"საფრთხე საკმაოდ სერიოზულია, რეგიონი უნდა აფეთქდეს!" - მამუკა არეშიძე სუს-ის სკანდალურ განცხადებაზე - კვირის პალიტრა

"საფრთხე საკმაოდ სერიოზულია, რეგიონი უნდა აფეთქდეს!" - მამუკა არეშიძე სუს-ის სკანდალურ განცხადებაზე

გუშინ სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

უწყების ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილია. ამ საკითზე ექსპერტ მამუკა არეშიძეს ვესაუბრებით.

- სუს-ის განცხადებაში კონკრეტული გვარებია დასახელებული, იგრძნობა, რომ გარკვეული რაღაცეები ნათქვამი არ არის, თუმცა სარწმუნოდ გამოიყურება ეს ყველაფერი. მივიჩნევ, რომ მდგომარეობა არის ძალიან რთული. ამ შეფასებას ვაკეთებ იქიდან გამომდინარე, რასაც მე ვაკვირდები თვეების განმავლობაში. პირებისგან, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან, სოციალურ ქსელში აქამდეც არაერთხელ გაჟღერებულა მუქარები. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა მეომარი, რომელიც უკრაინაშია, ერთ აზრზეა. ვიცი, რომ მათ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები აქვთ. ზოგი გულწრფელად იბრძვის, ზოგი კი დაკავებულია პოლიტიკით....

ადრეც ვამბობდი, რომ ნებისმიერ ემიგრანტულ ორგანიზაციასთან წლების განმავლობაში მუშაობა იყო საჭირო იმისთვის, რომ მათთვის გასაგები ყოფილიყო, რას ფიქრობს დღევანდელი საქართველოს მოსახლეობა და რა პოზიციიდან უდგება სახელმწიფო ამა თუ იმ პოლიტიკურ პრობლემას. სამწუხაროდ, დღევანდელი საზოგადოებისა თუ ხელისუფლების არსენალში არ არის ის მიმართულებები, რომელსაც ჩვენი მეტოქე და მოწინააღმდეგე ყოველთვის იყენებს ჩვენს წინააღმდეგ. ანუ მუშაობა არ მიმდინარეობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თუნდაც რბილი ძალის გამოყენებით იგივე ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

- რა მთავარი საფრთხე ემუქრება დღევანდელ საქართველოს?

- რეგიონს ემუქრება საფეთქების საფრთხე. მე არ ვგულისხმობ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მხედველობაში მაქვს სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება. როგორც ჩანს, ამას აფეთქება მოჰყვება, რადგან მხარეებს შორის ძალიან დიდი დაპირისპირებაა. ამ შემთხვევაში უშუალოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს კი არა, მათ უკან მდგომ ძალებს ვგულისხმობ - იქნება ეს დასავლეთი, რუსეთი, თუ თურქეთი. მხარეები კი აკეთებენ სამშვიდობო განცხადებებს, მაგრამ ერთია პოლიტიკური განცხადება, მეორე კი კულუარული ქმედება. ცალსახაა, რეგიონში მძიმე, ფეთქებადსაშიში ვითარებაა და ეს საქართველოსაც შეეხება.

- და როგორი სცენარით მოხდება ეს?

- არ აქვს დიდი მნიშვნელობა, იმ სცენარით მოხდება, რომელიც სუს-მა გააჟღერა თუ სხვა ფორმით. მთავარია, ჩვენ, საზოგადოება მზად უნდა ვიყოთ!

- რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ?

- ხელისუფლების მთავარი შეცდომა ის არის, რომ საზოგადოება არ ჰყავს ჩართული ქვეყნის მართვის პროცესში. ვგულისხმობ იმ გამოწვევებს, რაც ქვეყნის წინაშე არსებობს. მათი განმუხტვის გზების ძიებაში საზოგადების სხვადასხვა ჯგუფების ჩართვა აუცილებელია. ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ ის პასუხისმგებელია ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. ცოტა დროა დარჩენილი იმიტომ, რომ კარგს მოგვადგა ის გამოწვევა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.

- სუს-მა თავის განცხადებაში კონკრეტული გვარები დაასახელა, ძალზე საშიშ სცენარზეა საუბარი... ეს საკმარისია თქვენთვის, თუ ელოდებით მტკიცებულებებს?

- ცალსახად, საზოგადოებისთვის უფრო მეტი მტკიცებულებაა საჭირო. მე და ის ადამიანები, ვინც საქმეში ვართ ჩახედულნი, მაღალი ალბათობით ვუშვებთ, რომ მსგავსი გეგმა არსებობდეს. ვიმეორებ - ეს სცენარი არის იმ დიდი გეგმის ნაწილი, რომელიც მთლიანად რეგიონის აფეთქებას ეხება. ამიტომ მივიჩნევ, რომ საზოგადოებამ უფრო მეტი უნდა იცოდეს ამ გეგმის თაობაზე და თუნდაც განცხადებაში დასახელებულ პირებზე. მაგალითად, სუს-ის განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ ახალგაზრდები გადიოდნენ ტრენინგს უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე. ასეთი შეხვედრები რომ ხდებოდა, დიდი ხანია ცნობილია ჩემთვის, რა პრინციპით ხდებოდა, ესეც ვიცოდი, მაგრამ ამაზე ვერ ვისაუბრებ... შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ გაზაფხულზე 20 კაცი ჩაიყვანეს ლვოვის მახლობლად. მეტის თქმა არც არის საჭირო ან რა მნიშვნელობა აქვს კონკრეტული გეოგრაფიული არეალის დასახელებას...

ახლა ოპოზიცია იტყვის, რომ ეს ყველაფერი მოგონილია ხელისუფლების მიერ. აბა ვინ იტყვის, რომ ეს სიმართლეს?! ცალსახად ვამბობ - საფრთხე არის საკმაოდ სერიოზული, რეგიონი უნდა აფეთქდეს და როგორც ჩანს, ამაში შედის ის სეგმენტიც რაზეც სუს-მა ილაპარაკა. თუმცა აფეთქების ხარისხი როგორი იქნება და ქვეყანაში როგორ მოვახერხებთ სტაბილურობის შენარჩუნებას, ეს ჩვენს სიყოჩაღეზეა დამოკიდებელი.

თეა ხურცილავა

(სპეციალურად საიტისთვის)