"იოსებ სტალინის ტყვიაგაუმტარი ლიმუზინი კიმ ჩენ ინის საჩუქრების მუზეუმში ინახება. ახლა კორეაში 111 წელია - კალენდარული ისტორია კიმ ირ სენის დაბადების თარიღით იწყება" - კვირის პალიტრა

"იოსებ სტალინის ტყვიაგაუმტარი ლიმუზინი კიმ ჩენ ინის საჩუქრების მუზეუმში ინახება. ახლა კორეაში 111 წელია - კალენდარული ისტორია კიმ ირ სენის დაბადების თარიღით იწყება"

XX საუკუნის მიწურულს და XXI საუკუნის დამდეგს ტურიზმი გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი უმთავრესი სოციალურ-ეკონომიკური სექტორი. მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (UNWTO) ანგარიშით, 2023 წელს საერთაშორისო ვიზიტების მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 80-95%-ით გაიზარდა. თუმცა ეს არ ეხება ჩრდილოეთ კორეას, რომელიც დღეს მსოფლიოში ყველაზე იზოლირებული და ჩაკეტილი სახელმწიფოა, ამ ქვეყანაში მოგზაურობა სახიფათოა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქისთვის.

ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა არის ქვეყანა აღმოსავლეთ აზიაში,­ რომელსაც კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი უკავია. კორეა 1945 წელს ორად გაიყო, მანამდე ის იაპონიის კოლონია იყო.­ ჩამოყალიბდა ორი ცალკეული სახელმწიფო განსხვავებული კულტურითა და ცხოვრების წესით: ჩრდილოეთი და სამხრეთი კორეა. ჩრდილოეთი კორეა მისი არაოფიციალური სახელწოდებაა. ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ფხენიანი. პოლიტიკური ძალაუფლება შრომითმა პარტიამ ჩაიგდო ხელში, რასაც მოჰყვა ეკონომიკური უკუსვლა, რადგან მთელი რესურსი სამხედრო ძალაუფლების გაძლიერებასა და ატომური პროგრამის განვითარებას ხმარდება. ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებულ ძალებში 3 მილიონი ჯარისკაცი მსახურობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ია.

ახლა კორეაში 111 წელია. მათი კალენდარული ისტორია ლეგენდარული ლიდერის, კიმ ირ სენის დაბადების თარიღით, 1912 წლის 15 აპრილით იწყება.

დღეს ქვეყნის მმართველი კიმ ირ სენის შვილიშვილი კიმ ჩენ ინია (კიმ ირ სენი ქვეყანას მართავდა 1948-1994 წლებში. მისი პოზიცია დაიკავა შვილმა, კიმ ჩენ ირმა, შემდეგ კი შვილიშვილმა, კიმ ჩენ ინმა).

მმართველობის დასაწყისში კიმ ჩენ ინმა რეპრესიები მოუწყო პოლიტიკურ ოპონენტებს. ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა ძალაუფლების მოყვარულ ტირანს, მათ შორის, გავლენიანი ბიძა ("იდეოლოგიურად გახრწნილმა" კიმ ჩენ ინის ბიძამ, 67 წლის ჩან სონ ტხეკმა, აღიარა, რომ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით დაჯგუფებაც ჩამოაყალიბა. მას ასევე წაყენებული ჰქონდა კორუფციის, ამორალური საქციელის, კონტრრევოლუციური ქმედებებისა და ნარკოტიკების მოხმარების ბრალდება).

დიქტატორი მიზნად ისახავდა ისეთი ბირთვული იარაღის დამზადებას, რომელიც ამერიკის კონტინენტამდე შეძლებდა­ მიღწევას. ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთ კორეამ შორი მოქმედების ბალისტიკური რაკეტები გამოცადა...­

ჩრდილოეთ კორეის ლიდერს უყვარს ძვირად ღირებული ნივთები. მისი საათების კოლექცია 8,2 მილიონ დოლარად არის შეფასებული. მის მფლობელობაშია 100-მდე მანქანა, იახტა, პირადი თვითმფრინავი,­ შეჯავშნული მატარებელი, აქვს საკუთარი კუნძულიც. ბელადის საკუთრებაა საჩუქრების მუზეუმიც, სადაც სხვა ნივთებთან ერთად ინახება საბჭოთა­ დიქტატორის, იოსებ სტალინის ტყვიაგაუმტარი ლიმუზინი და ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის ხმალი... კინ ჩენ ინი მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტით იკვებება - დანიური ღორის ხორცით, ირანული ხიზილალით, მიირთმევს იაპონური დელიკატესებს. მაგალითად, 2016 წელს, მხოლოდ მისი საყვარელი ბრაზილიური ყავის შეძენა ბიუჯეტს 921.712 აშშ დოლარი დაუჯდა.­ ის ყოველწლიურად ათასობით დოლარს ხარჯავს ალკოჰოლური სასმელების იმპორტზე.

