მოჯადოებული წრე - უკრაინელებმა ქართველებს მოგვყიდეს, ქართველებს რუსებმა წაგვართვეს და ისევ უკრაინელებს ესვრიან - კვირის პალიტრა

მოჯადოებული წრე - უკრაინელებმა ქართველებს მოგვყიდეს, ქართველებს რუსებმა წაგვართვეს და ისევ უკრაინელებს ესვრიან

ომიდან ომში - სწორედ ასე შეიძლება ითქვა იმაზე, რაც შეიარაღების ერთ-ერთ კონკრეტულ სახეობას ეხება, რომელიც მის მწარმოებელსა და გამყიდველს საწინააღმდეგოდ უბრუნდება...საქართველოს გავლით, თუმცა ჯერ პატარა ისტორია...

2008 წლის აგვისტოს ომის წინ, თბილისის ტანკსარემონტო ქარხანაში ყოფნისას ვნახე უცხო ფორმის ქვეითთა საბრძოლო მანქანები, რომლებიც საქართველოს შეიარაღებული ძალების არსენალში არსებულ БМП-1 და БМП-2 ტიპის ქვეით საბრძოლო მანქანებს თან წააგავდნენ, თანაც დიდად განსხვავდებოდნენ(ამ „აღმოჩენის“ შესახებ მაშინ,რა თქმა უნდა არაფერი დამიწერია)...

1-k-1695197643.jpg
რუსეთის კუბინკის პოლიგონზე მოწყობილ აგვისტოს ომის დროს ნაალაფარი ქართული სამხედრო ტექნიკის გამოფენაზე მდგარი, 15-დან ერთერთი БМП-1У «Шквал»-ი...

ეს იყო БМП-1У «Шквал»-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები, რომლებიც უკრაინაში მოდერნიზებულ БМП-1-ებს წარმოადგენდნენ და მისგან ძირითადად «Шквал»-ის ტიპის საბრძოლო მოდულით განსხვავდებოდნენ.

აგვისტოს ომის წინ 15 ასეთი საბრძოლო მანქანა შევიძინეთ, რაც ერთი შეხედვით სწორ გადაწყვეტილებად ჩანდა, რადგან საბაზო БМП-1-ის 73 მმ კალიბრიანი ქვემეხის ნაცვლად БМП-2-ის 30 მმ-იანი ავტომატური ქვემეხი, მასთან შეწყვილებული 7,62 მმ-იანი „კალაშნიკოვის“ სატანკო ტყვიამფრქვევი, 30 მმ-იანი ავტომატური ყუმბარსატყორცნი და ორი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის გასაშვები დანადგარი ეყენა, რაც გაერთიანებული იყო «Шквал»-ის საბრძოლო მოდულში,რომელიც აღჭურვილი გახლდათ შეიარაღების სტაბილიზაციის სისტემით და მოძრაობის დროსაც მიზანში ზუსტად სროლის საშუალებას იძლეოდა...

მართალია ახალი შეიარაღებისა და სტაბილიზაციის სისტემის დაყენებამ მოდერნიზებულ ქვეითთა საბრძოლო მანქანაში ორი მედესანტის ადგილი „შეჭამა“(БМП-1-ში ეკიპაჟის 3 წევრი და 8 მედესანტე ზის, მოდერნიზებულში,კი ეკიპაჟის სამ წევრთან ერთად მხოლოდ 6 მედესანტის განთავსება შეიძლებოდა), მაგრამ თავისი ძლიერი შეიარაღებით(განსაკუთრებით კი „მალიუტკაზე“ ბევრად თანამედროვე „ბარიერის“ ან „კონკურსის“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების დაყენების შესაძლებლობა, ასევე მის არსენალში 30 მმ-იანი ავტომატური ყუმბარსატყორცნის გამოჩენა) ის თვით БМП-2-საც კი დიდ ფორას მისცემდა ბრძოლაში და ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ უკრაინაში ნაყიდი ეს მოდერნიზებული ქვეითთა საბრძოლო მანქანები აგვისტოს ომის დროს საბრძოლო მოქმედებების ზონის სიახლოვეს, გორის სატანკო ნაწილის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, მაგრამ...

2photo-1695089153.png
დაპყრობილი გორიდან როკის გვირაბისკენ „წასხმული“ БМП-1У «Шквал»-ების ჯავშანკოლონა...

მაგრამ ის, რომ მათ ომში მონაწილეობა არ მიუღიათ და ერთი გასროლის გარეშე 15-ივე, უკვე ქართული არმიის კუთვნილი БМП-1У «Шквал»-ი რუსმა ოკუპანტებმა ალაფის სახით რუსეთში „წაასხეს“...

