რას ჰყვება პრეზიდენტის ძმა სალომე ზურაბიშვილთან წარსულ უთანხმოებაზე, იმპიჩმენტის სკანდალზე და სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე - კვირის პალიტრა

რას ჰყვება პრეზიდენტის ძმა სალომე ზურაბიშვილთან წარსულ უთანხმოებაზე, იმპიჩმენტის სკანდალზე და სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე

"საქართველო ორ ფრენას შორის", - ასე უწოდებს საქართველოში დღეს არსებულ ვითარებას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძმა ოთარ ზურაბიშვილი და დასძენს: "პრემიერის ოჯახური მოგზაურობა აშშ-ში დიდ უხერხულობას იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის თავად უკრძალავს პრეზიდენტს საზღვარგარეთ მოგზაურობას". მისი თქმით, ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობასთან "კონტრშეტევაზეა" გადასული, ამ დროს კი მეხუთე პრეზიდენტი საქართველოს ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვან ვიზიტებზე პირადი სახსრებით დადის. უფრო ვრცლად პრეზიდენტი დის პოლიტიკურ მიზნებსა და ამოცანებზე ოთარ ზურაბიშვილი გვესაუბრება:

- ამერიკაში პრემიერ ღარიბაშვილის ოჯახურმა მოგზაურობამ საზოგადოების მღელვარება ნამდვილად გამოიწვია. მრჩება განცდა, რომ საქართველოს მთავრობამ თავისი რუპორების მობილიზება მოახდინა და პრემიერის დასაცავად შეტევაზე გადასვლა სცადა. აბა, სხვა რა შეიძლება ყოფილიყო თუ არა ხელისუფლების­ "კონტრშეტევა", როცა მოსახლეობის ყურადღების გადასატანად სააკაშვილს პრემიერისთვის ხელსაყრელ დროს ახალი ბრალი წაუყენეს, რომელიც ზუსტად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ მგზავრობას ეხება.­ ერთ მხარესაა თვითმფრინავით პრემიერისა და მისი ოჯახის მოგზაურობა, პირადი ინტერესებისთვის სახელმწიფო ხარჯების გამოყენება, მეორე მხარეს კი პრეზიდენტის ვიზიტები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებით იყო ნაკარნახევი და პირადი სახსრებითაა დაფინანსებული. ნათელია, ვინ ზრუნავს საკუთარ ინტერესებზე და ვინ იცავს საქართველოს.

- როგორ ფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია?

- საქართველოს ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სვლა კონსტიტუციაშია­ ჩაწერილი. შესაბამისად, პრეზიდენტმა კონსტ­იტუცია კი არ დაარღვია, დაიცვა. რა არის მისი იმპიჩმენტის მიზეზი?! - პრეზიდენტის ევროპისკენ მისწრაფება. დღეს ქართველი ხალხის დიდი ნაწილი ელოდება კანდიდატის სტატუსის მიღებას. გაუგებარია, მაშინ, როდესაც საქართველო ბეწვის ხიდზე გადის, როგორ შეიძლება ხელისუფლება ასეთ სარისკო ნაბიჯებს დგამდეს?!

- ვიდრე პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს შეხვდებოდა, თქვენ თუ გესაუბრათ?

- არ მინდა ჩვენი კერძო საუბრების გასაჯაროება...

- მაშინ ის გვითხარით, რას ელოდა პრემიერის უარის უგულებელყოფის შედეგად "ქართული ოცნებისგან"?

- სალომე ძალზე პრინციპულია, მისთვის ყველაფ­ერზე მაღლა საქა­რთველოს მო­მავალი დგას. ის კომპრომისზე არ წავა იმის გამო, რომ "ოცნების"­ ლი­დე­რებისგან ღიმილი მიიღოს.

- რას აპირებს იმპიჩმენტის შემთხვევაში?

- ჯერჯერობით საკითხი ასე არ დგას, სალომესაც ჯერ კიდევ გადასადგმელი აქვს მთავარი ნაბიჯები. თუ ხელისუფლებამ მართლა დაიწყო პრეზიდენტის იმპიჩმენტი, სალომე იტყვის, რას აპირებს.

- მხარს უჭერთ მის გადაწყვეტილებებს?

- დიახ, თუმცა, იყო დრო, როდესაც ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებოდით...

- როგორ ფიქრობთ, უნდა შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი მეხუთე პრეზიდენტმა?

- ამის თაობაზე პრეზიდენტმა გააკეთა­ განცხადება... ჩემი და სალომეს უთანხმოების მიზეზები უფრო შორეულ წარსულშია და ის უკავშირდება ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას. დიახ, გვქონდა განსხვავებული პოლიტიკური­ აზრები და ზოგიერთ საკ­ითხზე ახლაც გვაქვს, მაგრამ ჩვენ გავიზარდეთ იმ ოჯახში, სადაც პრიორიტეტი იყო საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ერთი რამ ორივესთვის ცხადია: საქართველოს ისტორიული მტერი იყო და არის რუსეთი. მე ზუსტად ვიცი, რომ სალომე რუსეთის სასარგებლოდ ერთ ნაბიჯსაც არ გადადგამს.

- ზოგიერთი ვერსიით, ის ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ თამაშობს...

- მე ვიცნობ ჩემს დას, ის ასეთი წესებით არ თამაშობს, საკუთარი იდეალებისა და პრინციპების ერთგულია.

- ქართველ საზოგადოებაში ხშირად­ განიხილებოდა თქვენი ბიძაშვილის ელენ კარერ­ დანკოსის, იმავე ელენ ზურაბიშვილის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ...

- არ მინდა ახლა მასზე აზრის გამოთქმა, მით უფრო, დიდი ხანი არ არის, რაც გარდაიცვალა. ელენს ჰყავდა რუსი დედა, მშობლების განქორწინების შემდეგ მასთან იზრდებოდა და როგორც კულტურული, ასევე ენობრივი თვალსაზრისით მის გავლენაში იყო... მე და საფრანგეთის ქართული სათვისტომო სრულად ვიზიარებთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიციას და მივიჩნევთ, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, შევიდეს ნატოში და შორს დადგეს რუსეთისგან.

სრულად სტატია იხ. "კვირის პალიტრის" 18 სექტემბრის ნომერში