"იარაღით დაადგნენ შუაღამისას და საარსებოდ გადანახული 17 000 ლარი გაიტაცეს... ასეთი შოკიდან სამუდამოდ თუ არა, დიდხანს ვერ გამოდის ადამიანი" - კვირის პალიტრა

"იარაღით დაადგნენ შუაღამისას და საარსებოდ გადანახული 17 000 ლარი გაიტაცეს... ასეთი შოკიდან სამუდამოდ თუ არა, დიდხანს ვერ გამოდის ადამიანი"

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში გია მიქავას ოჯახს 5 მძარცველი დაესხა თავს. მძარცველები ოჯახის უფროსს იარაღის მუქარით, ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ იქვე მყოფი მამიდის სიკვდილით დაემუქრნენ. რის შედეგაც ოჯახის მთელი დანაზოგი, საარსებოდ გადანახული 17000 ლარი გაიტაცეს. მომხდარი სოფელმა დაზარალებულისაგან იმავე ღამეს შეიტყო და შეძლებისდაგვარად აღმოუჩინა დახმარება. თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ფაქტის გამო ირგვლივ შიშმა დაისადგურა,

მომხდარის შესახებ სოფელ მედანის მცხოვრებს იური მიქავას ვესაუბრეთ.

- ბატონო იური, შსს-ს ინფორმაციით სოფელ მედანში, ჯგუფური ყაჩაღობა მოხდა. რა დროსაც ოჯახის უფროსს მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პირველად ამას გკითხავთ: რა მდგომარეობაშია ეს ადამიანი?

- ცხადია, მძიმე სტრესშია. როდესაც ღამით შინ მძარცველები შემოგეჭრებიან, ფიზიკურ შეურაცხყოფას მოგაყენებენ და სიკვდილით დაგემუქრებიან, ასეთი შოკიდან სამუდამოდ თუ არა, დიდხანს ვერ გამოდის ადამიანი. მით უმეტეს, კაცს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, ვინაიდან საკუთარი შრომით და ოფლით ნაშოვნი ფული ადვილად ვერ დათმო. თუმცა, როდემდე უნდა გაეძლო ამ ჯოჯოხეთისათვის, ბოლოს და ბოლოს იძულებული გახდა თანხა მიეცა. მით უფრო, რომ შინ ასაკოვანი მამიდა ჰყავს, რომელიც ამ უბედურებას შეჰყურებდა და იტანჯებოდა. ამიტომაც გაატანა მთელი წლის ნაშრომი ამ ნაძირალებს. კიდევ კარგი, ბავშვები შინ არ იყვნენ და ამ უბედურებას გადარჩნენ.

- გავრცელებული ინფორმაციით, 17000 ლარია წაღებული. სოფლად მცხოვრები ადამიანისათვის ეს მცირე თანხა არ არის.

- არც ქალაქად მაცხოვრებლებისთვის არის მცირე თანხა. ხალხი ამდენსაც ვერ შეულობს მთელი წლის განმავლობაში. ამ ადამიანს კი თხილის პლანტაცია აქვს. მთელი წელიწადი იშრომა, შეწამვლიდან მოსავლის აღებამდე, რომ ეს თანხა ეშოვა და მერე მთელი წელი გაეტანა ოჯახი. მძარცველები მოვიდნენ და მთელი წლის ნაოფლარი წუთებში გაუქრეს.

- შსს-ს განცხადებით, ძარცვაში 5 შეარაღებული პირი მონაწილეობდა. 5 კაცს ჰქონდა იარაღი, რომლითაც ადამიანი გაძარცვეს… ერთი პატარა სოფლისთვის ეს ძალზე დიდი რიცხვია.

- გეთანხმებით. არ ვფიქრობ, რომ მათ შორის მაინც და მაინც ჩემი სოფლიდან იყო. თუმცა, ცხადია, ახლომახლო ტერიტორიიდან იქნებოდნენ. ვიღაცამ მათ შორის ყური მოჰკრა იმ ამბავს, რომ ერთმა მშრომელმა კაცმა თხილი კარგ ფასად ჩააბარა. ეს ამბავი დანარჩენებს უთხრა, მერე ყველანი შეიარაღდნენ, ოჯახს ღამით თავს დაესხნენ და მთელი წლის სარჩო წაგლიჯეს. როგორც წესი, მსგავსი ინფორმაციები ნაცნობებისაგან გადის, აბა, ასეული კილომეტრებიდან მედანში საძარცვავად ვინ მოვიდოდა?!

პ.ს. შსს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის კოდექსის 179-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)