რეალურია თუ არა საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსება?! - კვირის პალიტრა

რეალურია თუ არა საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსება?!

ოღონდ არსებული ხელისუფლება როგორმე დაამხონ და საქართველოდან თუნდაც ქვა-ქვაზე აღარ დარჩებოდეს? - რა მიზანს ისახავდა რადიკალური ოპოზიციის მიერ სპეციალურად შემოგდებული დეზინფორმაცია, საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნის ვითომ შემოთავაზებასთან დაკავშირებით?

რადიკალურმა ოპოზიციამ მის მიერ კონტროლირებადი „კრიტიკული ტელევიზიის“ საშუალებით გასულ კვირას გაავრცელა სენსაციური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს 2021 წელს აშშ-ის თავდაცვის მდივნისგან საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო შემოთავაზება, ჩვენთან ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე,მაგრამ ოფიციალურმა თბილისმა ამაზე თავი შეიკავა, რუსეთის არგაღიზიანების მიზეზით...

ღალატის ტოლფასი უარი ისტორიულ შანსზე - ასეთი მკაცრი შეფასება მისცეს ოპოზიციონერმა ლიდერებმა ამ ინფორმაციას, თუმცა მალევე საჩოთირო სიტუაციაშია აღმოჩნდნენ, რადგან ჯერ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად უარყო ასეთი შემოთავაზების არსებობა(რაც ამ ოპოზიციონერი ლიდერებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი გახლდათ), მაგრამ მას შემდეგ, რაც თავად აშშ-ის საელჩომ საქართველოში ასევე დაადასტურა ასეთი შეთავაზების არ არსებობა, ვეღარ მოხერხდა ახალი საპროტესტო ტალღის აგორება...

აშშ-ის თავდაცვის მაშინდელი მდივანი ლოიდ ოსტინი 2021 წლის 18 ოქტომბერს მართლაც ეწვია თბილისს და ქართულ მხარესთან გააფორმა ახალი ორმხრივი მემორანდუმი - საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა,რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებაზე იქნება ფოკუსირებული და არსებული ბრიგადების საერთო საჯარისო ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობების განვითარებას გულისხმობს, რომელიც ტერიტორიული თავდაცვისთვის არის აუცილებელი.

ოსტინის ქართულ მხარესთან 2021 წლის ოქტომბერში განხორციელებული სხვა დახურული მოლაპარაკებები აუცილებლად შეეხებოდა რუსეთის მოსალოდნელ თავდასხმას უკრაინაზე, რის შესახებაც უტყუარი ინფორმაციები უკვე ჰქონდათ მოპოვებული აშშ-ის სხვადასხვა სადაზვერვო სტრუქტურებს, მათ შორის უშუალოდ კრემლის კაბინეტებიდან,პრეზიდენტ პუტინის უშუალო გარემოცვიდან და თეთრი სახლი საბოლოოდ დარწმუნებული გახლდათ, რომ ეს ომი გარდაუვალი იყო, თუმცა წინასწარ არავინ იცოდა, შეძლებდა თუ არა უკრაინა გაძლებას...

ახლა რაც შეეხება აშშ-ის სამხედრო ბაზისა ან ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე გახსნა - არ გახსნას...

2-amxedro-baza-1695029608.png
იმავე "პეტრიოტების" საზენიტო ბატარეებით ქართული ცის საიმედოდ ჩაკეტვა, ამერიკული სამხედრო ბაზების საქართველოში განთავსების საუკეთესო მიზეზი გახდება...

ნატოს „ღია კარები“ საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გასაწევრებლად, თურმე თავიდანვე მთლად სიმართლე არ ყოფილა, რადგან 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ამის სახალხოდ შეპირების მიუხედავად, მაშინვე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ყოფილან გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის პოლიტიკური ლიდერები...

სამაგიეროდ, ნატოს ამ დაპირებამ საქართველოს რამდენიმე თვეში „დათვური სამსახური“ გაუწია, რუსეთის ჩვენს ქვეყანაში შემოჭრის სახით და პრინციპში იგივე განმეორდა უკრაინის მიმართაც, ჯერ 2014 და შემდეგ 2022 წლებში...

საქართველოსა და უკრაინისთვის, დღემდე ცრუ დაპირება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩვენი ქვეყნების გაწევრიანების თაობაზე, ამ ორი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.

