"ბაბუს აპარტამენტები" - რა ხდებოდა საქართველოში ყველაზე დაცულ ოთახში და რატომ მოხსნა შევარდნაძემ მინისტრი ღვინის სმის გამო - კვირის პალიტრა

"ბაბუს აპარტამენტები" - რა ხდებოდა საქართველოში ყველაზე დაცულ ოთახში და რატომ მოხსნა შევარდნაძემ მინისტრი ღვინის სმის გამო

1995 წლის 2 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სახელმწიფო მეთაურმა და პარლამენტის თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძემ მკაცრად გააკრიტიკა სპეცსამსახურების ხელმძღვანელები: ტერაქტის მომზადების შესახებ მონაცემები და სიგნალები არსებობდა, თუმცა სერიოზული ზომები არ მიიღეთო. „ბაბუ“ მართალი იყო: 1995 წლის 29 აგვისტოს ტერაქტი საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურის სერიოზული ჩავარდნა იყო. საქართველოს უშიშროების სამსახურს კი რაც შეეხება, აქ ცოტა რთულადაა საქმე: იგორ გიორგაძე ამ ტერაქტის მთავარი ორგანიზატორი თუ არა, შემსრულებელი მაინც იყო. ამიტომ ტერაქტის მზადების შესახებ ის ინფორმაციას არ გაამჟღავნებდა. თუმცა უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობაში „ბაბუს“ სანდო ხალხიც ჰყავდა დატოვებული. ერთ–ერთი მათგანი, გიორგაძის პირველი მოადgილე, ავთო იოსელიანი იყო. სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­უ­რის აპა­რა­ტის იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი პეტ­რე მამ­რა­ძე ერთ–ერთ ინტერვიუში იხსენებს: „1995 წლის იან­ვრი­დან სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­უ­რის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის აპა­რა­ტის უფ­რო­სი გახ­ლდით. ჩვენ­თან სხვა­დას­ხვა არ­ხით დი­დძა­ლი ინ­ფორ­მა­ცია იყ­რი­და თავს. ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე­ზე თავ­დას­ხმას ვე­ლო­დით, სიგ­ნა­ლი შე­მო­ვი­და“. შემდეგ პეტრე მამრაძე ჰყვება, რომ 29 აგვისტოს, დილით, მასთან მივიდა გიორგაძის მოადგილე ავთო იოსელიანი და უთხრა, რომ შევარდნაძეზე მზადდებოდა თავდასხმა, თუმცა როდის და როგორ, ეს არ იცოდა. ამავე ინტერვიუდან ვიგებთ, რომ თავდასხის მომზადებაზე სხვა ინფორმაციაც არსებობდა: პანტელეიმონ გიორგაძის ბინაზე სხვადასხვა პირები იკრიბებოდნენ და საუბარი იყო ედუარდ შევარდნაძის ლიკვიდაციაზეო. ბუნებრივია, ეს ინფორმაცია ცნობილი იქნებოდა სამთავრობო დაცვის სამსახურის (სდს) ხელმძღვანელობისთვის, რომლებსაც უნდა გაეძლიერებინათ სახელმწიფო მეთაურის დაცვის ღონისძიებები.

თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება მინდა გავიხსენო: 29 აგვისტოს ტერაქტიდან სულ რამდენიმე თვეში მომეცა საშუალება ხშირი და გულახდილი საუბრები მქონოდა იმ პირებთან, რომლებიც შევარდნაძეზე თავდასხმის პერიოდში სდს–ში წამყვან თანამდებობებზე მსახურობდნენ. ისინი კატეგორიულად უარყოფდნენ ტერაქტის მომზადების შესახებ კონკრეტული (!!!) ინფორმაციის (დღე, ადგილი, ორგანიზატორ–შემსრულებლები და ა.შ.) არსებობას და ფაქტებით ასაბუთებდნენ, რომ მსგავსი ზოგადი ინფორმაცია ძალზე ხშირი იყო და როგორც წესი, შემდეგ სიცრუე აღმოჩნდებოდა ხოლმე. მიუხედავად ამისა სდს თანამშრომლებს აუცილებლად უნდა განესაზღვრათ შევარდნაძეზე მოსალოდნელი თავდასხმის შესაძლო ვარიანტები (სნაიპერის გასროლა, აფეთქება, „ტერორისტი–კამიკაძე“ და ა.შ.) და თავდასხმისთვის ყველაზე ხელსაყრელი ტერიტორია (პარლამენტის შენობა, „იმელის“ ეზო, კორტეჟის მოძრაობისას და ა.შ.). ტყუილად კი არაა ნათქვამი: თუ გინდა დანაშაული გახსნა, იფიქრე დამნაშავესავითო!

