სომხეთ-აზერბაიჯანის ახალი ომი დაიწყო?! - საქართველოს სამეზობლო ცეცხლში ეხვევა
უცხოური გამოცემების ცნობით, სტეპანაკერტში (არაღიარებული ყარაბაღის "დედაქალაქი") ამ წუთებში საჰაერო განგაში გამოცხადდა. მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრმა რუბენ ვარდანიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში „მასიური ცეცხლი“ გახსნეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში, "სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველსაყოფად მთიან ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო".
„დაიწყო ადგილობრივი ანტიტერორისტული მოქმედებები სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველსაყოფად, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად, სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების განიარაღებისა და ჩვენი ტერიტორიიდან გაყვანის, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალების მიზნით, ასევე ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის მშვიდობის, სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოებში ჩართული მშვიდობიანი მოსახლეობის და ჩვენი სამხედრო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში, ხორციელდება სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების საცეცხლე წერტილების, აგრეთვე საბრძოლო აქტივებისა და სამხედრო ობიექტების მწყობრიდან გამოყვანა მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით.
გამოცემების ცნობით, „სპეცოპერაციის ფარგლებში, მაღალი სიზუსტის მქონე იარაღით წინა ხაზსა და შუა ფლანგზე სომხეთის თავდაცვის ფორმირებათა პოზიციები გამოჰყავთ მწყობრიდან“.
ბაქოში აცხადებენ, რომ „მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები არ არის მათი სამიზნე, მწყობრიდან გამოჰყავთ მხოლოდ სამხედრო ობიექტები“.
„მიმდინარე ოპერაციის შესახებ ინფორმირებული იყო როგორც რუსეთის ფედერაციის მშვიდობისმყოფელთა კონტიგენტი, ასევე რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელები“ - აღნიშნავენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.
როგორც ცნობილია, ამ ვითარებამდე ცოტა ხნით ადრე ბაქოში განაცხადეს, რომ ნაღმის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი დაიღუპა. მათი განცხადებით, „ტერორისტული მიზნით სომხეთის შეირაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფმა ნაღმი ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში ტერორისტული მიზნით განათავსეს“.
ამ დრომდე არ გაკეთებულა ოფიციალური განცხადება სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან. ე.წ.მთიანი ყარაბაღის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ადასტურებენ, რომ სტეპანაკერტი იბომბება. ისინი ილჰამ ალიევს სომეხი ერის გენოციდში ადანაშაულებენ.