კლიმატგონივრული მეურნეობა ბალღოჯიანში - კვირის პალიტრა

კლიმატგონივრული მეურნეობა ბალღოჯიანში

15 წლის წინ ევროპაში იმოგზაურა, სადაც ბევრი ფერმერი ნახა, რომლებსაც მოსავალი თანამედროვე ტექნოლოგიებით მოჰყავდათ. ყველაფერს ყურადღებითა და ინტერესით აკვირდებოდა და სწავლობდა. დღეს ყვარლელი ფერმერის ავთანდილ მარაქველიძის ბაღჩა-ბაღი სოფელ ბალღოჯიანში გამოირჩევა ნიადაგის დამუშავებით, თესვისა და მორწყვის მეთოდებით. მრავალპროფილური მეურნეობა აქვს - 59 დასახელების ბოსტნეული მოჰყავს თანამედროვე ე.წ. კლიმატგონივრული მეთოდების გამოყენებით.

ავთანდილ მარაქველიძე: - ყვარლის რაიონი სოფელი ბალღოჯიანი ლაგოდეხს ესაზღვრება. აქ ყოველთვის მივდევდი მებაღეობას და იმ გამოცდილებას თუ ტექნოლოგიას, რაც ადრეულ წლებში არსებობდა, მუდმივად ვიყენებდი. მერე 2005 წელს ევროპის ქვეყნებში ვიმოგზაურე. 7 თვის განმავლობაში თითქმის ყველა ქვეყანა ვნახე. აქაც იმ დროისთვის ნიადაგი მომზადებული მქონდა, რათა ფერმერული მეურნეობა უფრო ფართოდ გაგვეშალა. მიწებს გაჭირვებით, მაგრამ მაინც ვყიდულობდით. თუ რამეს ვშოულობდი, უძრავ ქონებაში ვდებდი. ვენახიც გავაშენე და ამჟამად 7,5 ჰექტარი გვაქვს.

ევროპიდან ახალი, რადიკალურად შეცვლილი ხედვით დავბრუნდი. იქაურ ფერმერულ ცხოვრებას ყურადღებით ვაკვირდებოდი, ვსწავლობდი. ტექნოლოგიები აბსოლუტურად განსხვავებული იყო. მივხვდი, თუ წინსვლა გვინდა, იმ ყველაფერს უნდა დავეუფლოთ. აქამდე არსებული ცოდნით, მხოლოდ მამაპაპისეული გამოცდილებით განვითარების შანსი ნაკლებია. ევროპის ქვეყნები სწორედ ტექნოლოგიების წყალობით ვითარდებოდნენ. მოკლედ, საქართველოში რომ დავბრუნდი,­ იმ მეთოდების, ტექნოლოგიების ათვისება და მუშაობა დავიწყე. მერე დაბა­ლპროცენტიანი სესხის აღების შესაძლებლობა გამოჩნდა - მანამდე ეს ხელმიუწვდომელი იყო. ამ დროისთვის უკვე ისე ვიყავი მომზადებული, რომ საქმე ნელა-ნელა აეწყო.

mamul2-1695200503.jpg

- მიწა, რომელსაც ახლა ამუშავებთ, სულ თქვენი საკუთრებაა?

- დიახ, აქ 300 ტონამდე პროდუქტი­ მოგვყავს, ძირითადად, ბოსტნეული. დღეგამოშვებით 3-4 ტონას ერთ-ერთ ჰიპერმარკეტის ქსელს ვაწვდი. ფერისცვალებამდე ყოველდღე ვგზავნიდით ხან ორ და ხან სამ მანქანასაც. ადრე გაზაფხულზე სალათის ფურცელი მოგვყავს, რომელიც დიდ კვების ობიექტში შეგვაქვს. ახლა მიწას, სადაც ადრე სხვა ბოსტნეული მოვიყვანეთ, სალათის ფურცლის მოსაყვანად ვასუფთავებთ. ველოდებით, რომ ზამთარში კიდევ 50 ტონა სალათს მოვიყვანთ. გვაქვს მაცივრებიც, შარშან იუ-ეს-აიდმა დაგვაფინანსა და თანადაფინანსებით შევიძინეთ.

