ხალხს ხილი ენატრებოდა, ის კი ხეზე ლპებოდა...
ალბათ, ყველას გვინახავს, რა ღირს ბაზარში გამოტანილი ხილი, ან თუნდაც ხილის წვენი, და იქნებ ხასიათიც დაგვმძიმებია. როცა შვილებისთვის ხილს "ცეცხლის ფასის" გამო ვერ ვყიდულობთ (ხილის წვენებზე ხომ საუბარიც ზედმეტია ფასის გამო), ამ დროს სოფლებში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ხილი ხეებზე ლპება ან მიწაზე ცვივა, შემდეგ კი ეზოებიდან მის მოშორებას ურიკებით ცდილობენ. ამიტომაც, სიძვირესთან ერთად, არის სხვა პრობლემაც: რა უყოს სოფლის მოსახლეობამ ხილს, რომელიც ულპება და ვერ ყიდის მაშინ, როცა ქალაქში ის მართლაც "ცეცხლის ფასი" ღირს. ამის შესახებ იმერეთში, კერძოდ, საჩხერეში ოთარ ბლიაძეს ვესაუბრეთ. ეს მშრომელი ადამიანი ჩამოცვენილი ხილისგან არაყსაც ხდის, კომპოსტსაც ამზადებს, რათა ბაღ-ვენახში სასუქად მოიხმაროს, მაგრამ ტყუილად გაფუჭებულ წლის მოსავალზე მაინც ნერვიულობს:
- ბატონო ოთარ, მეც არაერთხელ მინახავს დასავლეთ საქართველოს სოფლებში მიწაზე ჩამოყრილი და დამპალი ვაშლი, მსხალი, ქლიავი და სხვ., და კითხვაც გამჩენია: რატომ უნდა ხდებოდეს ასე, როცა ხალხს ქალაქში ხილი ენატრება, სოფელში მოსავალი უფუჭდებათ.
- მადლობა, რომ ამ თემით დაინტერესდით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ეს გადაუჭრელ პრობლემად მეჩვენება, აუცილებლად უნდა დადგეს დრო, რომ სახელმწიფომ მხოლოდ შედარებით მსხვილ ფერმერებსა და მათი მოსავლის მოვლაზე კი არ იფიქროს, არამედ სოფლის მოსახლეობაზეც, რომელიც ისევე ვშრომობთ, როგორც ფერმერები, მაგრამ მოსავალი მხოლოდ იმიტომ გვილპება, რომ მისი გაყიდვა არ შეგვიძლია. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. როგორც მე ვიცი, არც ჩვენს ნაქებ ევროპაში დაუშვებენ ასეთ რამეს, ხილი ულპებოდეთ და ხალხსა და მოსავალს პატრონი არ ჰყავდეს. სულ მესმის ჩვენი ხელისუფლების წუწუნი, რომ სახელმწიფო სუსტია და ყველა პრობლემას ვერ აგვარებს, მაგრამ ჩემთვის ეს დაცინვაა, თუ არ მოვინდომებთ, სუსტებად, მშივრებად და ხელგაწვდილებად თაობიდან თაობამდე დავრჩებით და ქვეყანასაც ისეთ მშიერს დავტოვებთ, როგორიც დღეს არის. პრობლემა ის არის, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში ბევრი ხილი ირგვებოდა და ირგვება დღესაც, მოსავალი კი ნადგურდება, გარდა იმ მცირე ნაწილისა, რაც ოჯახის პირად მოხმარებას სჭირდება. მაგრამ განა რამდენი რა უნდა მოიხმაროს ოჯახმა იმ სიმრავლისგან, რაც ჩვენში ხილი დგას? მაგალითად, პირადად მე საჩხერეში ხუთი ძირი ვაშლის, სამი ძირი მსხლის, ქლიავის, კარალიოკის ხეები მიდგას, რომელთა მოსავალი წლიდან წლამდე ლპება, გარდა იმ კომპოტებსა და მურაბებში გამოყენებულებისა, რასაც შინ ვაკეთებთ.
- ასეთ ვითარებაში შესაძლოა რომელიმე "პრაგმატულმა" მენეჯერმა გითხრათ, მოჭერით ის ხეები, რომლებიც არაფერში გარგიათ, ნაცვლად სხვა დარგეთ, რისი მოსავალიც გაიყიდებაო.
