"ეჭვი მაქვს, ეხლა რაღაც ჩანაწერებს დადებენ" - რას ამბობს ალეკო ელისაშვილი სუს-ის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, ხელისუფლების დამხობა იგეგმება
"ოცნებამ" უთხრა ალბათ, სუს-ს - მოგვეჭრა ფარცხალაძეზე თავი. დავიწვით, რუსებთან რომ ვართ ჩახუტებულები და ქენით რამეო", - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალური ქსელში წერს.
" სუს-მაც ამოღერღა სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ "ნაცები" და უკრაინელებიო. ეჭვი მაქვს, ეხლა რაღაც ჩანაწერებს დადებენ, მაგრამ ნებისმიერ შეთხვევაში სუს-ი ძალიან სევდიანი და ღიმილისმომგვრელი სტრუქტურა გახდა. "ოცნება" უნდა წავიდეს! "ნაცები" არ უნდა მოვიდნენ!" - წერს ელისაშვილი.
ცნობისთვის, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.
სუს-ის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.