"ზელენსკის მოთხოვნა განწირულია" - რატომ არის შეუძლებელი რუსეთის გარიცხვა გაეროს უშიშროების საბჭოდან?! - კვირის პალიტრა

"ზელენსკის მოთხოვნა განწირულია" - რატომ არის შეუძლებელი რუსეთის გარიცხვა გაეროს უშიშროების საბჭოდან?!

გერმანული გაზეთი „ტაგესშპიგელი“ (Der Tagesspiegel) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნით, ტერორისტებს გაეროში ყოფნის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. შეიძლება თუ არა რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში თავისი მუდმივი ადგილი დაკარგოს?“ (ავტორი - ანდრეა დენბახი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ნიუ-იორკში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას აკრიტიკებს: როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინასთან აგრესიულ ომს აწარმოებს, მოსკოვი კვლავ რჩება საერთაშორისო პოლიტიკის საჭესთან. „ტერორისტებს“ გაეროს უშიშროების საბჭოში ყოფნის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. მისი თქმით, გაეროს წესდებას „სრული ძალა უნდა დაუბრუნდეს“.

„წესდების საკვანძო პრინციპია სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია გაეროს უფლებების გაფართოება აგრესიების თავიდან აცილებისა და მათი შეჩერების მიზნით. ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და საწყენია ის ფაქტი, რომ რუსეთი გაეროს წევრია და მას უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს. სამწუხაროა, რომ მშვიდობის დაცვის მიზნით შექმნილ ორგანიზაციაში ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ადგილებს უკრაინის მთავარი მტრები... რუსეთი გარიცხული უნდა იქნას გაეროს უშიშროების საბჭოდან“, - განაცხადა უკრაინის მეთაურმა.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნა გაეროს მმართველი ორგანოს - უშიშროების საბჭოს შემადგენლობიდან რუსეთის გარიცხვის თაობაზე ახალი არ არის: მან ეს წინადადება 2022 წლის აპრილშიც გააჟღერა, მაგრამ იმ დროსაც და ახლაც უკრაინის მეთაურის განცხადება უშედეგოდ დარჩება - განწირულია მხოლოდ მოთხოვნად დაფიქსირდეს და სხვა არაფერი.

საერთაშორისო სამართლის ექსპერტების თქმით, 1945 წლის 26 ივნისს ხელმოწერილი გაეროს წესდების მიხედვით, უშიშროების საბჭო გაეროს მუდმივმოქმედ და მთავარ ორგანოს წარმოადგენს. მას მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე. უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი. ყოველ წევრს აქვს ვეტოს უფლება ნებისმიერი განსახილველი საკითხის მიმართ.

გაეროს წესდებით არ არის გათვალისწინებული ამგვარი უმაღლესი სტატუსის მქონე წევრის გარიცხვა. უფრო მეტიც - მსგავსი პრეცედენტები გაეროს ისტორიაში საერთოდ არასოდეს ყოფილა. საბჭოთა კავშირი, რომლის სამართალ- და ადგილმემკვიდრედ გაეროს უშიშროების საბჭოში (1991 წლის 26 დეკემბრიდან) რუსეთი ითვლება, მხოლოდ ერთხელ არ ესწრებოდა უშიშროების საბჭოს სხდომას, თუმცა ეს მისივე საკუთარი სურვილით მოხდა - 1950-ანი წლების დასაწყისში, როცა გაერომ მიიღო გადაწყვეტილება კორეის ნახევარკუნძულზე, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, მრავალეროვნული სამშვიდობო კონტიგენტის გაგზავნის შესახებ. ამგვარი სიტუაციები დღემდე მეტად აღარ განმეორებულა.

ექსპერტები იმავდროულად აღნიშნავენ, რომ მატულობს უკმაყოფილება უშიშროების საბჭოს მოქმედების პრინციპის მიმართ. მათი თქმით, საბჭოს წევრების შემადგენლობა ასახავს ისეთ მდგომარეობას, როგორიც მსოფლიოში 1945 წელს იყო. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ძალთა იმდროინდელი განლაგება დღევანდელ რეალურ მდგომარეობას არ ემთხვევა. არიან სახელმწიფოები, რომლებიც გაეროს გარკვეულ რეფორმას ითხოვენ, მაგრამ უშიშროების საბჭოს მუდმივი ხუთი წევრი დაინტერესებულნი არ არიან რაიმე ცვლილებაში და ვეტოს ადებენ ორგანიზაციის რეფორმირების ნებისმიერ მცდელობას.

როგორც ექსპერტები მიუთითებენ, სიტუაციას ართულებს და აღრმავებს საერთაშორისო პოლიტიკის დღევანდელი მდგომარეობაც. ამ სიტუაციიდან გამოსავალს ისინი გაეროს გენერალური ასამბლეის კომპეტენციის გაფართოებასა და გაძლიერებაში ხედავენ, რომელიც, უშიშროების საბჭოს პარალელურად, წინა წლებისაგან განსხვავებით, უკვე აქტიურად არის დაკავებული მშვიდობის განმტკიცების საქმით.

მოამზადა სიმონ კილაძემ.

წყარო