არსებობს კიდევ ერთი გარემოება, რომელიც დღეს გაკვირვებას იწვევს: ავტომობილი, რომელშიც შევარდნაძე იმყოფებოდა დაჯავშნილი არ იყო. ეს მით უფრო გასაოცარია, თუ გავიხსენებთ, რომ იმ პერიოდში საქართველოში სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირებები თავისუფლად დათარეშობდნენ. პარლამენტის ეზოც ავტომობილებით იყო სავსე: ამ ვითარებაში კი თავდასხმის შანსი ბევრად იზრდებოდა.

29 აგვისტოს „იმელის“ შენობის დაცულ ეზოში (სადაც შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვებით ხდებოდა, რასაც ჭიშკართან განლაგებულ სამთავრობო დაცვის სამსახურის პოსტს უნდა გაეკონტროლებინა) გაჩერებული თეთრი „ნივა“ აფეთქდა. ამ ავტომანქანის იქ მდებარეობა იმით შეიძლება აიხსნას, რომ მას სპეციალური საშვი ჰქონდა და ამიტომ არ გამოიწვია დაეჭვება. თუმცა სამთავრობო დაცვის თანამშრომლებს აუცილებლად უნდა შეემოწმებინათ „იმელის“ დაცულ ეზოში დილიდან გაჩერებული „ნივა“. სპეცსამსახურისთვის წინმსწრები ოპერატიული ინფორმაცია წარმატების წინაპირობაა . . . . თუ დროულად და ეფექტიანად იყო გამოყენებული. 29 ტერაქტის დროს კი სრული ქაოსი და დაბნეულობა სუფევდა, რაც ვიდეოკადრებზეც კარგად ჩანს.

საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ–ერთი საეტაპო მნიშვნელობის პერიოდი 1996–1998 წლებია, როდესაც დაიწყო სერიოზული ინსტიტუციური რეფორმები და თანდათან ქვეყანა – სახელმწიფოს ემსგავსებოდა. არ ვიყოთ უმადურები: ეს ედუარდ შევარდნაძის დიდი დამსახურებაა!

თუმცა იყო ერთი სფერო, სადაც რეალური რეფორმები გვიანდებოდა: ეს იყო ეროვნული უსაფრთხოების ერთ–ერთი ყველაზე მთავარი მიმართულება – საქართველოს სპეცსამსახურების სისტემის ეფექტიან და კოორდინირებულ მოქმედებებზე გადაყვანა. სამწუხარო ფაქტია, რომ შევარდნაძემ „სახლში წასვლამდე“ არ ისურვა ან ვერ შეძლო სპეცსამსახურების ძირეული რეფორმის განხორციელება და მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებით კმაყოფილდებოდა. ასე მაგალითად, 1996 წლის 20 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“, რის შედეგადაც „სამთავრობო დაცვის სამსახურს“ დასახელება შეეცვალა და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (სდსს)“ ეწოდა. სდსს–ს უფროსადაც კვლავ ვახტანგ ქუთათელაძე. დაინიშნა, რომელსაც 1996 წლის 12 მარტს პრეზიდენტმა გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა. ე. შევარდნაძის სურვილი იყო პირად კონტროლქვეშ ჰყოლოდა „ძალოვანი ბლოკი“ და მაქსიმალურად ცენტრალიზებულად ემართა სპეცსამსახურები და თავდაცვის სამინისტრო. სწორედ ამ მიზნით 1996 წლის 24 იანვარს მიღებულ "ეროვნული უშიშროების საბჭოს (ეუს) შესახებ” კანონის თანახმად შეიქმნა ახალი სტრუქტურა: "ეუს აპარატი". მის უმთავრეს ფუნქციად განისაზღვრა ეუს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფორმაციული უზრუნველყოფა. ამავე დროს "ეუს აპარატს" უნდა მოემზადებინა რეკომენდაციები და წინადადებები სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზაციის, ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, საერთო სტაბილურობის, მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად.

