ალიევს ყარაბაღი, პუტინს - სომხეთი, ფაშინიანს - ჩამოგდება ანუ როგორ გაწირა რუსეთმა სომხეთი - კვირის პალიტრა

ალიევს ყარაბაღი, პუტინს - სომხეთი, ფაშინიანს - ჩამოგდება ანუ როგორ გაწირა რუსეთმა სომხეთი

19 სექტემბერს დაიწო ის, რაც გარდაუვალად მოჩანდა - აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, სამი წლის წინ შეჩერებული პროცესის ბოლომდე მიყვანა, ყარაბაღში ქვეყნის კონსტიტუციური წყობის აღდგენამდე და დღეს მთელ მსოფლიოში არ მოჩანს ძალა,რომელიც ამაში ხელს შეუშლის ბაქოს...

„...მთავარი პრობლემა ყარაბაღელ სომხებშია, რომელთა ბედის გარკვევა დიდ ვნებათაღელვასთანაა დაკავშირებული" - პრეზიდენტმა ალიევმა არაერთხელ ნათლად განაცხადა, ყარაბაღელმა სომხებმა კეთილი ინებონ, დაყარონ იარაღი, მიიღონ აზერბაიჯანის მოქალაქეობა და გააგრძელონ ცხოვრება ყარაბაღში ყოველგვარი ავტონომიების გარეშეო. ეს კი არ აწყობს ყარაბაღის პრორუსულ კლანს, სომხეთის ყოფილ პრეზიდენტებს, ქოჩარიანსა და სარგსიანს, რომელთა პოლიტიკური ინტერესები და გავლენის სფეროები უკიდურესად შეზღუდა ფაშინიანმა, რომელმაც, მიუხედავად 2020 წლის ომში სომხეთის დამარცხებისა, მაინც შეინარჩუნა ხელისუფლება.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპელმა და განსაკუთრებით ამერიკელმა დიპლომატებმა სომხეთი და აზერბაიჯანი შეარიგონ და მოხსნან ყარაბაღის პრობლემა. ამ შემთხვევაში რუსეთის გავლენა ძალზე შესუსტდება სომხეთში (აზერბაიჯანზე რუსეთს არც აქამდე ჰქონია ძალზე დიდი გავლენა, თუმცა ჭკვიანი ალიევი ყოველთვის პოულობს საერთო ენას პუტინთან, რაშიც, რა თქმა უნდა, მამის, ჰეიდარ ალიევის კა-გე-ბეშნიკური წარსულიც ეხმარება, პუტინიც ხომ ამ „ოჯახიდანაა).

სომხეთის ხელისუფლებაში თავისი მეგობარი ქოჩარიანი რომ დააბრუნოს, პუტინი წავა ყარაბაღის მორიგ „აფეთქებაზე“ - თვითგამოცხადებული ყარაბაღის „პრეზიდენტი“ არაიკ არუთინიანი რამდენიმე დღის წინ გადადგა და ქოჩარიან-სარგსიანის წყვილი ყველაფერს გააკეთებს ყარაბაღელ სომხებში დიდი „მოძრაობის“ დასაწყებად, რაც პირველ რიგში ბაქოს კი არა, არამედ ერევნის და კონკრეტულად ფაშინიანის ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული მთავარი მოთხოვნით - გასული წლის დეკემბრიდან აზერბაიჯანს ჩაკეტილი აქვს ლაჩინი-სტეფანაკერტის სამანქანო გზა და როდემდე უნდა ვიყოთ ბლოკადაში, ოფიციალური ერევანი რატომ არ გვეხმარება, ძალით გავხსნათ გზა სომხეთის საზღვრამდეო.

2-f-1695197209.png

ამ რუკაზე მწვანე ისრებით მინიშნებული აზერბაიჯანის არმიის ყარაბაღზე შეტევის მიახლოებითი მიმართულებები...

