"მზრუნველი მამა ჩანდა, ბავშვებს ხშირად აკითხავდა სკოლაში... ორი ვერსიაა, რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია..." - კვირის პალიტრა

"მზრუნველი მამა ჩანდა, ბავშვებს ხშირად აკითხავდა სკოლაში... ორი ვერსიაა, რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია..."

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის მიზეზებს ამ დრომდე სამართალდამცველები ადგენენ. მოქმედმა პოლიციელმა, 55 წლის გურამ ქადეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ის ამჟამად ხეჩინაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების თქმით, ქადეიშვილს თავის არეში გამჭოლი ჭრილობა აღენიშნება, ნეიროქირურგებმა მას ოპერაცია უკვე ჩაუტარეს, ჭრილობა მარცხნივ, საფეთქლის არეში აღენიშნება. როგორც ექიმი ამბობს, მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, პაციენტი რეანიმაციაში რჩება. ცნობილია ისიც, რომ გურამ ქადეიშვილი შს სამინისტროში წლების განმავლობაში მუშაობდა. ამჟამად გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი იყო. დანაშაული, სავარაუდოდ, მისი კუთვნილი ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოხდა. რაც ყველაზე მძიმეა, ამ შემზარავ ფაქტს მისი 2 მცირეწლოვანი გოგონა შეესწრო. რადგან დანაშაულში ბრალდებული პირი პოლიციელია, ამიტომ საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. გამოძიება სს კოდექსის 11-პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მომხდარი უმძიმესი ფაქტი მეზობლებმა გვიან შეიტყვეს, ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ.

"ბავშვები ტიროდნენ, იძახდნენ, "მამა, არ გაპატიებთო”. სასწრაფო იყო მოსული, ამ მოზარდებს ცალკე აწყნარებდნენ, ერთი, დაახლოებით, 15 წლამდეა, მეორე - მასზე უმცროსი. ვიფიქრე, ალბათ, ოჯახური კონფლიქტია-მეთქი, თუ მიცვალებულები იყვნენ, ეგ ნამდვილად არ ვიცოდი. რაც შეეხება დაჭრილ მამაკაცს, მას გადაადგილება თვითონ არ შეეძლო. მაშველებს გამოუძახეს, სასწრაფოს და ბრიგადამ წაიყვანა.

ისიც არ ვიცოდი, რომ გარდაცვლილი ორი პირი იყო. მე გავიგე ბავშვების ხმა, რომლებიც დედის სახელს ყვიროდნენ. იქ თუ ბებიაც იყო, ეს არ ვიცოდი. ამბობენ, რომ ეს ოჯახი სამი თვეა რაც აქ ცხოვრობს. თურმე ყოფილი მეუღლე ყოფილა ბრალდებული მამაკაცი.

არც გასროლა გაგვიგია, არადა, სახლში ვიყავი“, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები დიდხანს მუშაობდნენ. დედა-შვილი ადგილზე იყო გარდაცვლილი ვერიკო და ირინა ქუმსიაშვილების ცხედრებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ. რის შემდეგაც, დედა-შვილის ცხედარი სამების ეზოში მდებარე პატარა ტაძარში გადაასვენეს, მათ ხვალ გამოეთხოვებიან ახლობლები და ხუთშაბათს მიაბარებენ მიწას...

ამ ტრაგედიაზე საუბარი დღეს ყველას უჭირს. მომხდარით შეძრულები არიან ახლობლები. ყველა ერიდება დეტალებზე საუბარს. ერთი ვერსიით, მკვლელობა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებულ შელაპარაკებას მოჰყვა, მეორე ვერსიით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა იყო, როგორც ამბობენ, ცოლ-ქმარი ერთ წელზე მეტია დაშორებულია, მაგრამ ოფიციალურად განქორწინებულები არ იყვნენ, იმასაც ამბობენ, ქმარი შერიგებას სთხოვდაო. რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია.

"ვერიკოს პირადად ვიცნობ, ვიცნობდი მის დედასაც. ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. ძალიან განვიცდი ამ ამბავს. ვერიკო შვილებზე მზრუნველი დედა იყო. დღეს მთელი დღე ვფიქრობ და ვერ ამიხსნია, რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია. სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ჩვენი შვილები თანაკლასელები არიან. ამიტომ, ხშირად ვხდებოდით ერთმანეთს. პირადად ვიცნობ გურამსაც. ადამიანის ამოცნობა ალბათ რთულია. სახლში რა ხდება, არავინ იცის, მაგრამ ეს მამაკაცი გარედან ძალიან მზრუნველი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მშვიდი, გაწონასწორებული ჩანდა. მათ სახლში რა ხდებოდა, არ ვიცი, ფაქტია, ასეთი უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა და თავისი ულამაზესი შვილები ასე გაანადგურა. არადა, ბავშვებს ხშირად აკითხავდა სკოლაში, მზრუნველი მამა ჩანდა.

რატომ უნდა მომხდარიყო ეს დანაშაული, ეს კითხვა დღეს მთელი დღეა ყველას გვაქვს...

