"უკრაინელების ტრაგიკული შეცდომა, რომელმაც კონსტანტინოვკაში 16 ადამიანი იმსხვერპლა" - The New York Times-ის სკანდალური გამოძიება
"კონსტანტინოვკაში, სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტა აფეთქდა" - რა მტკიცებულებები მოიპოვეს The New York Times-ის რეპორტიორებმა?
6 სექტემბერს, აღმოსავლეთ უკრაინაში, კონსტანტინოვკაში ბაზრის აფეთქება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ყველაზე ტრაგიკულ შემთხვევად იქცა. ბაზრის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი, 30-მდე კი დაშავდა. აფეთქებისას რაკეტის ფრაგმენტებმა დააზიანა მიმდებარე ტერიტორია, ფანჯრები და კედლები, ზოგიერთი ადამიანი კი ისე დაშავდა, რომ მათი ცხედრების ამოცნობა შეუძლებელი გახდა.
შემთხვევიდან 2 საათის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ტერორისტები თავდასხმაში დაადანაშაულა, ბევრმა მედიასაშუალებამ სწორედ ასე გააშუქა ეს მოვლენა. უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი სისტემატურად ესხმოდა თავს მშვიდობიან მოსახლეობას, შეტევა განახორციელა სკოლებზე, ბაზრებსა და რეზიდენციებზე, რათა მოსახლეობაში შიში დაენერგა. იგივე კონსტანტინოვკაში აპრილში სახლები და სკოლამდელი დაწესებულებები ააფეთქეს, შედეგაც დაიღუპა 6 ადამიანი.
6 სექტემბერს, ბაზრის აფეთქების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა:
„ამ დროისთვის დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში რუსი ტერორისტების არტილერიამ 16 ადამიანი შეიწირა. ცენტრალური ბაზარი. მაღაზიები. აფთიაქი. ადამიანები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ. ბევრი დაჭრილი. სამწუხაროდ, შესაძლოა მსხვერპლთა და დაჭრილთა რიცხვი გაიზარდოს.
ვუსამძიმრებ ყველას, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები!
ეს რუსული ბოროტება რაც შეიძლება მალე უნდა დავამარცხოთ". - განაცხადა ზელენსკიმ“.
გამოცემა The New York Times-ის ჟურნალისტებმა, მოიპოვეს მასალები, მათ შორის რაკეტის ფრაგმენტები, თანამგზავრით გადაღებული ფოტოები, თვითმხილველთა გვერდები და პოსტები სოციალურ ქსელში, როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს ყველაფერი ამტკიცებს იმას, რომ კონსტანტინოვკაში ბაზარს კატასტროფული დარტყმა უკრაინული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ კურს აცდენილმა რაკეტამ მიაყენა.
როგორც უცხოურ გამოცემაში ვკითხულობთ, ეს შეტევა ტრაგიკული შეცდომა გახლდათ. ექსპერტების აზრით, იმ რაკეტის ტიპს, რომელიც ბაზარს მოხვდა, შეუძლია კურსიდან რამდენიმე მიზეზით გადაუხვიოს, მათ შორის ელექტოგაუმართაობის, ან გაშვების დროს ფრთოსანი რაკეტის ფრთის დაზიანების გამო.
სავარაუდოდ, რაკეტის წარუმატებელი გაშვება საბრძოლო მოქმედებების ტერიტორიაზე მოხდა. ამ შემთხვევამდე ღამით რუსმა სამხედროებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს. ა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გამოიძებენ ინციდენტს. ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, მათ სხვა კომენტარის გაკეთება არ შეუძლიათ.
უკრაინული ხელისუფლების წარმომადგენლებმა NYT-ის ჟურნალისტებს არ მისცეს შესაძლებლობა, საშუალება ენახათ აფეთქებული რაკეტის ნაწილები და ტერიტორია. თუმცა მოგვიანებით, რეპორტიორებმა მაინც შეძლეს შემთხვევის ადგილთან მისვლა, თვითმხილველთა გამოკითხვა და გამოყენებული იარაღის ნაწილების შეგროვება.
უსაფრთხოების კამერების მიერ დაფიქსირებულ კადრებში ჩანს, რომ კონსტანტინოვკაში რაკეტა უკრაინელთა კონტროლირებადი ტერიტორიიდან შემოფრინდა და არა რუსული საზღვრიდან.
