რა სადამსჯელო სისტემა ააწყო ლავრენტი ბერიამ საქართველოში და როგორ მართავდა მას? - კვირის პალიტრა

რა სადამსჯელო სისტემა ააწყო ლავრენტი ბერიამ საქართველოში და როგორ მართავდა მას?

რა სადამსჯელო სისტემა ააწყო ლავრენტი ბერიამ საქართველოში და როგორ მართავდა იგი ამ სისტემას

ახალი პერსონაჟი ბერიას სისხლის სამართლის საქმეში - უშიშროების პოლკოვნიკი სარდიონ ნადარაიაა - დიდი ტერორის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. აბაშის რაიონის სოფელ სეფიეთში, გლეხის ოჯახში დაბადებულ სარდიონს საბჭოთა სპეცსამსახურების იერარქიაში გამორჩეული ადგილი ეკავა - ის ბერიას პირადი დაცვის უფროსი იყო და თავისთავად ცხადია, მის შესახებ ყველაფერი იცოდა... ლავრენტის ასეთი ნდობა ნადარაიამ თავისი ერთგულებით მოიპოვა.გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"1953 წლის აგვისტოში, ბერიას საქმესთან დაკავშირებით, ნადარაია მოწმის სახით დაჰკითხეს. გამოძიებას ნადარაიასგან, დიდი ტერორის დროს საქართველოს შინსახკომის შიდა ციხეში არსებული ვითარება და გამოძიების პროცესში ბერიას ჩართულობა აინტერესებდა.

ნადარაიას ჩვენება: "შინსახკომის შიდა ციხის კომენდანტად თითქმის სამი წელი ვმუშაობდა და ამიტომ, თავად ვიყავი პატიმრების მასობრივი ცემისა და წამების მოწმე. ჩემთვის ცნობილია, რომ ტუსაღებს სისტემატურად სცემდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ..."

"უბრალოდ წარმოუდგენელია ის საველურე, რომელსაც შინსახკომში ხალხის მტრებთან ბრძოლის საბაბით სჩადიოდნენ. პატიმრის გასატეხად ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზემოქმედების მეთოდებს ერთდროულად იყენებდნენ. ათასობით ადამიანის ბედი, ყოველგვარი მორალური ფასეულობისგან დაცლილი სადისტების ხელში აღმოჩნდა. დაკითხვისას გამოყენებული წამების სასტიკი მეთოდები, გამოძიებისთვის სასურველი ჩვენების არ მიცემას უბრალოდ გამორიცხავდა..."

"ისინი ტკივილს უჩიოდნენ ფეხებისა და დუნდულების არეში, მაგრამ როგორც წესი, ცდილობდნენ დაემალათ, რომ ნაცემები იყვნენ. ალბათ ეშინოდათ, თუ ამის შესახებ ხმამაღლა იტყოდნენ, მათ უარესად სცემდნენ. პატიმართა ცემის გარდა, მათი დათრგუნვისთვის იყენებდნენ აგრეთვე სპეციალურად მოწყობილ კარცერს. აქ გაყვანილი იყო მილები, სადაც ცხელი ორთქლი გადიოდა ან პირიქით, ცივ წყალს უშვებდნენ..."

ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით მომზადებულ სტატიას სრულად მხოლოდ ჟურნალ "გზის" 21 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

მიხეილ ბასილაძე