საინტერესოა, რა მიზნებს ისახავდენ საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსების შემოთავაზებაზე დეზინფორმაციის აგორების ინიციატორები - დავიჯეროთ, რომ სურდათ რუსული სამხედრო აგრესიის განახლება, ამჯერად ამერიკული სამხედრო ბაზის ჩვენთან ვითომდა განთავსების მომიზეზებით? პოლიტიკური მოტივებით, არსებული ხელისუფლების ნებისმიერი გზით ჩამოგდების სანაცვლოდ, ოპოზიციური ძალები ნუთუ ყველაფერზე არიან წამსვლელები, თუნდაც საქართველოში ქვა-ქვაზე აღარ დარჩეს?

ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელსაც უხანგრძლივდება ქვეყნის ხელისუფლებაში ყოფნა, თანდათანობით აგროვებს სერიოზულ შეცდომებს და ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილში ნეგატიურ შთაბეჭდილებას აყალიბებს, მაგრამ ამის შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს, ყველა სხვა გზა გამორიცხულია, მითუმეტეს არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რა მწარედ მოგვყვება დღემდე თუნდაც 1991 წლის თბილისის ომი თუ 2003 წლის ნოემბერში პარლამენტში „ვარდებით შეჭრა“...

რაც შეეხება ამერიკული სამხედრო ბაზების საქართველოში განთავსების თემას...

დიახაც, საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ების უშუალო სამხედრო ყოფნა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიძლება მართლაც გახდეს უსაფრთხოების მთავარი გარანტი!

ნატოში გაწევრიანება შეუძლებელია, თუკი მისი 31-ვე წევრი ქვეყანა ამის დასტურს არ მოგვცემს, რასაც ვერც განვლილ 15 წელში მივაღწიეთ ბუქარესტის სამიტზე ცრუ შეპირების შემდეგ და დიდი ალბათობით, ვერც უახლოეს მომავალში შევძლებთ,თუმცა... ყველაფერი დამოკიდებულია,თუ როგორ დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი.

ამის ფონზე,ამერიკული სამხედრო მინი-ბაზების განთავსება, თავის ძლიერი საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის საშუალებებით, ასევე სანაპირო დაცვის ხომალდსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებით, მნიშვნელოვნად გაზრდიდა საქართველოს უსაფრთხოების დონეს, თანაც ეს მხოლოდ თავდაცვითი დანიშნულების საბრძოლო სისტემებია და ისინი ვერავის დაემუქრება, რადგან განკუთვნილია მხოლოდ შენს ცაში შემოჭრილი აგრესორი ქვეყნის ავიაციისა და რაკეტების, ასევე ტანკებისა და ნაპირთან მოახლოებული ხომალდების მოსაგერიებლად.

თუმცა აშშ-ს რომელიმე პრეზიდენტის ადმინისტრაციას ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში რომ ძალიან მოენდომებინა საქართველოში თავისი სამხედრო ყოფნის დონის მნიშვნელოვნად გაძლიერება, ამას აქამდეც გააკეთებდა, მით უმეტეს, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, თუნდაც აგვისტოს ომის შემდეგაც, მაგრამ ასეთი სურვილი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში არ დაბადებულა, უფრო უარესიც მოხდა - აშშ-ის პრეზიდენტმა ობამამ პუტინთან 2011 წლიდან ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყო, რითაც ერთგვარი ბიძგი მისცა პუტინის რეჟიმს, საქართველოს ნაწილობრივი ოკუპაციის წარმატებული გამოცდილება, 2014 წლიდან უკვე უკრაინის ყირიმსა და დონბასში გაეგრძელებინა...

აშშ-ის სამხედრო ბაზის საქართველოში გახსნა - არგახსნის თემასთან დაკავშირებით, გვინდა ერთი საინტერესო პარალელი გავავლოთ...

ჩვენს მეზობელ სომხეთში საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან ოფიციალურად ფუნქციონირებს გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზა, თავისი საავიაციო კომპონენტით. ასევე, სომხეთის საზღვრებზე განთავსებულია რუსეთის „ეფ-ეს-ბე“-ში სტრუქტურულად შემავალი სასაზღვრო სამსახურის რუსი მესაზღვრეების რაზმები.

სომხეთი სამი ათეული წლის განმავლობაში თავს არხეინად გრძნობდა, რადგან ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, მოსკოვი ვალდებულებას იღებდა, სამხედრო ძალით(მათ შორის გიუმრის სამხედრო ბაზის საბრძოლო შესაძლებლობებით) დახმარებოდა ერევანს, თუკი რომელიმე მეზობელი ქვეყნის არმია სომხეთის ტერიტორიას გადალახავდა.