"ეუს აპარატს" უფლება ჰქონდა, პრეზიდენტის დავალებით, გაეკონტროლებინა სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობა უშიშროების, თავდაცვის, მართლწესრიგისა და საერთო სტაბილურიბის უზრუნველყოფის სფეროში. ფაქტიურად ქვეყანაში შეიქმნა ახალი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც შეეძლო ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ემართა პოლიტიკური, სამხედრო და გარკვეულწილად ეკონომიკური პროცესებიც. პატივი მხვდა "ეუს აპარატის" შექმნის დღიდანვე იქ მემსახურა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: 1996-2003 წლებში ამ სტრუქტურის საქმიანობა, სამწუხაროდ სათანადოდ დაფასებული კვლავ არაა.

1995 წლის ნოემბრიდან შევარდნაძე პრეზიდენტი კი იყო, მაგრამ მართვის სტილი ისევ ცეკას მდივნობისა გამოჰყვა: წელიწადში რამდენჯერმე იმართებოდა მთავრობის გაფართოებული სხდომები (ცეკას პლენუმების მსგავსად): მართლწესრიგისა და სამართალდამცავი ორგანობის საქმიანობის; ეკონომიკური მდგომარების ანალიზის და ა.შ. საკითხებზე. ამ სხდომების ჩატარების ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში უშიშროების საბჭოს აპარატის თანამშრომლებიც აქტიურად ვმონაწილეობდით. 1996 წლის 19 ივლისს საქართველოს მთავრობის გაფართოებული სხდომა, როგორც ყოველთვის, სახელმწიფო კანცელარიის დიდ სხდომათა დარბაზში უნდა გაიმართულიყო. დარბაზს რამდენიმე შესასვლელი ჰქონდა: ცალკე „რიგითი მოკვდავებისთვის“ (საიდანაც შემდეგ პრეზიდიუმში ადიოდა კიბეები) და ცალკე „ცეკას მდივან –პრეზიდენტებისთვის“, რომელსაც სახელმწიფო კანცელარიის დერეფნიდან ჰქონდა შესასვლელი. ეს შესასვლელი სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის თანამშრომლების მიერ მკაცრად კონტოლდებოდა: სპეციალური შემოწმების შემდეგ ოთახი ილუქებოდა და კარებთან „პოსტი“ წესდებოდა. ეს, განსაკუთრებულად დაცული ოთახი, „ბაბუს აპარტამენტები“ იყო. იქ დივან–სავარძლებით გაწყობილ მოსასვენებელი ოთახში (თავისი „სპეცკავშირით“). სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს შევარდნაძეს და მთავრობის წევრებს დასვენება და მცირე წახემსებაც შეეძლოთ. ერთხელ ერთ მინისტრს ღვინის სმა ისე გაუტკბა, რომ სხდომის დაწყება გამორჩა. ეს კი „ბაბუს“ არ გამოეპარა: მკაცრად გადახედა პრეზიდიუმს და მინისტრი, რომ ვერ დაინახა, მიკროფონში (ვითომ თავისთვის, რეალურად კი ისე რომ მთელ დარბაზს გაეგო) ირონიულად ჩაილაპარაკა: „ხომ არ ჯობია ეს კაცი ღვინის ქარხნის დირექტორად გადვიყვანოთო?“. არ გასულა რამდენიმე თვე და მინისტრი მართლაც „ჩამოალაბორანტეს“. სწორედ ამ სხდომის დაწყების წინ მომხდარი ერთი კურიოზული შემთხვევა მინდა გავიხსენო.

eduardi-1695089600.jpg

ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა მთავრობის გაფრთოებულ სხდომაზე

29 აგვისტოს ტერაქტის შემდეგ შევარდნაძის დაცვის უზრუნველყოფას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა. ამიტომაც მთავრობის გაფართოებული სხდომის უსაფრთხოების დაცვის პროცესში უშიშროების საბჭოს აპარატის თანამშრომლებიც ჩაგვრთეს: ჩვენი მოვალეობა ვიზუალური დაკვირვებით (რაც შემდეგ დაწერილ „ცნობაში“ დაწვრილებით უნდა აგვესახა) შემოიფარგლებოდა. რატომღაც სწორედ მე დამევალა მთავრობის გაფართოებული სხდომის დაწყების წინ „ბაბუს აპარტამენტების“ დაცვის ვიზუალური დაკვირვება.