- მართლა?! მე და ჩემისთანებს ვაშლი და მსხალი ან ქლიავი იმიტომ კი არ გვილპება, რომ ხალხმა არ იცის მათი სარგებლიანობა, არამედ იმიტომ, რომ ბაზარში ვერ მიგვაქვს ტრანსპორტის სიძვირის, მოუხერხებლობისა და უდროობის გამო. სახელმწიფოს ეს უნდა აინტერესებდეს, უნდა იცოდეს, რა უჭირს სოფელს, მაგრამ არ აინტერესებს. რაიონულ ბაზარში ხილის ყუთები სოფლის სამგზავრო "მარშრუტკითაც" რომ ჩავიტანო, შეიძლება მძღოლი ჩემს მდგომარეობაში შევიდეს და უარი არ მითხრას ტვირთის დადებაზე, მაგრამ ათმაგს გამომართმევს. გარდა ამისა, შინ გვიან საღამომდე ვეღარ დავბრუნდები და უამრავი რამ გამიფუჭდება. ან არადა, ხილი გადამყიდველს უნდა ჩავაბარო, რომელიც იმდენს გადამიხდის, რაც სამგზავრო ხარჯსაც ვერ ამინაზღაურებს. აი, ამიტომ უნდა არსებობდეს საწარმო, რომელიც ხილს ჩაიბარებს, ჯანსაღ წვენს გამოხდის და მერე ისევ ჩვენს მოსახლეობაზე გაყიდის შედარებით იაფად. ამით თავადაც მოიგებს და ხალხიც.
- სახელმწიფოს პრობლემა ის არის, რომ ეს ყველაფერი კერძო ბიზნესზეა გადაცემული, კერძო ბიზნესს კი მცირე შემოსავლისთვის მუშაობა არ სურს.
- ესე იგი, აღარ უნდა გვეშველოს?! სახელმწიფო იმიტომ არის სახელმწიფო, რომ რაიმე მოიფიქროს. მე შემიძლია გამოსავლის მოძებნა და სახელმწიფოს ნუთუ არ შეუძლია?! უამრავი გრანტი არსებობს, რომ მეწარმეები, მაგალითად, მეთხილეები, დაფინანსდნენ. ხომ შეიძლება ასეთი გრანტი ხილის საწარმოსთვისაც გასცენ, მეწარმესაც კრედიტი შეღავათიანად გადაახდევინონ? ეს ყველგან თუ არა, ზოგიერთ რაიონში მაინც გააკეთონ, სადაც ხალხს ხილი ულპება?! რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ სახელმწიფო ამაზე არ ფიქრობს, რადგან რუსთაველზე მხოლოდ გლეხი არ მართავს აქციას თავის გადასარჩენად.
- საინტერესო იდეაა. მაგალითად, თქვენ, ერთი ოჯახი, რამდენ ხილს ჩააბარებდით?
- გრანდიოზულ წონას ვერა, მაგრამ პირადად ჩემს ოჯახში ნახევარი ტონა ვაშლისა და მსხლის მოსავალი მაინც მოდის. ეს ცალ-ცალკე, მაგრამ მარტო მე ხომ არა ვარ, სოფელში ყველას უდგას ვაშლის თუ მსხლის ხეები, ასევე სხვა ხილისაც. ამდენივე მაქვს კარალიოკიც. ასეა ყველგან საქართველოში. მაგალითად, კარალიოკი საუკეთესოა არყის გამოსახდელად. გურიის ან სამეგრელოს სოფლებში კარალიოკის არყის მინისაწარმოს გაკეთებაც შეიძლება. განა მარტო კარალიოკის - ტყემლის არაყი სამკურნალოა და უცხოეთშიც შეიძლება გაიყიდოს.
- მართალს ბრძანებთ, თუნდაც რაჭის მიტოვებულ სოფლებში იმდენი ხილი ფუჭდება.
- ვისაც ანაზღაურებას მისცემ, ხილს ის მოაგროვებს და ჩააბარებს. ყველანაირი ხილი გამოსადეგია, მწიფეც და მკვახეც, რადგან ყველასგან მზადდება პროდუქტი. ამას ჰაერზე როდი ვამბობ, გავლილი მაქვს პრაქტიკა, ავადსახსენებელ საბჭოთა სახელმწიფოში ვარ დაბადებული, სადაც ყველა ხილს იბარებდნენ და მოსახლეობას ფულს უხდიდნენ. მე საბჭოთა კავშირი კი არა, ჩემისთანა, რიგითი ადამიანის აზრისა და შრომის დაფასება მენატრება. ამის მერე უფრო შედეგიანად ვიშრომებ და ვიცხოვრებ კიდეც. რაც შეეხება იმ ხილს, რომელიც სიჭარბის გამო მილპება, ვიდრე ცოცხალი ვარ, მაინც არ მოვჭრი. არ გავაღარიბებ, სარგებელს არ მოვაკლებ არც ჩემს კერას, არც მიწასა და არც ოჯახს იმ იმედით, რომ ოდესმე მაინც მოვა ჭკვიანი ხალხი, რომელიც ამ მრავალფეროვნების ფასს მიხვდება და უპატრონებს. თუ ასე იქნება, გლეხიც ნაპატრონები იქნება. იმედია, ამას მოვესწრები.