ნიკოლ ფაშინიანი, ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ენტონი ბლინკენსა და ემანუელ მაკრონს ესაუბრა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა, - ამის შესახებ ფაშინიანის პრესმდივნის, ნაზელი ბაღდასარიანის განცხადებაშია აღნიშნული.
„მხარეებმა განიხილეს აზერბაიჯანის თავდასხმის შემდეგ მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ძალის გამოყენების დაუშვებლობას და დეესკალაციისთვის საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობას“, - აცხადებს ბაღდასარიანი.
მისივე თქმით, ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსაც ესაუბრა.
„ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ძალის გამოყენების დაუშვებლობას და დეესკალაციის საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობას. საფრანგეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, საფრანგეთი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარების ინიციატივით გამოდის", - აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი.
IPN