2020 წლის შემოდგომაზე სომხების იმედები ხუხულასავით ჩამოიშალა, როდესაც ყარაბაღის ბოლო ომში, აზერბაიჯანის არმიამ შეძლო ყარაბაღის ნაწილის განთავისუფლება და უკან ასევე დაიბრუნა თავისი შვიდი რაიონი, რომლებიც სომხურ ძალებს 1994 წლიდან ჰქონდათ ოკუპირებული, იმავე რუსეთის დიდი დახმარების შედეგად.

თუმცა 2020 წლის ყარაბაღის ომში პუტინის რუსეთი განზე გადგა და მხოლოდ ნეიტრალური პოზიცია აირჩია, რაც სომხებისთვის უდიდეს იმედის გაცრუებად იქცა, თუმცა ვერაფერს იზამდნენ, რადგან რუსეთთან დადებული კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ყარაბაღისთვის და მით უმეტეს მანამდე ოკუპირებული შვიდი აზერბაიჯანული რაიონისთვის ბრძოლებში რუსეთის არმიის დახმარებას, თუნდაც იმიტომ თვითგამოცხადებული ყარაბაღი სომხეთის რესპუბლიკას არ მიუერთებია და არც უღიარებია...

მას შემდეგ სამი წელი გავიდა და დღეს ტერიტორიების ოკუპაციის საშიშროება უკვე თავად სომხეთს ემუქრება იმ აზერბაიჯანიდან, რომლის რაიონებსაც სომხები ათწლეულები აკონტროლებდნენ.

სომხეთ-აზერბაიჯანის დიდი ომის დაწყების შემთხვევაში, რისი დიდი ალბათობაც არსებობს, აზერბაიჯანის არმია უსათუოდ მოიპოვებს სამხედრო წარმატებას, როგორც ყარაბაღის დარჩენილ,გაუკონტროლებელ ნაწილში, ისე თავად სომხეთის ტერიტორიაზეც, მაგრამ ჩაერევა კი ამჯერად მაინც რუსეთის გიუმრის სამხედრო ბაზა უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრილი აზერბაიჯანის არმიის მოსაგერიებლად?

პირადად, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ამის არ სჯერა და სახალხოდ აღიარებს, რომ სომხეთმა ისტორიული, სტრატეგიული დონის შეცდომა დაუშვა, როდესაც თავისი უსაფრთხოების მექანიზმი მთლიანად მოსკოვის სამხედრო დახმარების იმედზე ააგო და ამიტომაც გამალებული ტემპებით ცდილობს უსაფრთხოების გარანტიები იმავე საფრანგეთიდან და აშშ-დან (სადაც ყველაზე ძლიერია სომხური ლობი) მიიღოს, რაც თავის მხრივ, კრემლის ბინადართა განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს და არ არის გამორიცხული, მოსკოვმა ფარულად იქით „უბიძგოს“ კიდეც ბაქოს საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად, რათა სომხეთის არმიის საბრძოლო მარცხის ფონზე, სომხეთის მოსახლეობამ თავად მოითხოვოს ფაშინიანის ხელისუფლების ჩამოგდება...

საქართველოს არ ჰყავს ისეთი ძლიერი მეგობარი ქვეყანა, რომელიც მისთვის „თავს დადებდა“, ისეთი, როგორიც აზერბაიჯანისთვის თურქეთია, ხოლო მოლდოვისთვის შეიძლება რუმინეთი გახდეს.

რუსეთიდან საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული საფრთხეები არსად გამქრალა და ვერც გაქრება, თუნდაც რუსეთის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემთხვევაშიც(რაც შეიძლება დღეს ფანტასტიკურად მოჩანდეს, მაგრამ უკრაინასთან ომში რუსული ფრონტის ხუხულასავით ჩამოშლის შემთხვევაში, არც არაფერი იქნება გამორიცხული), რადგან ჩრდილო კავკასიაშიც სწრაფად გამოიძებნებიან კარგად შეიარაღებული და საბრძოლო გამოცდილების მქონე ეთნიკური დაჯგუფებები, რომლებსაც თანამედროვე „ლეკიანობის“ მოწყობის სურვილი აღეძვრებათ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

მოკლედ, მეგობარი და გავლენიანი სახელმწიფოს გვერდში დგომა ამ „შეშლილ“ მსოფლიოში ნამდვილად არ გვაწყენდა და ამ როლს აშშ თავისი სამხედრო ბაზებით,კარგად "ერგება". ოღონდ ერთი „პატარა“ პრობლემაა - თავად თეთრი სახლი არ ჩქარობს საქართველოს თავზე თავისი „უსაფრთხოების ქოლგა“ გაშალოს და ამით თავადაც მნიშვნელოვნად გაძლიერდეს, როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე შავი ზღვის აკვატორიის აღმოსავლეთ ნაწილში...