდგარან, მაგრამ ეჭვი მათ მონაწილეობაზე დღემდე არის. მათ შორისაა 1870-იან წლებში მომხდარი ე.წ. ჭჰისკეყ ღინგ სცანდალ ("ვისკით მოვაჭრეების სკანდალი"), რომელიც პრეზიდენტ ულის გრანტის დროს მოხდა და ყველაზე მეტ საერთოს ხედავენ სწორედ გრანტისა და ტრამპის პრეზიდენტობებს შორის, რადგან ორივეს პრეზიდენტობა სკანდალებით იყო სავსე და პირდაპირ უკავშირდება მოსყიდვებს. "ვისკით მოვაჭრეების სკანდალთან" პრეზიდენტი გრანტი თავად არ იყო დაკავშირებული, მაგრამ მონაწილეობდნენ მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები და მისი პირადი მდივანი, რომელთა მეშვეობითაც ვისკით მოვაჭრეები ცდილობდნენ აქციზის ფედერალური გადასახადისგან თავის არიდებას.
თუმცა კორუფციის სიმბოლოდ მაინც პრეზიდენტ უორენ ჰარდინგის მთავრობა ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ თავად პრეზიდენტისთვის ეს ბრალდება არც ოფიციალურად წაუყენებიათ და არც ეჭვები არსებობს, რომ მონაწილეობდა. სკანდალი თეაპოტ Dომე-ს (გეოგრაფიული ადგილი) სკანდალით არის ცნობილი. საქმე ის არის, რომ 1920-იანი წლების დამდეგს აშშ-მა შექმნა საზღვაო ნავთობის მარაგი უპრობლემო სტრატეგიული მიწოდებისთვის, მათ შორის ერთ-ერთი ინახებოდა ვაიომინგში მდებარე ე.წ. თიპოტ დომ-ში. ამ დროს შინაგან საქმეთა მდივნის თანამდებობაზე იყო ალბერტ ბ. ფოლი, რომელმაც უკანონოდ გადასცა სწორედ ამ საცავის რეზერვები კერძო ნავთობკომპანიებს კონკურენტული ტენდერების გარეშე, რაც აშშ-ის კანონმდებლობის დარღვევაა. ამ იჯარის სანაცვლოდ ფოლმა აიღო დიდი ქრთამი და ასევე რეზერვების ანაზღაურება მონაწილე ნავთობკომპანიებისგან. სკანდალი მაშინ დაიწყო, როცა პრესაში გამოქვეყნებულმა საგამოძიებო სტატიების სერიამ იჯარის შესახებ კითხვები გააჩინა. შედეგად, კონგრესმა გამოძიება დაიწყო. ფოლი დამნაშავედ ცნეს ქრთამის აღებაში და პატიმრობაც მიუსაჯეს. ასევე გაასამართლეს ნავთობკომპანიის რამდენიმე ხელმძღვანელი.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ირან-კონტრას სკანდალი ანუ ირანგეითი რეიგანის პრეზიდენტობის დროს, მაგრამ თავად პრეზიდენტის მონაწილეობა ვერ დადგინდა, თუმცა ეჭვი მაინც არსებობს, რადგან კრიმინალურ საქმიანობაში მისი მთავრობის წევრები დაადანაშაულეს და ეს საქმე დღემდე აშშ-ის ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალი დონის სკანდალად რჩება.
1986 წლის ოქტომბერ-ნოემბერში რეიგანის მთავრობას ბრალი დასდეს ირანისთვის იარაღის საიდუმლოდ მიყიდვასა და აღებული ფულით მემარჯვენე-ექსტრემისტული "კონტრას" დაფინანსებაში, რომელსაც უნდა დაემხო სანდინისტური მთავრობა ნიკარაგუაში. ეს დაფინანსება ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის კონგრესის დადგენილებას და მეორე მხრივ, იყო საერთშორისო სამართლის დარღვევა, რისთვისაც ჰააგის სასამართლომ აშშ დამნაშავედ ცნო ნიკარაგუაში მილიტარისტული და პარამილიტარისტული ქმედებების გამო. აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუციით მოსთხოვა აშშ-ს, ეღიარებინა სასამართლოს განაჩენი. რეზოლუციის მიღების წინააღმდეგ გაეროში ხმა მხოლოდ აშშ-მა, ისრაელმა და ჰონდურასმა მისცეს. მას შემდეგ, რაც ნიკარაგუის მთავრობა ჩამოაგდეს, ახალმა მთავრობამ სასამართლოს განაჩენის მოთხოვნა შეწყვიტა. თუმცა აშშ-ის კონგრესში მაინც ჩატარდა გამოძიება, რის შედეგადაც რეიგანის ადმინისტრაციის რამდენიმე წევრი გაასამართლეს. იმის დადგენა კი, იყვნენ თუ არა სკანდალის მონაწილენი პრეზიდენტი რეიგანი და ვიცე-პრეზიდენტი ბუში, დღემდე ვერ მოხერხდა. რეიგანი ამ თემაზე არ საუბრობდა და გამუდმებით იმეორებდა, რომ ვერაფერს იხსენებდა.