ფხენიანში მდებარე რუნგრადოს სტადიონი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია და 150 000 მაყურებელს იტევს. თუმცა­ სტადიონს ქვეყნის ბელადები ძირითადად პროპაგანდისა და ხალხზე ზემოქმედებისთვის იყენებენ...

იმ დროს, როდესაც ქვეყნის ელიტა ფუფუნებაში ცხოვრობს, მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბესა და შიმშილს ებრძვის... პროდუქტები უპირველესად სამხედროებისთვის არის განკუთვნილი.

ჩრდილოკორეელებს პასპორტები არა აქვთ - მხოლოდ დაბადების მოწმობა. ამ ქვეყანაში სამართლის პოვნა მარტივი არ არის, დიქტატორი მმართველი ცდილობს მაქსიმალურად დაფაროს ქვეყანაში არსებული მძიმე რეალობა. შესაბამისად, მთავრობა კორეელ ხალხს მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ მოსახლეობად წარმოაჩენს. სინამდვილეში, მკაცრად აკონტროლებენ თითოეული მოქალაქის ცხოვრებას. ადამიანები გამუდმებით შიშსა და წნეხში არიან.

ჯუჩეს მოძღვრება არის "ათეისტური­ რელიგია" და მარქსიზმის ჩრდილოკორეული ვერსია. ნაციონალურ-კომუნისტური­ იდეოლოგია კიმ ირ სენმა შექმნა და მარქსიზმი ოფიციალურად ჩაანაცვლა ჯუჩეს კონცეფციით. ამ მოძღვრების თანახმად, დიდი ყურადღება ექცევა "სამხედრო პირველობას" - ყველა სოციალური სექტორი იძულებულია დაიცვას "სამხედრო სული".

ჩრდილოეთ კორეაში ტურისტები­ უმეტესად ჩინეთიდან, იაპონიიდან, რუსეთ­იდან ჩადიან, სამხრეთ კორეის მოქალა­ქეებისთვის­ კი ვიზის მიღება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. დღეს ჩრდილოეთ კორეაში შესვლის წესები მეტად გამკაცრებულია­. მართალია, თეორიულად ნებადართულია ნებისმიერი პირის შესვლა, თუმცა მაგალითად, ჟურნალისტები ამ სიაში ვერასოდეს ხვდებიან. ჩრდილოეთ კორეაში­ შესასვლელად ტურისტებმა უნდა მიმართონ სპეციალურ სააგენტოს, რომელიც ათდღიანი მოგზაურობის უფლებას იძლევა.­ ისინი თითქმის ცარიელი თვითმფრინავით მგზავრობენ, რადგან ამ ქვეყანაში რეისები იშვიათია...­ ბორტგამცილებლები აკონტროლებენ, რომ დაშვებისას ფოტო არავინ გადაიღოს. ქვეყანაში­ შესვლამდე, აერ­ოპორტში ტურისტები იძულებული არიან პასპორტები ჩააბარონ. შემდეგ მათ მუდმივად დაჰყვება ადგილობრივი გიდი, რომელსაც ტურისტების ყოველი ნაბიჯის გაკონტროლება ევალება. გიდები მკაცრად მიჰყვებიან წინასწარ გაწერილ გეგმას - რა უნდა ნახოს ტურისტმა­! ტურისტებს ეკრძალებათ ფოტოების გადაღება­, ჩD-დისკების, ჩიპების ტარება. გიდები ტურისტებს აჩვენებენ მხოლოდ იდეალურად დაგებულ გზებს, სკოლებს, სადაც ბედნიერი და გამოკვებილი ბავშვები სწავლობენ (რეალურად მშობლებს­ უწევთ თავად შეიძინონ მათთვის მერხები და სკამები), პროდუქტით სავსე მაღაზიებსა და იმ მმართველთა­ (მამის, ვაჟისა და ახლა უკვე შვილიშვილის) ძეგლებს, რომლებიც 1948 წლიდან ჩრდილოეთ კორეის ცხოვრებას წარმართავენ. ამ ქვეყანაში 1950-იანი წლების­ საბჭოთა კავშირია - იქ დრო წარსულში გაჩერდა.

ქვეყანა გასართობი დაწესებულებების მრავალფეროვნებით ვერ დაიკვეხნის. ხელოვნებასა და კულტურას მთლიანად მთავრობა აკონტროლებს.­ იმისთვის, რომ მოსახლეობა მსოფლიოს რადიოსადგურების­ "ტყუილებისგან" დაიცვან, დახშულია მაუწყებლობა, რადიომოწყობილობა ჯერ კიდევ სადენიანია.

იხილეთ სტატია სრულად - ყველაზე „ბედნიერები“ მსოფლიოში