პარლამენტის პლენარული სხდომა გახსნისთანავე დაპირისპირებით დაიწყო
პარლამენტის პლენარული სხდომა გახსნისთანავე დაპირისპირებით დაიწყო. მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა რეგისტრაცია გაიარეს, ოპოზიციამ დღის წესრიგის დაზუსტებისას განცხადებების გაკეთება ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული თემით სცადა, თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მათ განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა არ მისცეს.
გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომ ამერიკის აგენტურა პარლამენტიდან გავიდეს. ოპოზიცია კი, აცხადებს, რომ სახელმწიფო და სახელმწიფოს ინსტიტუტები ჩამდგარია რუსეთის სპეცსამსახურის - „ეფებეს“ დაცვის სამსახურში.
თავის მხრივ, გიორგი ვაშაძემ "ქართულ ოცნებას" მიმართა, რომ რუსეთის ჯაშუშებს საფლავში არ ჩაყვნენ. სესიაზე ადგილი აქვს ურთიერთბრალდებებს და გადაძახილებს აგენტობის შესახებ. ოპოზიცია აცხადებს, რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, რომ პარლამენტის სხდომა სწორედ ამ თემაზე დებატებით გაიხსნას. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არის ხმაურიანი გადაძახილები. სიტუაციის განმუხტვას მანდატურები ცდილობენ.
"ინტერპრესნიუსი"