ტრამპის ამბიციები
ფაქტია, აშშ-ის ისტორიაში არც სკანდალური პრეზიდენტობის ნაკლებობაა და არც დანაშაულებში ეჭვმიტანილების, მიუხედავად იმისა, დაუმტკიცდათ თუ არა მათ ეს. თუმცა საინტერესო ის არის, რომ მათ შორის ტრამპი ერთადერთია, რომელსაც 2-ჯერ იმპიჩმენტი გამოუცხადეს, ორივეჯერ სენატმა ჩააგდო და რომელზეც აღძრულია 4 სისხლის სამართლის საქმე, რაზეც სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა. თუმცა მას პრეზიდენტობა კვლავ სურს და აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამ მხრივ ის ნამდვილად უპრეცედენტოა, მაგრამ უფრო საინტერესო ის არის, მონაწილეობისა და გამარჯვების რა შანსი აქვს.
როგორც მოგახსენეთ, ტრამპზე სისხლის სამართლის 4 საქმეა აღძრული, საიდანაც 2 ფედერალური, 2 კი საშტატო დონისაა. აღძრული საქმეები და მიმდინარე პროცესები მას ხელს არ უშლის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, მით უმეტეს, თუ გაასამართლებენ. თუმცა დაპატიმრება შეუშლის ხელს, რადგან საარჩევნო კამპანიას პირადად ვეღარ ჩაატარებს. მაგრამ ეს მისთვის ხელის შემშლელი იქნება თუ არა, ძნელი სათქმელია, რადგან გამოკითხვების მიხედვით, ის რესპუბლიკურ პარტიაში მრავალრიცხოვან კანდიდატს შორის ლიდერობას კვლავ ინარჩუნებს. ტრამპისთვის პირველი ბრალდების წაყენების შემდეგ, გამოკითხვებში ტრამპის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა. თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შესაძლოა იურიდიულმა პრობლემებმა მას ჩამოაშოროს დამოუკიდებელი ამომრჩევლები, რომლებიც საყოველთაო არჩევნებში ბაიდენზე გასამარჯვებლად სჭირდება.
საინტერესოა ისიც, რომ შტატის ბრალდებები განსხვავდება ფედერალური ბრალდებებისგან, რადგან, თუ ფედერალური სასამართლო მას დამნაშავედ ცნობს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დონალდ ტრამპს, თეორიულად, პრეზიდენტის ბრძანებულებით შეუძლია საკუთარი თავის შეწყალება. თუმცა მას ასეთი უფლება არა აქვს შტატის დონეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე. გამოდის, თუკი არჩევნებში გაიმარჯვებს, შესაძლოა პატიმრობაში დარჩეს, მაგრამ პრეზიდენტობას არც ეს უკრძალავს - ამერიკული კანონმდებლობა არ უკრძალავს ბრალდებულ ან დაპატიმრებულ კანდიდატს პრეზიდენტის პოსტის დაკავებას. დაპატიმრებულ პრეზიდენტს კი აქვს შესაძლებლობა თავისი უფლებამოსილება დროებით ვიცე-პრეზიდენტს გადააბაროს. თავისთავად, ძალაში რჩება პრეზიდენტის იმპიჩმენტის მექანიზმიც.
თავად ტრამპი ბრალს არც ერთ დანაშაულში არ აღიარებს და მიმდინარე პროცესებს კვლავ პოლიტიკურ შურისძიებად აფასებს. ის სასამართლო ბრალდებებს "ფარსსა" და "კუდიანებზე ნადირობას" უწოდებს და კატეგორიულად აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას და გამარჯვებას აპირებს. მსოფლიოში, და მათ შორის ამერიკაში, გაძლიერებული პოპულიზმის ფონზე, რამაც 2016 წელს ტრამპის გამარჯვებაც განაპირობა, ადვილი შესაძლებელია მან მართლაც გაიმარჯვოს.
რუსა მაჩაიძე