"ბანკების ამბოხება", "ბოევიკი" დეპუტატები და პრეზიდენტის ბოდიში ანუ ოთარ ფარცხალაძის "სახელობის" რყევები - კვირის პალიტრა

"ბანკების ამბოხება", "ბოევიკი" დეპუტატები და პრეზიდენტის ბოდიში ანუ ოთარ ფარცხალაძის "სახელობის" რყევები

გუშინ და დღეს განვითარებულმა პროცესებმა ბევრი კითხვები გააჩინა, მათ შორის, მძიმეც. მთავარი კითხვაა, რად უღირს ოთარ ფარცხალაძე ხელისუფლებას, რომ იმიჯის დაზიანებად უჯდება მისი დაცვა?! დიახ, ეს თემა „ქართული ოცნების“ თავგამოდებული მომხრეებისთვისაც კი უცნაურია. ჩვენ ვერსიებზე მსჯელობას არ დავიწყებთ - ფაქტი ერთია: თუ მკვეთრად არ იქნება გამიჯნული სახელმწიფო და თუნდაც შიდასახელისუფლებო ან პიროვნული ინტერესები, ქვეყანას მუდმივად რყევები დაემუქრება. ისიც ფაქტია, რომ არც ფარცხალაძე თუ ქიბროწაშვილი არ ღირს ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის ფასად.

მეორე მძიმე კითხვა - როგორ იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი? აშშ-ს მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ, სებ-მა გაავრცელა განცხადება, რომ სანქციები ძალაშია. მეორე დღეს კი განაცხადა, რომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგა. შუალედში იყო ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ სებ-ი არღვევს კანონს, რადგან საქართველოს მოქალაქეს სანქციები მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ უნდა შეეხოს, რაც შესაბამის გადაწყვეტილებას ქართული სასამართლო გამოიტანს. თუმცა უცნობია, ვის უნდა მიემართა სასამართლოსთვის - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, სებ-ს თუ რომელიმე სხვა სახელმწიფო უწყებას.

შესაბამისად, ისმის კითხვა, როდის დაარღვია სებ-მა კანონი - როდესაც ჯერ შეუერთდა ფარცხალაძის სანქციას თუ როდესაც მას ანგარიშები განუბლოკა? თუ კობახიძე მართალია, მაშინ გამოდის, რომ სებ-ის იურიდიული დეპარტამენტი ხვალვე გასაშვებია სახლში.

მესამე კითხვა - კომერციულმა ბანკებმა განაცხადეს, რომ ისინი დაიცავენ სანქციის პირობებს. ანუ ვინ არღვევს კანონს? სებ-ი თუ კომერციული ბანკები? ანუ გამოდის, რომ სებ-ი თავისას „მიერეკება“ და კომერციული ბანკები თავისას? რა გამოდის, მათ შორის კონფლიქტია? ეს საშიშია ჩვენი საფინანსო სისტემისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ კანონდარღვევაზე.

მეოთხე კითხვა - თუ კომერციული ბანკები სანქციას იცავდნენ, ფარცხალაძემ რა მოიგო? მაინც გაუხსნეს ანგარიშები? თუ სებ-ის საცავებიდან გაზიდა ქეში. არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფარცხალაძემ იხეირა და ესეც შესწავლის საგანი უნდა გახდეს.

მეხუთე კითხვა - განხორციელდა თუ არა ნათია თურნავაზე ზეწოლა? დიდი ალბათობით განხორციელდა, რადგან როდესაც სამი ვიცე-პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს, ე.ი. რაღაც ცუდი ხდება. სალომე ზურაბიშვილს თუ დავუჯერებთ, ვიცე-პრეზიდენტებმა საერთოდ არ იცოდნენ, რომ სებ-ი ფარცხალაძესთან დაკავშირებით პოზიციას ცვლიდა და გადაწყვეტილება თურნავამ ერთპიროვნულად მიიღო. თუ თურნავაზე ზეწოლა განხორციელდა, ეს ცალკე შესასწავლია, რადგან სერიოზული დანაშაულია.

მეექვსე კითხვა - სამი ვიცე-პრეზიდენტის გარეშე დარჩენილი და მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი პრეზიდენტის ფონზე სებ-ი რამდენად ქმედუნარიანია? ლარის კურსი სწორედ ამ უწყებაზეა დამოკიდებული და სავარაუდო ქმედუნარიანობამ ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებს შეიძლება სერიოზულად დაარტყას.

კითხვები კიდევ ბევრია, ყველას ვერ ჩამოვთვლით და ვთქვათ ის, რომ ცემა-ტყეპა პარლამენტში სამარცხვინო მოვლენაა, მით უმეტეს იმ ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე აცხადებს პრეტენზიას. დღეს ვინ ვის ურტყამდა საკანონმდებლო ორგანოში, ძნელი გასარჩევი იყო.

დღეს მოვისმინეთ პრეზიდენტის ბოდიშიც ნათია თურნავას სებ-ის ხელმძღვანელად დანიშვნის გამო. თუმცა ბოლომდე რომ ეთქვა სიმართლე, გავიგებდით, რომ სულ სხვა კანდიდატურა უნდოდა სებ-ის ხელმძღვანელად, მაგრამ თურნავას კანდიდატურა დაჟინებით მმართველმა გუნდმა შესთავაზა და ისიც „დაეთანხმა“.

რაც შეეხება მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარს - „ქართული ოცნება“ თემის სასწრაფოდ დახურვას ცდილობს. კერძოდ, დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში ოთარ ფარცხალაძეს სასწრაფოდ შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა და „ოცნება“ იტყვის - კი ბატონო, ეხლა რუსეთის მოქალაქეა და პრობლემა არ არის, რომ სანქციები შეეხოსო. როგორც ჩანს, მთავარი იყო ერთი-ორი დღე მოეგოთ.

ოპოზიციის პროტესტის კი, სავარაუდოდ, ორი სცენარით განვითარდება. 1)აქციების სახით ორთქლს გამოუშვებენ, სახლებში წავლენ და დაელოდებიან, დეკემბერში მოგვცემს თუ არა ევროკავშირი სტატუსს. 2)რაღაც არაორდინალური მოხდება და პროტესტი სერიოზულ მასშტაბებს შეიძენს - მაგალითად, აქციებს შეუერთდება სალომე ზურაბიშვილი.

ფაქტი ერთია - პოლიტიკური რყევის მორიგმა ტალღამ დაგვარტყა. მილიონჯერ გვითქვამს, რომ ამ რყევებით მღვრიე წყალში თევზის ჭერას რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ და სურთ, რომ რაც დღეს პარლამენტში მოხდა, გავრცელდეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ოღონდ სისხლით, მსხვერპლით და სახელმწიფოებრიობის ჩამოშლით. მერე უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება, ვინ რომელი პარტიის წევრია.

კიდევ ერთი მთავარი კითხვაა - ბოლოს და ბოლოს, როდის თანამშრომლობდა ფარცხალაძე „ეფესბესთან“ და რა ზიანი მოუტანა ამან ქართულ სახელმწიფოს.