ლუქის მოხსნისა და ოთახების ვიზუალური დათვალიერების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტიც მალე გამოჩნდა თავის „აპარტამენტში“ . ირგვლივ დაცვა ეხვია, შევარდნაძემ ერთი კი შემომხედა, გამიღიმა, ხელი ჩამომართვა და სხდომათა დარბაზში გავიდა. მისი პირადი დაცვის უფროსისთვის კი ეს ნამდვილი სიურპრიზი იყო: გაკვირვებული მიყურებდა, ვერ მცნობდა, მისი თანამშრომელი ნამდვილად არ ვიყავი და ვერ ხვდებოდა, რა მინდოდა და როგორ აღმოვჩნდი საქართველოში იმ მომენტში წესით ყველაზე დაცულ ოთახში. ჩემი აზრით სდსს–ს მუშაობის „ვიზუალური მონიტორინგის“ იდეა უშიშროების საბჭოს მდივანს, ნუგზარ საჯაიას ეკუთვნოდა და მისი მიზანი იყო მოეხდინა უშიშროების საბჭოს აპარატის უფლებამოსილების კიდევ ერთი დემონსტრირება. „ბაბუც“ დათანხმდა: მას ხომ ძალზე უყვარდა სხვადასხვა უწყებებსა და ჩინოვნიკებს შორის კონკურენცია–დაპირისპირებისა და შუღლის ჩამოგდება. ეს მისი მუშაობის სტილი იყო – ხელქვეითების კომპრომატებით მართვა და მანიპულირება.

ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ როდესაც ჩვენი ქვეყნის ინტერესები შევარდნაძის პირად ინტერესებს (ერთპიროვნული ძალაუფლების განმტკიცებას) ემთხვეოდა, მაშინ ქვეყნის პროგრესი სახეზე იყო. ეს პირველ რიგში საქართველოს საგარეო პოლიტიკურ და ეკონომიკურ კურსზე აისახებოდა.

1996 წლიდან დაწყებული „ბაბუ“ ძალზე ფრთხილად და მოზომილად ცდილობდა ქვეყანა „რუსეთის ორთქმავალს“ ჩახსნოდა და დასავლეთისკენ აეღო კურსი. იმ პერიოდში რუსეთში შიდაპოლიტიკური მდგომარეობა ძალზე დაძაბული იყო: ცოტაც და „მუდამ ფხიზელი“ ბორის ელცინი კომუნისტებს გადააბარებდა ხელისუფლებას. ასე, რომ ფუტკრის სკასავით აშლილ რუსეთის იმპერიას სამხრეთ კავკასიისთვის არ ეცალა. ამით ისარგებლეს „ტრამალის მგელმა“ და „თეთრმა მელამ“ და აზერბაიჯანული ენერგორესურსების საქართველოს გავლით ტრანსპორტირების საკითხი შეათანხმეს.

eduardi2-1695089687.jpg
„თეთრი მელა“ და „ტრამალის მგელი“ კმაყოფილებას არ მალავენ

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი პირველი ოფიციალური ვიზიტით თბილისს 1996 წლის მარტში ეწვია: მაშინ ხელი მოეწერა საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანული ნავთობის ტრანზიტის შესახებ შეთანხმებას. „ბაქო–სუფსის“ ნავთობსადენი სწორედ ამ შეთანხმების პირმშოა და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

პარალელურად, შევარდნაძე ცდილობდა ევროპულ და ჩრდილო–ატლანტიკურ სტრუქტურებთან მოესინჯა დაახლოების კონკრეტული გზები. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 17 ივნისის #394 ბრძანებულებით („პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ“) შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომელსაც კოორდინაცია უნდა გაეწია ნატოსთან ინდივიდუალური თანამშრომლობის პროგრამის შესრულებისთვის. 1997 წლის თებერვალში ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდა ნატოს გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა. რუსეთისთვის ეს უკვე მეტის–მეტი იყო: ის კარგავდა გავლენას საქართველოზე, რაც მთელი სამხრეთ კავკასიის დაკარგვის პრელუდია გახდებოდა. შევარდნაძეზე მეორე ტერაქტის მომზადება 1997 წლიდან დაიწყო: რუსეთის სპეცსამსახურებმა შეძლეს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას რუსეთში მცხოვრები მომხრეების დიდი ნაწილის გადაბირება და მოსკოვთან ახლოს, ასევე ჩეჩნეთში მდებარე სამხედრო–საწვრთნელ ბაზებზე მათი ფარული მომზადება დაიწყეს.

პ.ს. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების, ასევე სუს–ის გუშინ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ უახლოეს პერიოდში ვისაუბროთ.