რაკეტის მოახლოების ხმაზე სულ მცირე ოთხმა ქვეითად მოსიარულემ თავი ერთდროულად იქით შეაბრუნა, საიდანაც ხმა გაისმა. ისინი კამერისკენ იხედებიან, იმ მხარეს საითაც უკრაინელთა კონტროლირებადი ტერიტორიაა. დარტყმამდე რამდენიმე წუთით ადრე რაკეტის გამოსახულების ანარეკლი იქვე გაჩერებული მანქანებიდან ჩანს - რაკეტა ჩრდილო-დასავლეთიდან მიფრინავდა. (იხილეთ ვიდეო)
გამოცემის ცნობით, დამატებითი მტკიცებულებები კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ დრუჟკივკადან რუსი სამხედროებისკენ „მიწა-ჰაერის“ კლასის ორი რაკეტა გაუშვეს, რომელიც კონსტანტინოვკადან 10 მილის მოშორებით, ჩრდილო-დასავლეთითაა.
გამოცემა The New York Times-ის რეპორტიორები 14:00 საათზე დრუჟკივკაში იმყოფებოდნენ, როცა რაკეტის გასროლის ხმა გაიგეს. გუნდის ერთ-ერთმა წევრმა კი რაკეტის პირველი გაშვებისას აუდიო შეტყობინებაც ჩაწერა, სადაც რაკეტის გასროლის ხმა ისმის.
იმ დროს ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე 14:03 საათზე ადგილობრივებმაც დაწერეს, რომ რაკეტის გასროლა მოხდა. ბაზრის ტერიტორიასთან მაცხოვრებლებმა კი განაცხადეს, რომ რაკეტის გაშვებისას უჩვეულო, არანორმალური ხმა გაიგეს - იმ ხმათაგან განსხვავებული, რომელიც მათ ომის დაწყებიდან ესმით.
რაკეტის გაშვების დრო კი იმ დროს ემთხვევა, როდესაც კონსტანტინოვკის ბაზარში აფეთქება მოხდა - 14:04 საათს.
აღსანიშნავია, რომ უცხოურ გამოცემასთან ორმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ მათ დაინახეს რაკეტები, რომლებიც დრუჟკივკადან რუსი სამხედროების კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გაუშვეს, ერთ-ერთი კი კონსტანტინოვკას მიმართულებით გაფრინდა. უკრაინელმა სამხედრომ, რომელმაც ანონიმურობა ისურვა, ასევე განაცხადა, რომ დრუჟკივკადან თითქმის ერთდროულად ორი რაკეტა გაუშვეს.
ერთ-ერთმა თვითმხილველმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სარაკეტო სისტემები, რომლითაც რაკეტა გაუშვეს, ქალაქთან ახლოს, იმ ველზე იყო განლაგებული, რომელ ადგილსაც უკრაინელი სამხედროები აქამდეც იყენებდნენ.
The New York Times-ის რეპორტიორებმა დაათვალიერეს ზემოხსენებული ტერიტორია. ჟურნალისტებმა მართლაც ნახეს ის ადგილი, საიდანაც ცოტა ხნით ადრე რაკეტა გაუშეს. ველზე იყო სხვადასხვა კვალი, მათ შორის სამხედრო მანქანების. ასევე, ჟურნალისტების აზრით, თანამგზავრით გადაღებული ფოტოების ანალიზის მიხედვით, ეს ტერიტორია რაკეტების გაშვებისთვის გამოიყენებოდა.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ბაზრის აფეთქების შემდეგ აღნიშნავდნენ, რომ რუსულმა მხარემ იერიში ქალაქზე S-300 ტიპის რაკეტით მიიტანა. თუმცა, S-300 ტიპის რაკეტას უკეთესი ქობინი აქვს, ვიდრე იმ რაკეტას, რომელიც ქალაქში აფეთქდა.
აფეთქებული რაკეტის ფრაგმენტები კი შემთხვევის ადგილიდან ასობით კილომეტრზე მიმოიფანტა. დაზიანებული ადგილების ზომა კი 9M38 ტიპის რაკეტის ზომებს ემთხვევა, რომელსაც „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსიდან უშვებენ. როგორც ცნობილია, ამ სარაკეტო-საზენიტო კომპლექსს უკრაინაც და რუსეთიც იყენებს.

რატომ ჩამოვარდა რაკეტა კონსტანტნოვკაში, რომლის სროლის მაქსიმალური მანძილიც 17 მილია, ჯერ კიდევ უცნობია - შესაძლოა ის იქამდე დაზიანდა, ვიდრე მიზანს მიაღწევდა.
ასეთ მცირე მანძილზე - 10 მილზე ნაკლებ ტერიტორიაზე - რაკეტა, სავარაუდოდ, ძრავში დაუხარჯავი საწვავის ხარჯზე ჩამოვარდა და მიწასთან შეჯახების შემდეგ აფეთქდა.
თუმცა როგორც უცხოური გამოცემა აღნიშნავს, მათ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, როგორ აღმოჩნდა უკრაინული რაკეტა კონსტანტინოვკას ბაზარში, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს სავარაუდოდ ტრაგიკული შეცდომაა. (წყარო)