რას ამბობს დავით კეზერაშვილი სუს-ის სკანდალურ განცხადებაზე, რომ ოქტომბერ-დეკემბერში ხელისუფლების დამხობა იგეგმება - Politico
აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico), თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბელგიაში, ბრიუსელში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველოს მტკიცებით, პროევროპელი პოლიტიკოსები გადატრიალებას გეგმავენ“ (ავტორი - გებრიელ გავინი).
პუბლიკაციის დასაწყისში გადმოცემულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ბაჩა მგელაძის განცხადება, რომლის თანახმად, უკრაინაში იგეგმება შეთქმულება საქართველოს [„სულ უფრო პრორუსული“] მთავრობის წინააღმდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე.
„მართალია, ბაჩა მგელაძეს რაიმე მტკიცებულებები არ წარმოუდგენია თავისი განცხადების დასადასტურებლად, მაგრამ მან დაასახელა მაღალჩინოსანი ოპოზიციური პოლიტიკოსები, რომლებიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან არიან დაკავშირებულნი, ხოლო მიხეილ სააკაშვილი, თავის მხრივ, ახლოს დგას კიეველ ქართველ მაღალჩინოსანთან - უკრაინის დაზვერვის უფროსის მოადგილესთან. „გარდა ამისა, „ქართული ლეგიონის“ მოხალისეები, რომლებიც ამჟამად რუსებს ებრძვიან, საქართველოში „ევრომაიდანის“ მსგავს გამოსვლებს ხელს შეუწყობენ“.
„საქართველოს ხელისუფლების განცხადება, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დანიშნული პირები სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორები არიან, უეჭველია, გააღრმავებს იმ განხეთქილებას, რომელიც უკვე არსებობს საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის და დაადასტურებს იმ ფართოდ გავრცელებულ ეჭვებს, რომელთა თანახმად, თბილისი სულ უფრო მეტად ექცევა კრემლის მიზიდულობაში“, - წერს ავტორი.
„გადატრიალების ბრალდებები მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ აბსურდულ მცდელობას წარმოადგენს - იმ მიზნით, რომ შექმნას წინაპირობები ოპონენტი პოლიტიკოსების დასაპატიმრებლად, არჩევნების მოახლოების პერიოდში, რომელიც მომავალ წელს უნდა ჩატარდეს“, - განუცხადა Politico-ს ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მისი მთავრობის წევრი იყო - თავდაცვის მინისტრი რუსეთის არმიის საქართველოში შეჭრის დროს, 2008 წელს.
საქართველოს მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაცხადებული დაუსაბუთებელი ბრალდებები ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენს იმ გამწვავებული დავის პროცესისა, რომელიც ევროკავშირსაც ეხება. რამდენიმე დღის წინათ მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ იწყებენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის ძალისხმევას არ იშურებს. იმავდროულად დასავლელი დიპლომატები ოფიციალურ თბილისს აკრიტიკებენ, რომ მთავრობა უუნარო აღმოჩნდა „ლგბტ-ღონისძიების“ უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მიმდინარე წლის ზაფხულში.
საქართველოს კონსტიტუაციაში დაკანონებულია ქვეყნის სწრაფვა როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში გაწევრიანებისათვის, მაგრამ იმის ფონზე, რომ მმართველი პარტია სულ უფრო უკან იხევს დემოკრატიის პრინციპების დაცვისაგან, შარშან ბრიუსელმა საქართველოს უარი განუცხადა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე და რეკომენდაცია მისცა 12-პუნქტიანი მოთხოვნები შეესრულებინა. იმავდროულად კი სტატუსი მიენიჭა უკრაინას და მოლდოვას.
ამას წინათ თბილისში ვიზიტით იყო ჩასული ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ჟოზეპ ბორელი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს მიერ გატარებული მუშაობა შესამჩნევია, თუმცა აუცილებელია დამატებითი ძალისხმევა. „ევროკავშირის მიერ ქართველი ხალხისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე მცირე დრო დარჩა, ამიტომ დაბეჯითებით მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ამ შესაძლებლობით ისარგებლოს“, - აღნიშნა ევროკავშირის დესპანმა.
ბიძინა ივანიშვილი, ოლიგარქი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომლის კაპიტალი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თითქმის ნახევარს შეადგენს, როგორც ჩანს, პასუხისმგებელია ქვეყნის პრომოსკოვურ შემობრუნებაზე, უკრაინის ომის დაწყებიდან, - ნათქვამია ევროკომისიის მოხსენებაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი ნაწილი რუსი ოკუპენტებისა და კრემლის ოსი და აფხაზი მარიონეტების ხელში იმყოფება, სამხრეთკავკასიური სახელმწიფო რუსეთისათვის პარალელური იმპორტის საკვანძო ცენტრი გახდა, რითაც [თბილისის მიერ] დასავლეთის მიერ გამოცხადებული ანტირუსული სანქციები ირღვევა.
მოამზადა სიმონ კილაძემ
შენიშვნა:
ამ თემაზე სტატიები გამოქვეყნებულია აგრეთვე ბრიტანულ „თაიმსში“ (The Times) სათაურით „ქართველები უკრაინელ ოფიციალურ პირებს სახელმწიფო გადატრიალების მომზადების ბრალდებას უყენებენ“ (ავტორი - მარკ ბენეტი), რუსულ „იზვესტიაში“ (Известия) – „რევოლუცია? რა არის ცნობილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების გამომჟღავნების შესახებ“ (ავტორი - იგორ კარმაზინი) და სხვა გაზეთებში.