რას ეზიდება აზერბაიჯანი ისრაელიდან საქართველოს გავლით და როგორ მარაგდება შეიარაღებით სომხეთი? - კვირის პალიტრა

რას ეზიდება აზერბაიჯანი ისრაელიდან საქართველოს გავლით და როგორ მარაგდება შეიარაღებით სომხეთი?

ყოველი დღე-ღამის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით რამდენიმე ასეული სატრანზიტო ფრენა ხორციელდება მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მეტ-ნაკლებად ცნობილი ავიაკომპანიების სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავებით, მაგრამ მათ შორისაც კი მაინც გამორჩეულია აზერბაიჯანის სატვირთო ავიაკომპანია Silk Way Airlines-ი, რომლის თვითმფრინავები თითქმის ყოველდღე სერავენ ქართულ ცას...

ამაში რა უნდა იყოს გასაკვირი, რომ არა ერთი საინტერესო პარალელი-2020 წლის 27 სექტემბრამდეც, როდესაც ყარაბაღის ბოლო ომი დაიწყო, სწორედ ამ აზერბაიჯანული ავიაკომპანიის სატვირთო „ილ-76“-ები საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ხშირ რეისებს ასრულებდნენ თურქეთისა და ისრაელის აეროპორტებსა და საჰაერო ბაზებზე, რისი შედეგიც კიდეც გამოჩნდა ყარაბაღის ამ ომში-აზერბაიჯანულმა არმიამ წარმატებული შეტევების განხორციელება და ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილის დაბრუნება სწორედ თურქული და განსაკთრებით კი ისრაელის წარმოების შეიარაღებით, მათ შორის კამიკაძე-დრონებისა და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსების ფართოდ გამოყენებით შესძლო...

საერთაშორისო საავიაციო ინტერნეტრესურსზე Flightradar24 -ზე კარგად მოჩანს ასეთი სახის გადაფრენები, რასაც სომეხმა და რუსმა ბლოგერებმა უკვე მიაქციეს ყურადღება და ისინი არ გამორიცხავენ, რომ ყარაბაღის ბოლო ომის სამი წლის თავზე ახალი დიდი ომი შეიძლება დაიწყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის...

მათ დათვალეს, რომ ბოლო ორი კვირის განამავლობაში აზერბაიჯანული ავიაკომპანიის Silk Way Airlines-ის კუთვნილმა სატვირთო Ил-76ТД-მა უკვე მეშვიდე რეისი შეასრულეს ისრაელის საჰაერო ბაზიდან უვდადან ბაქოში.

საბჭოთა/რუსული წარმოების ოთხძრავიან სატვირთო Ил-76ТД-ს 60 ტონა მაქსიმალური დატვირთვით, 4 ათასი კმ-ის დაფარვა შეუძლია.

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების საჰაერო ბაზა უვდა ისრაელის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ეილატთან მდებარეობს და იქიდან აფრენილ სატვირთო „ილ“-ს ხმელთაშუა ზღვის, თურქეთისა და საქართველოს საჰაერო სივრცეების გავლით ბაქომდე ჩასაფრენად მხოლოდ 2 300 კმ-მდე გადალახვა თუ უწევს ე.ი. ყოველი რეისით აზერბაიჯანის არმიის არსენალი თეორიულად 60 ტონა შეიარაღებით და საბრძოლო მასალით შეიძლება შეივსოს და თუკი ეს მაღალტექნოლოგიური იარაღია, „ჰაროპის“ კამიკაძე-დრონების, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი „სპაიკებისა“ და მითუმეტეს ოპერატიულ-ტაქტიკური „ლორას“ ტიპის ბალისტიკური რაკეტების სახით,მაშინ სომხეთის საქმე მართლაც ვერ ყოფილა კარგად...