"ფაშინიანს რაღაცის შეცვლა სურს მოჯადოებული წრიდან გამოსასვლელად, რადგან ლოზუნგმა „ყარაბაღი მეორე სომხეთია“, პირველი სომხეთი ლამის სრული დაღუპვის პირას მიიყვანა სამი წლის წინ, ბოლო ომში დამარცხების შემდეგ და დღეს ახალი ომი ბევრად ძლიერ აზერბაიჯანის არმიასთან, რომელსაც კიდევ უფრო ძლიერი თურქეთი უჭერს მხარს, ხოლო ისრაელი ულტრათანამედროვე შეიარაღებით ამარაგებს, კარგს არაფერ უქადის სომხეთის მომავალს. თუმცა ფაშინიანის ხელისუფლების დამხობისა და ერევანში ქოჩარიან-სარგსიანის წყვილის დაბრუნების შემთხვევაში პუტინმა შეიძლება თავის მეგობარს ბევრად დიდი სამხედრო-პოლიტიკური დახმარება გაუწიოს, ვიდრე სამი წლის წინ ყარაბაღის ბოლო ომში ფაშინიანის ხელისუფლებას დაეხმარა, რადგან ყარაბაღის კონფლიქტის მუდმივობა სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ყოფნის გაძლიერების ტოლფასია“-ამას ვწერდი 4 სექტემბრის „კვირის პალიტრის“ სტატიაში „ყარაბაღის პრორუსული კლანი სომხეთ-აზერბაიჯანის მორიგი ომის პროვოცირებას ცდილობს?“, რამაც პრინციპში კიდევაც დაიწყო ხორცშესხმა ორი კვირის თავზე...

არადა, ყარაბაღელი სომხების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა საუკეთესო საბაბი მისცა პრეზიდენტ ალიევს დაუყოვნებლივ, რამდენიმე საათში დაეწყო ანტიტერორისტული ოპერაცია მას შემდეგ, რაც ყარაბაღში, აზერბაიჯანელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ახალგაყვანილ გზაზე დივერსიული აქტი განხორციელდა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებით,რის შედეგადაც ორი სატვირთო ავტომობილი აფეთქდა და ექვსი აზერბაიჯანელი დაიღუპა (თუმცა არც იმის ბოლომდე გამორიცხვა შეიძლება,რომ ეს რუსული დივერსიული ჯგუფის ნამოქმედარიც ყოფილიყო).

ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის, საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღში ერთი დღე-ღამეა მიმდინარეობს სწორედ იმ სცენარით, რისი გამოცნობაც რთული არ გახლდათ - აზერბაიჯანის არმია მართვადი სარაკეტო შეიარაღებით და კამიკაძე-დრონებით წერტილოვან დარტყმებს აყენებს ყარაბაღელი სეპარატისტების პოზიციებს და საბრძოლო ტექნიკას, პირველ რიგში კი რადიოლოკატორებს, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებსა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს, რათა ყარაბაღის თავზე ცაში აზერბაიჯანულმა დრონებმა, შვეულმფრენებმა და საბრძოლო თვითმფრინავებმა უშიშრად იფრინონ და მიწაზე მაშინვე საჰაერო დარტყმა მიაყენონ იმ სომხურ დაჯგუფებებს, რომლებიც შეეცდებიან შეტევაზე გადასული აზერბაიჯანული არმიის სახმელეთო მოიერიშე ჯგუფებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიონ..

.ყარაბაღის ბედი თითქმის გადაწყვეტილია, რადგან ყარაბაღელ სეპარატისტებს არავინ დაეხმარება, არც იქ დისლოცირებული რუსული ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტი და არც თავად...სომხეთი! "სომხეთის არმია არ ჩაერევა ყარაბაღისთვის ბრძოლებში", - მტკიცედ განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა,რითაც ერევანში მოსახლეობის ნაწილის დიდი პროტესტი გამოიწვია,რომლებიც გუშინ ღამე ერევნის ცენტრში მთავრობის სახლში ძალით შეჭრას ცდილობდნენ,დღეს საღამოდ კი მრავალრიცხოვან მიტინგს გეგმავენ ფაშინიანის მთავრობის ჩამოგდებისა და ყარაბაღელი ძმებისთვის სომხეთის არმიის დასახმარებლად გაგზავნის მოთხოვნით...ანუ ყველაფერი მიდის იმ სცენარით, რაც სავარაუდოდ პუტინის-ერდოღანისა და ალიევს შორის ფარული შეთანხმებით შემუშავდა - აზერბაიჯანი იბრუნებს ყარაბაღს, რაშიც მას იქ მყოფი რუსული სამხედრო კონტინგენტი ხელს არ უშლის, სამაგიეროდ რუსეთი აძლიერებს კონტროლს მთლიანად სომხეთზე მას შემდეგ, რაც ყარაბაღის დაკარგვით ძალზე უკმაყოფილო სომხები თავად ერევანში დაამხობენ ფაშინიანის ხელისუფლებას და სომხეთის სათავეში დაბრუნდებიან პრორუსი სომეხი პოლიტიკოსები, პირველ რიგში კი პუტინის პირადი მეგობარი,სომხეთის ექს-პრეზიდენტი ქოჩარიანი...თუმცა,მხარდაჭერების გარეშე არც ფაშინიანის გუნდია-მთავრობის სახლში შეჭრის მცდელობის პარალელურად, ერევანში რუსეთის საელჩოს წინ არანაკლები რაოდენობის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებმაც საელჩოდან გამოსასვლელები დაბლოკეს და რუსეთს სულ ოკუპანტსა და გამყიდველს ეძახდნენ...