ორი ვერსიაა, ერთი არის ეჭვიანობა, მეორე ვერსიით, შერიგებას სთხოვდა. შვილების თვალწინ მოხდა ეს ამბავი. თურმე ბავშვებს უთხრეს, დედა ცოცხალიაო, გვიან გაიგეს, რომ გარდაიცვალა. ერთი ბავშვი ისე ცუდად გახდა, ექიმების დახმარება დასჭირდა. არ ვიცი, წარმოუდგენელი ტრაგედიაა. არადა, ორივე ცოლ- ქმარი ყველანაირად ზრუნავდნენ შვილებზე. მე პირადად არ ვიცოდი დაშორებულები რომ იყვნენ. ერთადაც ბევრჯერ მინახავს, როგორც ჩანს, ბოლო დროს დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა.

ახლა, სხვა მშობლები, რომლებიც უფრო ახლოს იყვნენ, ამბობენ, რომ ერთი წელი იქნება, რაც დაშორდნენო. ვერიკოს დედა საზღვარგარეთ იყო სამუშაოდ, ჩამოვიდა იქიდან და მას დაუქირავებია ეს ბინა. ბავშვებს მამასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, სკოლაც აქვე იყო და ალბათ უნდოდათ ახლოს ყოფილიყვნენ. ნაქირავები სადაც აქვთ, იმის წინა კორპუსში ცხოვრობდა ეს მამაკაცი. ამბობენ, ახლა სკოლა რომ დაიწყო, ბავშვებმა სახლიდან ტანსაცმელი და თავიანთი ნივთები ამ ნაქირავებ ბინაში წამოიღესო და გურამი საღამოს მივიდა ვერიკოსთან იმისთვის, რომ ცოლისთვის შერიგება ეთხოვა, სწორედ ამ დროს მოხდა ეს ტრაგედია.

ვერიკო კარგი ადამიანი იყო, სულ მოწესრიგებული დადიოდა, სულ აკითხავდა შვილებს, ეს ქმარიც ბევრჯერ მინახავს სკოლაში, ძალიან გაოგნებული ვარ მომხდარით.

ვერიკოს პატარა ბიზნესიც ჰქონდა, თბილისსის ზღვაზე ჰქონდათ ახლობლებთან ერთად ფაცხები და იქ დაგვპატიჟა კიდეც. ამ ტრაგედიამდე საათნახევრის წინ ვერიკოს სკოლის ერთ-ერთ პედაგოგთან დაურეკავს, სამეცადინოდ ცხრილი ერთად შეადგენინეს ბავშვებისთვის, რომ ამ პედაგოგს მოემზადებინა. თურმე ჩვეულებრივ ხასიათზე იყო და ამ მოკლე დროში დატრიალდა ეს ტრაგედია...

როგორც ვიცი, ვერიკოს დედა - ირინა კვლავ აპირებდა სამუშაოდ ქვეყნიდან წასვლას...

საშინელება მოხდა, ძალიან განვიცდით ყველანი, შეძრულები ვართ“, - ამბობს ჩვენთან საუბარში ახალგაზრდა ქალი.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება, ჯერჯერობით ძალოვანებს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ.

"სა­ში­ნე­ლი ტრაგედია დატრიალდა, შოკ­ში ვარ და ვერ ამიხ­სნია, რა­ტომ უნდა მომ­ხდა­რი­ყო ეს ამ­ბა­ვი. ვე­რი­კო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო. შვი­ლებ­ზე სა­ოც­რად მზრუნ­ვე­ლი დედა. ძა­ლი­ან კარ­გი შვი­ლი, ძა­ლი­ან კარ­გი მე­უღ­ლე. რო­გორც ვიცი, ის მე­უღ­ლეს­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­შო­რე­ბუ­ლი არ იყო. ბინა ჰქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი. მას ახ­ლოს არ ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ სხვე­ბის­გან ვიცი, რომ კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. ვე­რი­კო დე­დი­სერ­თაა. სახ­ლში რა მოხ­და გუ­შინ, ნამ­დვი­ლად არ ვიცი.

ძა­ლი­ან გან­ვიც­დი.

ორი ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა ეზ­რდე­ბათ. მა­მას­თან ბავ­შვებს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. ცოლ-ქმარს შო­რის, რო­გორც ჩანს, უთან­ხმო­ე­ბა არსებობდა, მაგ­რამ მი­ზე­ზი არ ვიცი. სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვია და ყვე­ლას იმას ვე­კი­თხე­ბი, რა­ტომ უნდა დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი­ყო ეს ტრა­გე­დია, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ გვაქვს", - გვიყ­ვე­ბა მოკ­ლუ­ლე­ბის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

სოციალურ ქსელში ბევრი ტკივილიანი სტატუსია. ახალგაზრდა დედა-შვილს ემშვიდობებიან ახლობლები და განიცდიან მომხდარ ტრაგედიას.

"ჩვენი პოზიტიური და საყვარელი ირა, დაუჯერებელია", - წერს ახლობელი.

„აღარ მყავს ჩემი სიყვარული გოგონები, სიტყვებს ვერ ვუყრი თავს!“, - წერს მეგობარი.

როგორც ცნობილია, ფაქტს თვითმხილველები ჰყავს და ისინი უკვე გამოკითხა გამოძიებამ.

(სპეციალურად საიტისთვის)