"საქართველოს სავალუტო რეზერვის ნაწილი აშშ-ში ინახება და მას შეიძლება საფრთხე დაემუქროს" - რა შეიძლება მოჰყვეს სებ-ის გადაწყვეტილებას ფარცხალაძესთან დაკავშირებით?!
9 სექტემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საგამონაკლისო ბრძანება გამოსცა და ქართული ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა. ეროვნული ბანკის განმარტებით, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ "საქართველო არასდროს იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად" და იქვე აღნიშნა, რომ ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესების "პირველი პრეცედენტია". შეგახსენებთ, მანამდე ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქცირების ფარგლებში ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინა.
"საქართველოს ფინანსურ სექტორს დაევალა, გაითვალისწინოს აშშ-ს ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ (OFAC) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში (SDN list) შეყვანილი პირების მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება, რაც გულისხმობს სანქცირებული პირების მიერ აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვას“, - აცხადებდნენ 18 სექტემებრს სებ-ში, სადაც ეს გადაწყვეტილება მეორე დღეს შეცვალეს, რასაც წინ უძღოდა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგებოდა. მისივე მტკიცებით, ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპიც.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა. აშშ-ის მთავრობის ცნობით, ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა "საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“.
20 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ნათია თურნავამ განმარტა, რატომ მიიღო ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვების გადაწყვეტილება და შესაბამისად, რატომ შეუჩერა ეროვნულმა ბანკმა თავდაპირველად, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა. მისი თქმით, აქამდე სანქციების აღსრულება მოქმედი წესის მიხედვით, ავტომატურად ხდებოდა და ეროვნული ბანკის მხრიდან ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება საჭირო არ იყო. საქართველოს მოქალაქის დასანქცირების პირველი პრეცედენტის შემდეგ კი დაისვა საკითხი, რამდენად შეესაბამება უპირობო აღსრულება კონსტიტუციას.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის ორმა ვიცეპრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა დატოვა თანამდებობები. დღესვე საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის შემდეგ, ლიბერთი, პროკრედიტი, ტერა და ბაზის ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ.
რა საფრთხის წინაშე აყენებს სებ-ის გადაწყვეტილება საქართველოს საფინანსო სექტორს, მეანაბრეებსა და ზოგადად - ქვეყანას, ამაზე ambebi.ge- სთან საერთაშორისო და ეკონომიკური ექსპერტები საუბრობენ:
გიორგი კეპულაძე, "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი:
"ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იყო აშკარად უპასუხისმგებლო, არასწორი და ქვეყნის ეკონომიკისთვის საფრთხის შემცველი. ამას შეუძლია გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი ქართული საბანკო სექტორისთვის. სამწუხაროდ, სებ-მა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არ იყო განპირობებული ფინანსური, ან ეკონომიკური მიზნებით, პირიქით, ფინანსურად ამან სერიოზული რისკის საფრთხე გააჩინა. თუმცა, საბედნიეროდ, დღეს ორმა დიდმა კომერციულმა ბანკმა გააკეთა განცხადება (იმედია, სხვებიც შეუერთდებიან), რომ ისინი მაინც გააგრძელებენ საერთაშორისო სანქციების რეჟიმით მოქმედებას და ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი და ფინანსური სისტემის კოლაფსის საფრთხე არ არსებობს.
თუ პირობითად, მინიმუმ რომელიმე კომერციული ბანკი არ შეასრულებს ამერიკულ სანქციას, შემდეგ უკვე ამერიკის სახელმწიფოს და ხაზინას აქვს უფლება იმოქმედოს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის და იმ კონკრეტულ კომერციულ ბანკს, საიდანაც პირობითად განხორციელდა რაღაც ტრანზაქცია, (საერთაშორისო ტრანზაქციებზე ლაპარაკიც არ არის, ფარცხალაძე დოლარის გადარიცხვას ფიზიკურად ვეღარ შეძლებს, მოუწევს მისი ფულის რუბლებში კონვერტაცია რუსულ ბანკებში), არ არის გამორიცხული, ამ ბანკს შეექმნას პრობლემა, თუმცა ორი დიდი ბანკი, რომელიც ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რა თქმა უნდა, ვერ გარისკავდა ვერც საკუთარ რეპუტაციას, ვერც საკუთარ ბიზნესს და ვერც ქვეყნის ეკონომიკას იმისთვის, რომ არ შეესრულებინათ ეს სანქცია (მიუხედავად იმისა, რომ სებ-მა მიიღო ასეთი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება).
ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ეს საფრთხე გააჩინა სებ-ის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებამ. ქვეყანაში გყავს ორი დიდი ბანკი, რომელიც საერთაშორისო ბირჟაზე ივაჭრება და მათ ასეთ მდგომარეობაში როგორ აყენებ?!. წარმოიდგინეთ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე რა დამოკიდებულება აქვთ ისეთი კომერციული ბანკების მიმართ, რომელიც აშშ-ს ან ევროკავშირის სანქციებს არ ასრულებს.
თურნავას ამ გადაწყვეტილებამ, რა თქმა უნდა, გარკვეული რისკები გააჩინა, თუმცა ვფიქრობ, ბანკების მხრიდან რეაგირება დროული იყო, მათ დაინახეს იმის საფრთხე, რომ მოქალაქეები შესაძლოა პანიკაში ჩავარდნილიყვნენ, კაპიტალის გადინება დაწყებულიყო, რაც, რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქეს შეუქმნიდა პრობლემას. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს არ იყო იმდენად ოთარ ფარცხალაძის დასაცავად გაკეთებული, ვინაიდან ის მოასწრებდა ფულის ე.წ. გაქეშებას, ეს უფრო ალბათ არის სამომავლოდ პრევენციული ნაბიჯი - არავინ გამორიცხავს იმას, რომ ნებისმიერ დროს გავიგოთ კიდევ ერთი ქართველი მსხვილი ოლიგარქის, ან პოლიტიკური ხელმძღვანელის დასანქცირების ამბავი, შესაბამისად, ისინი ცდილობენ, დაამშვიდონ საკუთარი თანაგუნდელები, რომ არ დაზარალდებიან. თუმცა სებ-ი პირველი იყო, რომელმაც თქვა, ჩვენ ყველა საფინანსო და საერთაშორისო სანქციას ვუერთდებითო, მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც საქმე მიდგა მმართველი ძალის პოლიტიკურ ინტერესებზე, გააკეთეს ის, რაც არ უნდა გაეკეთებინა დამოუკიდებელ ინსტიტუციას, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციით არის გაწერილი. სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ის, რომ 10 წლის შემდეგ ეს ინსტიტუტიც ჯიბეში ჩაედო.
ჩვენი სავალუტო რეზერვის ნაწილი, რაც დოლარში გვაქვს, აშშ-ში ინახება და რა თქმა უნდა, მას შეიძლება საფრთხე დაემუქროს. უბრალოდ, წარმოუდგენელია, საქართველოს ტიპის პატარა ქვეყანამ წინააღმდეგობა გაუწიოს საერთაშორისო სანქციებს. რუსეთი რომ რუსეთია, უზარმაზარი აქტივები, რაც მას დოლარში და ევროში ჰქონდა, დაუყადაღა და გააჩერა ევროკავშირმა და აშშ-მ. სულელი და გიჟი არავინაა, ამერიკის ხაზინის წინააღმდეგ წავიდეს, ეს არის უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც კომერციული ბანკებისთვის შეიძლება მოჰყოლოდა ძალიან ცუდი შედეგები. ამ ეტაპზე საფრთხე გააჩინა სებ-ის გადაწყვეტილებამ და პირველ რიგში, ამაზე უნდა ეფიქრათ და არა საკუთარი თანაგუნდელების კეთილდღეობაზე - ესაა მნიშვნელოვანი. ეროვნული ბანკი იმისთვის არ არსებობს, რომელიმე მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესები გაატაროს, ის არსებობს იმისთვის, რომ კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული უფლებები განახორციელოს და არ შეუქმნას პრობლემა ქართულ საბანკო სექტორს და ქართულ ეკონომიკას. დარწმუნებული ვარ, აშშ-ს ძალიან მყარი მტკიცებულებები აქვს იმ ნაბიჯისთვის, რასაც დგამს, რადგან, ჩვენგან განსხვავებით, იმ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არსებობს.“