ყარაბაღის „შეწირვა“ უღირს კრემლს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იწყებს თვით სომხეთის დაკარგვასაც, რადგან რუსეთის მხრიდან სამხედრო დახმარების არ აღმოჩენით განაწყენებული ფაშინიანი დახმარებას დასავლეთში, საფრანგეთსა და აშშ-ში ეძებს და ყარაბაღზე აზერბაიჯანის ხელისუფლების იურისდიქციის სრული აღდგენის შემდეგ, ფაშინიანის ხელისუფლება ზურგიდან მოიხსნის მძიმე ტვირთს ყარაბაღის პრობლემის სახით და თავის ქვეყანას მიხედავს - პირველ რიგში დასავლეთთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირების სასწრაფოდ გაღრმავების გზით. ამიტომაც ფაშინიანი კატეგორიულ უარს აცხადებს ოფიციალურად გააგზავნოს სომხეთის არმია ყარაბაღელი სომხების დასახმარებლად, რადგან ეს აზერბაიჯან-სომხეთის ომის დაწყებას ნიშნავს, რომელშიც ამ უკანასკნელს დამარცხება მოელის, რის შემდეგადაც უდიდესი პრობლემები თავად სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას შეიძლება შეექმნას, მათ შორის ზანგეზურის სახმელეთო დერეფნის ძალით გაჭრის სახითაც, რაც ასე სურთ ანკარასა და ბაქოში.

ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბლინკენიც იგივე აცხადებს, მაგრამ პრეზიდენტი ალიევი მტკიცედ დგას თავისზე - ჯერ იარაღს ყრიან ყარაბაღელი სომხები, შემდეგ აუქმებენ თავის სეპარატისტულ მთავრობას, იღებენ აზერბაიჯანის მოქალაქეობას და აგრძელებენ ცხოვრებას(ვისაც დანაშაული არ აქვს ჩადენილი) ყარაბაღში ან თუ ეს არ სურთ, ტოვებენ ყარაბაღს და მთლიანად აზერბაიჯანის ტერიტორიას...აზერბაიჯანის პრეზიდენტს დღეს აქვს იმის ძალა,რომ ასე პირდაპირ უპასუხოს საფრანგეთსაც და აშშ-საც, რადგან მის პოზიციას სერიოზულად ამაგრებს ერდოღანის მხარდაჭერის ფაქტორი და ისიც, რომ პუტინი ამის წინააღმდეგი არ არის...

მესამე ომი ყარაბაღში ეტყობა დიდხანს არ გაგრძელდება, სულ რამდენიმე დღე, არც ისაა გამორიცხული, რომ უკვე 20 სექტემბრის ბოლომდე ბევრი რამ გაირკვეს, მათ შორის ყარაბაღელი სეპარატისტების კაპიტულაციის ჩათვლით, თუმცა მათი ნაწილი ალბათ ყარაბაღის ტყეებს შეაფარებს თავს და განაგრძობს პარტიზანულ ბრძოლებს ზამთრის დადგომამდე...

P.S. ყარაბაღელი სომხები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს აზერბაიჯანის არმიამ შეტევა მიიტანა კონფლიქტის ზონაში განთავსებულ რუსულ ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტზე, რასაც აზერბაიჯანული მხარე კატეგორიულად უარყოფს, რუსები დუმან - ნუთუ სომხური მხარე აგვისტოს ომის კარტის გათამაშებას ცდილობს, რომ რუსულ „ცისფერჩაფხუტიანებზე“ თავდასხმის გამო და მათი გადარჩენის მომიზეზებით, ყარაბაღში რუსული არმიის დამატებითი ძალების შეყვანა სთხოვოს პუტინს? ამჯერად ეს არ გამოვა, რადგან სცენარში სულ სხვა რამე წერია - რუსეთმა უკვე მეორედ ერთი საუკუნის განმავლობაში ჯერ წააქეზა სომხები და მერე შეატოვა...