- გაზაფხულზე სალათის ფურცელს რომ აიღებთ, მის ადგილას სხვა ბოსტნეული და ბაღჩეული მოგყავთ?

- კი და ამასაც რომ ავიღებთ, კვლავ სალათს ვაბრუნებთ. თესლბრუნვასაც ვაწარმოებთ. დაახლოებით *10 ჰექტარამდე მიწას ბოსტნეულ-ბაღჩეულისთვის ვიყენებთ. დანარჩენი არის ვენახისთვის, თხილისთვის, ხურმისთვის, კარალიოკისთვის და ა.შ. ჯამში 23 ჰექტარია.

სეზონებზე, სულ ცოტა, 20 კაცი გვყავს­ დასაქმებული, პერიოდულად - 49, ვენახშიც, როცა საჭიროა, სხვა ბრიგადებს ვამუშავებთ. ბოსტნეულის კრეფისას ყოვ­ელდღე 20-28 კაცი შრომობს. რთვლის შემდეგ რიცხვს ნელ-ნელა ვამცირებთ და 12-13 კაცი თითქმის მთელ წელიწადს მუშაობს.

mamul4-1695200503.jpg

- გამოდის, არცთუ დიდ სოფელში სამუშაო ადგილებიც შეიქმნა.

- ჩვენთან ისე მუშაობენ, როგორც საკუთარ ოჯახში. ამასთან, წახალისების მიზნით, სანამ სალათის ფურცელზე მუშაობენ, უცხო ქვეყანაში ვამოგზაურებ. სხვა ბონუსებიც გვაქვს.

- რას ნიშნავს კლიმატგონივრული მეურნეობა, რასაც თქვენ მისდევთ.

- წყალი მაქსიმალურად იზოგება. მულჩირება გვაქვს გაკეთებული, მილები მიწაშია ჩაფლული, ზემოდან არ ჩანს. სარწყავი წყალი მიწიდან, ანუ მილიდან ამოდის სპეციალური წყალსაქაჩით. მოკლედ, მცენარე ნებისმიერ ამინდში ირწყვება.­ თუ ჭარბი­ ნალექი მოვა, გვაქვს სანიაღვრე არხებიც, რითაც წყალი გაიწოვება და არ დაგუბდება, არც დაიტბორება. ვსარგებლობთ სპეციალური საჩრდილობელი ბადეებითაც - მცენარე მზის პირდაპირი დასხივებისგან დაცულია და შედარებით კომფორტულად გრძნობს თავს. მოკლედ, მცენარეებს მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ.

- სეტყვისგანაც იცავს?

- ჯერ 100%-ით ვერ იცავს, თუმცა­ რომ მოვიდეს, დიდწილად დაგვიცავს, მოსავლის დიდი ნაწილი გადაგვირჩება. ხანდახან ისეთი ქარბორბალა იცის...

50 ტონა მარცვლეულიც მოგვყავს, გვაქვს ფერმა, სადაც სახორცე ჯიშის ღორები გვყავს, გერმანიიდან შემოვიყვანეთ, უქონო, ბეკონის ჯიშია. ზაფხულობით გოჭებს ვყიდით, ზამთარში მარცვლეულით ვკვებავთ და ხორცი გაგვაქვს. გაზაფხულზე უკვე ბაღ-ბოსტანს ვუბრუნდებით. დივერსიფიკაციას ვახდენთ, რომ წყვეტა არ გვქონდეს. ზამთარში ამ ყველაფერზე ვერ ვმუშაობთ, რადგან ბოსტნეული ღია გრუნტზე მოგვყავს.

- ესე იგი, თქვენი პროდუქტი ბუნებრივ ციკლთან არის ადაპტირებული.

- ასეა და საუკეთესო გემოვანი თვისებებით გამოირჩევა. გვაქვს კონტრაქტები­ სელექციონერ კომპანიებთან. მოწყობილია სადემონსტრაციო ნაკვეთები, სადაც ახალ-ახალ გამოყვანილ ჯიშებს ვნერგავთ. აქ არის უკურკო საზამთროები, ყვითელი საზამთრო, ნესვის გამძლე ჯიშები... სელექციონერები უკრაინელები არიან. მათთან კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული. თესლს გვჩუქნიან, ვთესავთ და რომელიც კარგი გამოვა, ბაზარზე ვუშვებთ გასაყიდად. ზოგიერთ სახეობას თვითონ ბაზარი ვერ ითვისებს. ზოგი კლიმატს ვერ ეგუება, თუმცა უმეტესწილად კარგად ხარობს და ბაზრისთვისაც მისაღებია.