რატომ არ იქნა გამოყენებული ეს საბრძოლო მანქანები აგვისტოს ომში?

ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, სავარაუდოდ, მათი ექსპლუატაცია გართულებული იყო «Шквал»-ის საბრძოლო მოდულის მართვის ელექტრონულ სისტემაში არსებული ხარვეზებით, რამაც ომის დაწყებისთანავე მათი ბრძოლებში ჩართვა შეუძლებელი გახადა.

თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც - უბრალოდ დროულად ვერ ან არ მოხერხდა ეკიპაჟების გადამზადება უკრაინაში მოდერნიზებულ, ტექნიკურად უფრო რთული შეიარაღების მქონე ამ ქვეითთა საბრძოლო მანქანებზე...

თუკი ამ ბლოგის რომელიმე მკითხველს მეტი ობიექტური ინფორმაცია ექნება ამ თემასთან დაკავშირებით,დიდი ყურადღებით მოვუსმენ...

გორის სატანკო ნაწილის დაპყრობის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინული БМП-1У «Шквал»-ების ჯავშანკოლონა თავის სვლით როკის გვირაბით ჩრდილოეთ ოსეთში გაიყვანეს, იქ სარკინიგზო ეშელონზე დატვირთვეს და მოსკოვთან,კუბინკის 38-ე სამეცნიერო-საკვლევ გამოსაცდელ ინსტიტუტში ჩაიტანეს, სადაც როგორც საბჭოთა, შემდგომში რუსულ, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარე ომებიდან ჩატანილ ნაალაფარ ჯავშანტექნიკას იკვლევენ.

3photo-1695089238.jpg
უკრაინელების მიერ მოდერნიზებულ საბჭოთადროინდელ ქვეითთა საბრძოლო მანქანაში მთავარი «Шквал»-ის საბრძოლო მოდული გახლდათ, რომელსაც სტაბილიზაციის სისტემა გააჩნდა და მოძრაობის დროსაც შეეძლო მიზანში ზუსტად მოხვედრა...

უკრაინელების მიერ მოდერნიზებული БМП-1У «Шквал»-ებიდან რუს სპეციალისტებს შეიძლება მხოლოდ თავად «Шквал»-ის საბრძოლო მოდული თუ დაინტერესებდათ და ზუსტად 10 წლის შემდეგ რუსეთმაც დაიწყო ძველი БМП-1-ების მოდერნიზება БМП-1АМ «Басурманин»-ის დონემდე, რომელზეც ასევე 30 მმ-იანი ავტომატური ქვემეხის მქონე ახალი საბრძოლო მოდული დაამონტაჟეს.

და, აი 15 წლის გავლის შემდეგ უკრაინის ფრონტზე გადაღებულ ვიდეო-ფოტო კადრებში პირველად გაიელვა გორის სატანკო ნაწილიდან ალაფის სახით წაღებულმა БМП-1У «Шквал»-ებმა, რომლებსაც რუსი ოკუპანტები უკვე უკრაინელების წინააღმდეგ იყენებენ ანუ წრე შეიკრა...

4-photo-1695089293.jpg
უკრაინის ფრონტზე რუსი ოკუპანტების შეიარაღებაში გამოჩენილი, ერთ დროს ქართული არმიის კუთვნილი БМП-1У «Шквал»-ი, რომელიც ეხლა თავისივე შემქნელს ესვრის...

P.S. დიდი ალბათობით,რუსეთის არმია შეიძლება აგვისტოს ომის დროს ნაალაფარ სხვა შეიარაღებასაც, მათ შორის ყოფილ ქართულ ტანკებსა და ჰაუბიცებსაც იყენებდეს დღევანდელ ომში უკრაინის წინააღმდეგ(აგვისტოს ომის დროს გორიდან და ფოთიდან ნაალაფარი რამდენიმე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „იგლა“ და „გრომი“, რუსულმა სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფებმა ჯერ კიდევ 2014 წელს გამოიყენეს დონბასში უკრაინული თვითმფრინავების წინააღმდეგ).

ეს კი ამტკიცებს მოსაზრებას, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები გამართული ჯავშანტექნიკის რეალურ დეფიციტს განიცდიან უკრაინის ფრონტზე, რაც არც არის გასაკვირი, რადგან ომის დაწყების დღიდან რუსეთმა დაკარგა არანაკლებ 2 135 სხვადასხვა ტიპის ტანკი და 2 786 შეჯავშნული საბრძოლო მანქანა, მათ შორის 494 ერთეული БМП-1, 970 БМП-2 და 281 БМП-3...