"თვითონ აპირებენ პროვოკაციების მოწყობას" - სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის კომენტარი სუს-ის სკანდალურ განცხადებაზე - კვირის პალიტრა

"თვითონ აპირებენ პროვოკაციების მოწყობას" - სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის კომენტარი სუს-ის სკანდალურ განცხადებაზე

მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც ბატურინმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურად განაცხადა, სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „სრული ბოდვაა“.

„ეს არის სრული ბოდვა. ალბათ, ესენი თვითონ აპირებენ პროვოკაციების მოწყობას და ბრალს დებენ მოსახლეობას. ამ მთავრობის ქცევიდან გამომდინარე ჩანს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავთ, ანტიდასავლური რიტორიკა და ანტიდასავლური ქმედებებია. როცა მთელი თავისუფალი სამყარო გამიჯნულია რუსეთისგან, რუსული აგრესიისგან, სამწუხაროდ, საქართველოში რუსეთის ადმინისტრაცია ყველანაირად ცდილობს საქართველოში რუსული პოლიტიკა გაატაროს“, - განაცხადა ბატურინმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას კავშირი გიორგი ლორთქიფანიძესთან და მამუკა მამულაშვილთან, ან იცნობს თუ არა საერთოდ მათ, ბატურინი ასე პასუხობს:

„გიორგი მამულაშვილთან ნაცნობობა არ მაკავშირებს, ერთხელ ვარ შეხვედრილი, ისიც შემთხვევით, ესეც ალბათ, ერთი წლის წინ ან შეიძლება, მეტიც. გია ლორთქიფანიძეს კი ბატონო, ვიცნობ, მაგრამ არანაირი ახლო ურთიერთობა არ მაქვს, ის წარმატებული ქართველია, მაგრამ ახლო ურთიერთობა არ მაქვს, უბრალოდ ერთმანეთს ვიცნობთ“, - აცხადებს ბატურინი.

მისივე განმარტებით, სუს-ის განცხადება არ გაკვირვებია.

„ეს არის საბჭოთა კავშირის „ენკავედეს“ სტილი, როცა ე.წ. ტროიკების სასამართლოები, რასაც უნდა, ვისაც უნდა აბრალებენ. მე არ მიკვირს საქართველოში რუსეთის ადმინისტრაციისგან ასეთი ქცევები. რა სისულელეა, რა გადატრიალება, რა აფეთქება, ეს არის უბრალოდ ბოდვა, ვის ავადმყოფურ თავში დაიბადა, არ ვიცი“, - განაცხადა ბატურინმა.

"ინტერპრესნიუსი"