ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის აღსასრული ანუ რატომ რეკავდა ფაშინიანი ახალ ომამდე ორი კვირით ადრე თბილისში?!
როგორც ჩანს, აზერბაიჯანმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა. მისი მომდევნო სამიზნე არის ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქი სტეფანაკერტი(ხანკენდი). აზერბაიჯანი ამისთვის ემზადებოდა. კერძოდ, გასული კვირეების განმავლობაში შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ აზერბაიჯანი სომხეთის საზღვართან და სტეფანაკერტი(ხანკენდი) მისადგომებთან ცოცხალ ძალას და მძიმე ტექნიკას უყრიდა თავს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გრძნობდა მოახლოებულ საფრთხეს და შესაბამისად, ყველანაირად ცდილობდა, რომ ახალი ომი თავიდან აერიდებინა. პირველ რიგში, ისევ და ისევ მოსკოვს მიადგა, თუმცა, როგორც ჩანს, მხარდაჭერაზე უარი მიიღო. ვლადიმირ პუტინმა ცინიკურად განაცხადა, რომ სომხეთი ყარაბაღს აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებს და ჩვენ რა შუაში ვართო. რასაც მოჰყვა ფაშინიანის სკანდალური განცხადება, რომ მხოლოდ რუსეთის იმედად ყოფნა სომხეთის სტარტეგიული შეცდომა იყო.
ფაშინიანმა სცადა ამერიკელების ჩართვაც, რათა ალიევს სამხედრო გეგმებზე ხელი აეღო. აგერ, სულ რამდენიმე დღის წინ ჩატარდა ერევანთან ახლოს სომხურ-ამერიკული სამხედრო წვრთნები. ფაშინიანმა ევროკავშირის ჩართვაც სცადა, თუმცა, როგორც ჩანს, ასევე უშედეგოდ.
მეტიც, ომის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, ნიკოლ ფაშინიანმა თბილისშიც დარეკა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრა. არსებული ინფორმაციით, ფაშინიანს იმედი ჰქონდა, რომ იქნებ ოფიციალურ თბილისს ერთგვარი შუამავლის როლი შეესრულებინა და ალიევს სამხედრო ძალის გამოყენება გადაეფიქრებინა...ჩვენ არ ვიცით, რამე მოიმოქმედა თუ არა ოფიციალურმა თბილისმა(სავარაუდოდ, მოიმოქმედა), მაგრამ ილჰამ ალიევი დიდი ალბათობით, თავის სტრატეგიულ გეგმებს არ შეცვლიდა. ისე, როგორც საქართველო არ შეცვლიდა თავის სტრატეგიულ გეგმებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიმე მეზობელს რომ დაერეკა.
ფაქტი ფაქტად რჩება - 19 სექტემბერს აზერბაიჯანის არმია შეტევაზე გადავიდა, ალყაში მოაქცია სტეფანაკერტი(ხანკენდი) და პირდაპირ განაცხადა, რომ დამთავრდა ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა. ბოლო ინფორმაციით, მსხვერპლმა მშვიდობიან მოსახლეობაში 20-ს გადააჭარბა. დღის ბოლოს ალიევის ადმინისტრაციამ მოუწოდა ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მთავრობას, რომ გადმოფინონ თეთრი დროშები და დაყარონ იარაღი.
სომხეთში ფაშინიანმა სასწრაფოდ გამართა უშიშროების საბჭო, რომლის შემდეგაც გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, სომხეთის შეიარაღებული ძალები ომში ჩართვას არ აპირებენ. ეს ოფიციალურად - თორემ რეალურად, რა თქმა უნდა, სომეხი ჯარისკაცები არიან ყარაბაღში და ეს აზერბაიჯან-სომხეთის ომია. ფაშინიანის ამ ოფიციალური განცხადების უკან, სავარაუდოდ, უნდა დავინახოთ ერთგვარი შეგუება, რომ სტეფანაკერტი მალე მხოლოდ ხანკენდი იქნება. აზერბაიჯანის შეირაღებული ძალები შევლენ ამ ქალაქში და ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა დაასრულებს თავის 32-წლიან არსებობას(დამოუკიდებლობა ამ ე.წ. რესპუბლიკამ 1991 წლის 2 სექტემბერს გამოაცხადა).
სხვა რა გამოსავალი აქვს ფაშინიანს?! ოფიციალურად შეუტევს აზერბაიჯანის არმიას და ალიევის ჯარისკაცები აქეთ შეიჭრებიან სომხეთში და ერევანიც ძალიან შორს არ არის. დაეხმარება კი მას მოსკოვი, რომელსაც ფაშინიანის დამხობის სურვილი აქვს?! აგერ, ერევანში უკვე მიმდინარეობს ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქციები, რომელთა უკან, თავად სომეხი ექსპერტების განმარტებით, ე.წ. ყარაბაღის კლანი დგას, რომელიც თავის მხრივ, თავიდან ბოლომდე მიბმულია თურქეთზე.
თუმცა უმოკავშირეოდ ფაშინიანი ნამდვილად არ არის. აგერ, ირანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ თუ აზერბაიჯანი გადაკვეთავს სომხეთის საზღვრებს, ეს "წითელი ხაზი" იქნება. თავის მხრივ, აზერბაიჯანის უკან თურქეთი დგას. რუსეთი კი შეეცდება ფაშინიანის დამხობას ისე, რომ სომხეთზე გავლენა არ დაკარგოს. მოკლედ, თუ სიტუაცია არ განიმუხტა, ჩვენს რეგიონში სერიოზულ რყევებს მივიღებთ.
რა თქმა უნდა, არც ერთი სცენარი არ არის გამორიცხული. თუმცა მაინც გვგონია, რომ დიდი ალბათობით, ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის აღსასრული დადგება, ფაშინიანი კი პროტესტის ტალღიდან შედარებით უმტკივნეულოდ გამოძრომას შეეცდება. დიდი რეგიონული ომი არც აზერბაიჯანს აწყობს და არც სომხეთს, რომელსაც შეიძლება ეს საერთოდ სახელმწიფოებრიობის დაკარგვად დაუჯდეს.