ასეთივე სამი „ილ-76“ თავის დროზე სომხეთმაც შეიძინა, რომლითაც წლების განმავლობაში რუსეთიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ეზიდებოდა რუსულ საბრძოლო ტექნიკასა და საბრძოლო საჭურველს ერევანი-იუჟნისა და გიუმრის აეროდრომებზე. ეს იმიტომ კეთდებოდა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ საჰაერო სივრცე ჩაუკეტა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ სატრანსპორტო თვითმფრინავებს სომხეთში გადასაფრენად, თუმცა გიუმრის 102-ე რუსულ სამხედრო ბაზაზე მომსახურე ჯარისკაცების როტაციისთვის რუსი გენერლები რუსული ავიაკომპანიების ჩარტერულ რეისებს მაინც იყენებდნენ და დღესაც იყენებენ.

მაგრამ, დღეს ეს მარშრუტი, რუსეთიდან სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდება მოსალოდნელი დიდი ომის წინ, აღარ მოქმედებს-სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი სახალხოდ აცხადებს, რომ რუსეთი სამხედრო დახმარებას აღარ უწევს მის ქვეყანას და იძულებულია ახალი გზები ეძებოს სომხეთის არმიის მცირედით გასაძლიერებლად მაინც...

2-reisii-1694972679.png
საერთაშორისო საავიაციო ინტერნეტრესურსზე Flightradar24 -ზე კარგად მოჩანს ისრაელის საჰაერო ბაზიდან უვდადან ბაქოსკენ შესრულებული რეისი, რომელიც ქართულ ცაშიც გადის...

სომხეთის მთავრობას და სამხედროების ნაწილს აღარ აქვთ "დაუმარცხებელი" რუსული იარაღის დიდი იმედი (მით უმეტეს - უკრაინის ომის გათვალისწინებით) და ამიტომაც ცდილობენ, თავისი არმია ნელ-ნელა შეიარაღების დასავლურ სტანდარტებზე გადაიყვანონ, რომელიც ბევრად უფრო მეტ საბრძოლო ეფექტიანობას გამოავლენს აზერბაიჯანის არმიასთან მოსალოდნელ ახალ ომში.

მთავარი კი ყარაბაღის ბოლო ომში, ისევე, როგორც დღეს უკრაინაში, მაინც "ომის ღმერთი" - არტილერიაა, რომელიც ყველაზე მეტ დანაკლისს აყენებს მოწინააღმდეგეს ბრძოლის ველზე.

ამიტომაც სომხეთმა განიზრახა, პირველ რიგში, სასწრაფოდ ნატოს სტანდარტის 155 მმ კალიბრის საარტილერიო დანადგარებისა და საარტილერიო ჭურვების შეძენა, რომლებიც იმავე კლასის საბჭოთა/რუსული 152 მმ კალიბრის ჭურვებისგან სროლის უფრო მეტი მანძილითა და სიზუსტით გამოირჩევიან.

და ერევანმა ამ მხრივ პარტნიორად... ინდოეთი იპოვა, რომლისგანაც 155 მმ-კალიბრიანი MArG 155/39 ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარების შეძენას აპირებს.

ეს დანადგარი მაღალი გამავლობის საავტომობილო ძარაზეა დამონტაჟებული და, ძირითადად, გათვალისწინებულია მთებში საბრძოლველად, რაც ესადაგება სომხეთ-აზერბაიჯანის მომავალი შესაძლო ომის მოთხოვნებს.

საგულისხმოა, რომ ეს თვითმავალი საარტილერიო დანადგარი ინდოელმა კონსტრუქტორებმა სულ რაღაც რვა თვეში სწორედ სომეხი გენერლების დაკვეთით შექმნეს და გამოსცადეს.

გარდა ამისა, სომხეთის არმიამ ინდოეთს, სავარაუდოდ, ასევე დაუკვეთა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები Pinaka და მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები MRSAM.

ორი კვირის წინ გავრცელდა ვიდეოკადრები, გადაღებული აზერბაიჯანის სადაზვერვო დრონის მიერ, თუ როგორ შეაქვთ ირანის ტერიტორიიდან ტრეილერებს ბრეზენტგადაფარებული ინდური თვითმავალი საარტილერიო დანადგარები სომხეთის საზღვარზე... ამჯერად მაინც, ჩვენი საქართველოს გვედის ავლით...