სელექციონერებს ჩვენთან ფერმერები მოჰყავთ სხვადასხვა ქვეყნიდან. სულ ათი საჩვენებელი ნაკვეთია. თესლი უმაღლესი ევროპული ტექნოლოგიით არის მიღებული. მათთან თანამშრომლობას კიდევ ვაპირებ.

- მოკლედ, იაფი სესხი, დონაცია, გრანტები, ყველაფერი ეხმარება საქმეს...

- ჩვენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთანაც (FAO) ვთანამშრომლობთ. თვითონ მოგვძებნეს და ჩვენც ვითვალისწინებთ მათ რჩევა-დარიგებებს, გამოცდილებას ვიზიარებთ. ორივე მხარისთვის კომფორტულია თანამშრომლობა და შედეგიც სახეზეა. სხვათა შორის, მოსწავლეებიც მოჰყავდათ ნაკვეთების სანახავად.

mamul3-1695200503.jpg

- ბრძანეთ, პროდუქტი კარგი გემოვანი თვისებებით გამოირჩევაო, ამას რა განსაზღვრავს?

- ეს კლიმატის, მიწის, მზის დამსა­ხურებაა. ჯიშების სათესლე მასალაც კარგი და ღირებულია. მათგან ვარჩევთ რაც კარგია და ბაზარზე მოთხოვნაა. ბევრი­ სახეობის კიტრი მოგვყავს. საზამთრო­ 21 სახეობის გვქონდა. ყველას თავ­ისი განსხვავებული თვისებები აქვს. თუ უკურკო საზამთროს გვერდით კურკიანი არ დაურგე, როგორც დამამტვერიანებელი, არ მოისხამს. ასე რომ, მარტივიც არ არის. ჩვენს ნაკვეთში 20-მდე სახეობის ბულგარული წიწაკაა, ზოგი ტკბილია, ზოგიც ცხარე...

რაც მთავარია, განვითარებაზე ვართ ორიენტირებული. თუ საგრანტო კონკურსია გამოცხადებული, ვმონაწილეობთ. გვინდა გადამუშავების სისტემა დავნერგოთ, ჩვენი მრავალპროფილურობა იმით გავამყაროთ, რომ მხოლოდ სეზონურად არ ვიყოთ ბოსტნეულის მოყვანით დასაქმებული, არამედ ზამთარშიც შეგვეძლოს წარმოება.

- სასუქები იმავე სისტემით მიეწოდება,­ რაც დამონტაჟებული გაქვთ?

- მკაცრად გვაქვს გაწერილი სასუქების მიწოდება. სასუქები საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების მიხედვით შეგვაქვს. ჩვენი პროდუქტი სერტიფიცირებულია, სადაც შეგვაქვს, იქაც თავის ნორმებია და პროდუქტს ანალიზი უტარდება. ჩვენს ნაწარმს მსოფლიო ბაზარზე აქვს საშვი, ნებისმიერ ქვეყანაში­ შეიძლება მოხვდეს. ევროპულ საუკეთესო ხარისხის სასუქს ვხმარობთ. ყველა ნორმას ვიცავთ.

- ისე, ბალღოჯიანში იმერელი მარაქველიძე როგორ მოხვდით?

- ჩვენი სოფელი პატარაა, ის ლელ­იანის შემდეგაა და შემთხვევით აღმოჩნდა ყვარლის რაიონში, დღეს ლაგოდეხის რაიონს ესაზღვრება. ჩვენთან უმეტესად საჩხერე-ჭიათურიდან არიან ჩამოსახლებული. ჩემი წინაპრები აქ თერჯოლიდან გასული საუკუნის 40-იან წლებში ჩამოვიდნენ. ბალღოჯიანი უკვე 105 წლისაა. რომ გვეკითხებიან, კახელები ხართ თუ იმერლებიო, ვპასუხობ, საუკეთესო თვისებები გვაქვს აღებული კახელისა და იმერლის-მეთქი.

ლალი ფაცია