ყველაზე სწრაფი ომი მსოფლიოში - ალიევმა 24 საათში ყარაბაღის 29-წლიანი პრობლემა საბოლოოდ გადაწყვიტა?!
ყარაბაღის მესამე ომი მსოფლიოს ისტორიაში შევა, როგორც წარმატებით დამთავრებული ყველაზე სწრაფი ომი, რომელშიც გამარჯვება 24 საათში იქნა მიღწეული...
ანუ აზერბაიჯანმა, რომელიც 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების თანახმად უძულებული იყო მაშინდელ სომხეთისთვის ფაქტობრივად დროებით დაეთმო კონტროლი, როგორც ყარაბაღზე, ისე მის გარშემო მდებარე შვიდ აზერბაიჯანულ რაიონზე, 29 წლის შემდეგ ომით წაგებულს ომში გამარჯვებითვე იბრუნებს!
ჯერ კიდევ ამ დილას, ჩემს წინა ბლოგში ვწერდი -„...მესამე ომი ყარაბაღში ეტყობა დიდხანს არ გაგრძელდება, სულ რამდენიმე დღე, არც ისაა გამორიცხული, რომ უკვე 20 სექტემბრის ბოლომდე ბევრი რამ გაირკვეს, მათ შორის ყარაბაღელი სეპარატისტების კაპიტულაციის ჩათვლით, თუმცა მათი ნაწილი ალბათ, ყარაბაღის ტყეებს შეაფარებს თავს და განაგრძობს პარტიზანულ ბრძოლებს ზამთრის დადგომამდე...“ და როგორც აღმოჩნდა, ენამ მიყივლა, ყარაბაღელი სომხების ლიდერები საღამოსაც არ დაელოდნენ და უკვე შუადღისას ხელი მოაწერეს სამხრივ ხელშეკრულებას ბაქოსთან(მესამე მხარედ ამ ხელშეკრულებაში რუსი ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტი ჩაეკვეხა), რომელიც ითვალისწინებს იმას, რისთვისაც აზერბაიჯანი ათწლეულებია იბრძოდა,კერძოდ:
პირველი - მიღწეულია შეთანხმება ყარაბაღში დარჩენილი სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების სომხეთში დაბრუნებაზე.
მეორე - „მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმია“ იწყებს დაშლას და სრულ განაიარაღებას, მისი შეიარაღება და მძიმე ტექნიკა გადის ყარაბაღის ტერიტორიიდან სასწრაფო უტილიზაციის ჩასატარებლად.
მესამე - 21 სექტემბერს აზერბაიჯანის ქალაქ ევლახში ერთმანეთს ხვდებიან ყარაბაღელი სომხების ლიდერები და აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლები, რომელთა მოლაპარაკებების დროს უნდა გაირკვეს ყარაბაღში მაცხოვრებელი სომეხი ეროვნების მოსახლეობის ინტეგრაციის მექანიზმები აზერბაიჯანის სახელმწიფოში, მისი კონსტიტუციის თანახმად.
იმის საფრთხე, რომ რომ ამ შეთანხმების შესრულებას პრობლემები გაუჩნდეს, დიდია. შეიძლება ზოგიერთმა ყარაბაღელმა საველე მეთაურმა იარაღის დაყრას მართლაც არჩიოს ტყეში გახიზვნა და იქიდან დივერსიული თავდასხმების განხორციელება, მაგრამ ეს უკვე ნაკლებადმნივნელოვანი ხდება, რადგან ყოველგვარი დახმარების გარეშე დარჩენილმა(როგორც რუსი ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტის, ისე თავად სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან) ყარაბაღელი სომხების ლიდერებმა ფაქტობრივად სრული კაპიტულაცია გამოაცხადეს, რაც მათი მხრიდან, ეტყობა ყველაზე გონივრული ნაბიჯი გახლდათ, რადგან თანამოქალაქეები შემდგომი უაზრო მსხვერპლისგან დაიფარეს...
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი აცხადებს,რომ ოფიციალურ ერევანთან სტეპანაკერტისა და ბაქოს ასეთი მნიშვნელოვანი შეთანხმება შეთანხმებული არ ყოფილა, თუმცა ფაშინიანი ამის წინააღმდეგადაც არანაირად არ წავა ,რადგან ყარაბაღელების კაპიტულაციის შემდეგ დიდი ტვირთი მოეხსნა მხრებიდან - სომხეთი გადაურჩა აზერბაიჯანთან ფართომასშტაბიანი ომის დაწყების საშიშროებას, რომელშიც სომხეთს დამარცხება გარანტირებული ჰქონდა...
თუმცა ფაშინიანის შემდგომი ბედი ბევრადაა დამოკიდებული დღეს, 20 სექტემბრის საღამოს შვიდ საათზე, ერევანში დაანონსებულ ოპოზიციის დიდ საპროტესტო მიტინგზე, რომელზეც მას და მის მთავრობას ბრალს დასდებენ ყარაბაღელი სომხებისთვის სამხედრო დახმარების არაღმოჩენაში და „დიდი სომხეთის“ ისტორიული იდეის ღალატში...
სავარაუდოდ, ოპოზიცია ეცდება ძალის გამოყენებით შეიჭრას ერევანში მდებარე რიგ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებში - მთავრობის სახლში, პარლამენტში, ტელევიზიაში და ეცადოს ფაშინიანის ხელისუფლების დამხობას...
ფაშინიანს სომხეთში შესაძლოა, ოპოზიციაზე უფრო მეტი მომხრეც კი ჰყავს,რომლებსაც არ სურდათ შვილების დაღუპვა იმ ყარაბაღისთვის, სადაც მაცხოვრებელ სომხებს იგივე ერევნელები, ცოტა სხვა თვალით უყურებენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რა უკანონობაც დაატრიალეს წლების წინ ქვეყანაში, სწორედ „ყარაბაღის კლანის“ წევრმა ორმა ექს-პრეზიდენტმა - სარგსიანმა და ქოჩარიანმა...
სომხეთი შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირების წინაშეც კი აღმოჩნდეს, მაგრამ თუკი ფაშინიანმა ისევ გაუძლო კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციის შეტევებს(როგორც ეს ყარაბაღის მეორე ომში დამარცხების შემდეგ მოხდა) და შეინარჩუნა ხელისუფლება, სომხეთს დასავლეთთან დაახლოების გზა გაეხსნება, რომელიც მოსკოვს გვერდს დიდი მანძილით აუვლის...