როგორ იფარავს დამცავი ბადე სეტყვისგან ვენახს
"სეტყვა 6 წუთი გაუჩერებლად მოდიოდა... გადავრჩი! ალბათ, 1%-ია დაზიანება, მხოლოდ ის მარცვლები, რომლებიც ბადეს იყო მიბჯენილი", - ეს მევენახე-მეღვინე ზურაბ თოფურიძის პოსტია, რომელიც გასულ კვირას კახეთში ძლიერი სეტყვის შემდეგ წინანდლიდან გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. ტექსტს ვიდეოც დაურთო, სადაც კარგად ჩანს, როგორ იცავს ვენახს სეტყვისგან სპეციალური ბადე. საგულისხმოა, რომ ის ზემოდან კი არა აქვს გადაფარებული, არამედ თავად ვენახია ბადეში საგულდაგულოდ გახვეული. "კვირის პალიტრა" დაინტერესდა, რამდენად შედეგიანია ეს მეთოდი, რა ჯდება და ურჩევს თუ არა ბატონი ზურაბი ამ დამცავ ბადეს სხვებსაც.
ზურაბ თოფურიძე:
- 2020 წელს სეტყვამ ვენახი ისე დამიზიანა, მოსავალზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. ერთიანად გამინადგურა, თანაც აგვისტოს მეორე ნახევარში. მარტო მოსავალი კი არ დაზიანდა, თვითონ ვენახი გაილახა. უმეტესობა გახმობის პირას იყო და 2021 წელს მკაცრად გასხვლამ მომიწია, ანუ დანეკვა (მოკლე სხვლა). კვირტების რაოდენობა, რომელმაც მოსავალი უნდა მოგცეს, საგრძნობლად შემცირდა. შედეგად 2021 წელს 2019 წლის მოსავლის მესამედი ავიღე, 60-70%-იანი ზარალი იყო. ვერც 2022 წლის მოსავალი დაეწია 2019 წლისას.
- ამის შემდეგ გადაწყვიტეთ ბადეებით ვენახის შეფუთვა?
- ბადეები 2021 წელს შევიძინე. ძვირი კი იყო, მაგრამ აუცილებელი, რადგანაც ღვინოს ვყიდი. იმხანად მისი დაახლოებითი ფასი სადღაც 1-1,5 ლარი (1 გრძივი მეტრის) იყო. ჩემი ვენახი 5 ჰექტარია. ამიტომ იძულებული გავხდი ინვესტიცია ჩამედო - ნაწილი ჩემი სახსრებიდან, ნაწილიც ვისესხე. ვალი უკვე გავისტუმრე, რადგან ღვინო გაიყიდა.
- ვენახსა და ბაღებზე ზემოდან გადაფარებული სეტყვისგან დამცავი ბადეები მინახავს, მაგრამ ისეთი, როგორიც თქვენია, არა.
- ამ ტიპის ბადეებს, ალბათ, 15 წელია იყენებენ მსოფლიოში. ზემოდან გადაფარებული ბადეები, ჯერ ერთი, ძალიან ძვირია და უმეტესად ბაღისთვისაა, მყარი საყრდენი ბოძებიც სჭირდება, მაგრამ ვენახისთვისაც იყენებენ. არ ვიცი, საქართველოში ვინმეს აქვს თუ არა ვინმეს ჩემნაირი ბადე ვენახში...
ამ საქმეში ერთ-ერთი ლიდერი იტალია და საფრანგეთია. კერძოდ, საფრანგეთში თითქმის 5 წელიწადს ატარებდნენ ექსპერიმენტს, ვენახებს აკვირდებოდნენ, 2019 წელს კი დაასკვნეს, რომ ეს ბადეები ძალიან ეფექტიანია. შეისწავლეს მისი პლუს-მინუსები, ცდებმა გაამართლა და მასობრივი წარმოება დაიწყეს. ჩემი ვენახისთვის ბადეები იტალიურ ქარხანაში ვიყიდე. წლეულს, როგორც ვიცი, საქართველოშიც გაიხსნა ქარხანა. 5 ჰექტარზე ბევრი დამჭირდა, ვენახი მთლიანად, ორივე მხრიდან შეფუთულია.
- ბადე ხელს ხომ არ უშლის ყურძენს ზრდაში ან მწვანე ოპერაციების შესრულებისას?
- მწვანე ოპერაციებს შედარებით ართულებს, მაგრამ ისეთი ძნელიც არ არის. ბადე აიწევა და მუშაობა თავისუფლად შეიძლება. ზედა და ქვედა სამაგრები აქვს, ზედას კბილზე აწეული ბადე ჩამოიდება და მერე ჩამოიწევა. სამ მეტრში ისევ აიწევა და ა.შ.
ბოლო დროს კლიმატის შეცვლის გამო გვალვებია კახეთში, მზის რადიაციაც ძალიან გაზრდილია, ბადეები კი ვენახს ჩრდილავს და პატარა მიკროკლიმატს უქმნის. გვალვის დროს ცოტა აორთქლებასაც აფერხებს, ჩიტებისგანაც იცავს, თუმცა მათ არ ვნებს. არის ბადე, რომელშიც ჩიტი ებმება.
- რა ვადაზეა თქვენი ბადე გათვლილი?
- რასაც ხელშეკრულებით შემპირდნენ, გარანტია 15 წელია. ისე, ათიც რომ იყოს, ესეც კარგი იქნება. რაც შეეხება მასალას, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენი თუ პოლიპროპილენია. ისეთი მკვრივია, შეუძლებელია, რამე მოერიოს.
- ზოგი იყენებს სეტყვისგან დამცავ საშუალებას, ზოგიც არა და რისკზე მიდის. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ეტყვით მევენახეებს?
- ამ რისკებისა და დიდი სარგებლის მიუხედავად, რა თქმა უნდა, მისი შეძენა მაინც ძვირი ჯდება. ამიტომ გადაწყვეტილება ყველამ თვითონ უნდა მიიღოს. თუ გიღირს, უნდა გააკეთო. მე ისეთი ზარალი მივიღე, ორ წელიწადს ღვინო ვერ გავყიდე და უფულოდაც დავრჩი.
თუ ღვინოს ყიდი და შემოსავალი გაქვს, მაშინ უნდა აწონ-დაწონო ყველაფერი და გადაწყვეტილება მიიღო. ჯერ კიდევ 2018 წელს ვაპირებდი ბადის ყიდვას, მაგრამ ამხელა თანხის გადახდა მიჭირდა და 2020-ში გაირკვა, რომ დიდი შეცდომა დავუშვი.
- ბიოღვინოს თუ აწარმოებთ?
- დიახ, ბუნებრივი ღვინის ასოციაცია გვაქვს და ერთ-ერთი დამფუძნებელი მეც ვარ. ბიოვენახიდან, ორგანული და ბიოდინამიკური ვენახებიდან ბუნებრივად დაყენებულ ღვინოებს ვაწარმოებთ. არ ვერევით ფერმენტაციასა და მის დუღილში. ღვინოს როგორც საუკუნის წინ აყენებდნენ, დაახლოებით ისე ვაყენებთ, ქართული ტრადიციული მეთოდით, ქვევრში.
- დიდი ხანია ამ საქმეს მისდევთ?
- ბავშვობიდან, რაც თავი მახსოვს, ღვინოს ვაყენებ. პროფესია კი სხვა მაქვს, სხვა ინდუსტრიაში ვარ, მაგრამ ღვინო და ვენახი ჩემთვის ცხოვრების წესია. 2011-2012 წლამდე ღვინის გაყიდვა არ მიფიქრია, ეს მეგობრებმა დამაძალეს. შვიდი ჯიშის ყურძენი მაქვს: საფერავი, რქაწითელი, კახური მწვანე, ქისი, ხიხვი, კახური მცვივანი, ვარდისფერი რქაწითელი. ვაკეთებ მიქსსაც და ცალ-ცალკეც ვაყენებ. ძირითადად, ექსპორტზე ვუშვებთ, დაახლოებით 12 ქვეყანაში ვყიდით - ევროპაში, ამერიკაში, იაპონიაში, ავსტრალიაში. ძალიან მიყვარს ეს საქმე და შედეგიც მიხარია...
ვენახი 2006 წელს ვიყიდე წინანდალში. საერთოდ, თელავში ბევრი მეგობარი მყავს. მარანი ვენახისგან ცოტა მოშორებითაა, ვარდისუბანში, ღვინოს იქ ვამზადებ. ამ საქმეში ვართ მე, ჩემი შვილები და მეგობრის შვილი.
- თქვენი წინაპრებიც ამზადებდნენ ღვინოს?
- ჩემი ბებია-ბაბუა სამეგრელოდან დაბა ბოლნისში 30-იან წლებში დასახლდა. მაშინ იქ გერმანელები ცხოვრობდნენ. ბაბუა იმისთვის გამოუშვეს აბაშიდან, რომ გერმანელებისთვის აგრონომია და ქიმია ესწავლებინა, მერე კი სტალინმა გერმანელები იქიდან გაასახლა. ბაბუას იქ სკოლისა და აგრონომიული ტექნიკუმის საცდელ მეურნეობაში ვენახი ჰქონდა. მასთან ზაფხულობით ჩავდიოდი და ვეხმარებოდი. პირველი ღვინო მისი დახმარებით 13 წლისამ დავაყენე.
ღვინო მიყვარს, ოღონდ დასათრობად არა, ის საკრალური და მისტიკური სითხეა. საინჟინრო გეოლოგია მაქვს დამთავრებული, შემდეგ გარემოს დაცვაზე ვმუშაობდი. ახლა სადაც ვმუშაობ, იმის გარეშე თავი წარმომიდგენია, მევენახე-მეღვინეობის გარეშე კი არა.