„თბილისში, მწერალთა სახლში, რეპრესიები ისევ ბრუნდება" - Financial Times
ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თბილისში, მწერალთა სახლში, რეპრესიები ისევ ბრუნდება // თანამდებობაზე - პოლიტიკური ნიშნით“ (ავტორი - ნადია ბერდი), რომელშიც გადმოცემულია ქართული შემოქმედებითი საზოგადოებისა და ხელისუფლების დამოკიდებულება მწერალთა სახლის მიმართ.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ამ გაზაფხულზე თბილისში, მწერალთა სახლში, რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი გაიხსნა, რომელიც მუდმივ ექსპოზიციას წარმოადგენს და ეძღვნება იმ მწერლების ხსოვნას, რომელთა ცხოვრება და კარიერა სტალინიზმმა იმსხვერპლა. ამ მოვლენიდან ნახევარი წელიც არ იყო გასული, რომ მწერალთა სახლის დირექტორი შეიცვალა: ახალმა ხელმძღვანელმა თანამდებობა პოლიტიკური ნიშნით დაიკავა - იგი ლოიალურად არის განწყობილი ქვეყნის არალიბერალური მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიმართ. საქართველოს ლიტერატურული საზოგადოების 100-ზე მეტმა წამყვანმა წარმომადგენელმა, პროტესტის ნიშნად, მწერალთა სახლს ბოიკოტი გამოუცხადა - „სახიფათო ავტორიტარული ტენდენციების გამო“, რომელსაც ქვეყნის კულტურის სამინისტრო ავლენს. ცხადია, ამგვარი ირონია შეუმჩნეველი არავისთვის არ დარჩენილა.
მწერალთა სახლი თავისი მოჩუქურთმებული ხის აივნებით და „არტ-ნუვოს“ სტილში გაკეთებული დიდებული ხვეულებით, უკვე 100 წელზე მეტია ქართული ლიტერატურული საზოგადოების ცენტრად ითვლება. მის ტრიუმფსა და ტრაგედიაში ქვეყნის პოლიტიკური ისტორიის კონტურებია ასახული. 1920-იან წლებში, მანამდე, სანამ სტალინიზმის მარწუხები გაძლიერდებოდა, მწერალთა სახლი ქართველი „ცისფერყანწელების“ - პოეტ-სიმბოლისტთა გაერთიანების - არაოფიციალურ შტაბ-ბინას წარმოადგენდა. 1937 წელს, ცნობილი „სტალინური წმენდების“ დროს, პოეტმა პაოლო იაშვილმა, რომელიც შეშფოთებული იყო დასმენებითა და საჩვენებელი სასამართლოების მოწყობით თავისი კოლეგების მიმართ, დატოვა საბჭოთა საქართველოს მწერალთა კავშირის სხდომა, ავიდა ზემო სართულზე და სანადირო თოფით თავი მოიკლა.
ქეთევან დუმბაძის ფარული დანიშვნა მწერალთა სახლის ახალ დირექტორად, რომელიც პარლამენტის წევრია „ქართული ოცნებიდან“, იმაზე მეტყველებს, რომ ძველი ავტორიტარული ინსტინქტები არ გამქრალა და ისევ თავს იჩენს. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ქეთევან დუმბაძემ მხარი დაუჭირა რუსული სტილით მომზადებულ კანონპროექტს „უცხოელი აგენტების შესახებ“, რომელიც საზღვარგარეთიდან ფინანსების მიმღები მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ იყო მიმართული, ამიტომაც მის დანიშვნას მწერლების მნიშვნელოვანი ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა. გარდა ამისა, „ქეთევან დუმბაძეს ამ სფეროში გამოცდილება არ აქვს, ასევე არანაირი შეხება და ინტერესი არ აქვს კულტურის სფეროს მიმართაც“, - ამბობს ნატა ლომოური, მწერალთა სახლის ყოფილი დირექტორი.
ქეთევან დუმბაძის დანიშვნა დირექტორად - ეს მხოლოდ ყველაზე ბოლოდროინდელი სკანდალთაგანია, რომლებიც თან სდევს თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად ყოფნას ამ ორი წლის განმავლობაში. ჯერ იყო და მისი ძალისხმევით მუზეუმებიდან და არქივებიდან უამრავი თანამშრომელი გაათავისუფლეს, შემდეგ მათ ნაცვლად კულტურის სფეროს დაწესებულებებში ხელმძღვანელებად ექსპროკურორები და პენიტენციალური სტრუქტურების ყოფილი უფროსები დაინიშნენ. „ხელისუფლებისადმი ლოიალობა და სრული თანხმობა“, - ასე დაახასიათა ერთ-ერთი მუზეუმის აწ უკვე ყოფილმა დირექტორმა ახალი კადრების დანიშვნის პრინციპი, რომელიც მათაც ეხება, ვინც თანამდებობაზე იქნა დატოვებული.
ავტოკრატებს ხელოვნებისა სწორედ იმიტომ ეშინიათ, რომ ისინი ვერ აკონტროლებენ ხელოვანთა (მწერლების, პოეტების და.აშ.) რეაქციას. იმ დროს, როცა სხვა რესპუბლიკებში ავტორიტარიზმი მეფობდა, საქართველოს კულტურის სამყაროში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი „დემოკრატიის ჟანგბადი“. როცა მე რუსეთში რეპორტიორად ვმუშაობდი, შევამჩნიე, თუ როგორი დიდი ძალისხმევით ცდილობდა ვლადიმერ პუტინი ხელოვნების სფეროს ხელისუფლებისადმი დაქვემდებარებას და მის გაკონტროლებას. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მოქმედების ტრაექტორიიდან ჩანს, რომ საქართველოშიც მოვლენები მსგავსი მიმართულებით მიდის.
აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი უცნაურად უთავსდება თბილისის სწრაფვას ევროკავშირის წევრობისაკენ. გასულ წელს საქართველომ, მოლდოვასა და უკრაინისაგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მას 12-პუნქტიანი მოთხოვნა წაუყენეს რეფორმების განსახორციელებლად. მართალია, (ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაში) გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების კურსი, რომელიც რუსეთისაკენ გადახრაში გამოიხატება (მაგალითად, ავიამიმოსვლის განახლება მოსკოვთან), თბილისის ევროპული განაცხადის გულწრფელობას საეჭვოდ ხდის.
საქართველოს, მოსახლეობის მცირერიცხოვნობის მიუხედავად (3,7 მილიონი ადამიანიდან 1 მილიონზე მეტი თბილისში ბინადრობს), ძლიერი და აქტიური კულტურული ცხოვრება აქვს. ისეთი ინიციატივები, როგორებიცაა Artbeat-გალერეა (საგამოფენო სივრცე გადაკეთებულ საცხოვრებელ კოპუსში) და გალერეა LC Queisser, მოწოდებულია მხარი დაუჭირონ ახალბედა დამწყებ მხატვრებს. ისინი სწორედ იმიტომ გახდნენ პოპულარულები, რომ მათ მთავრობისგან რაიმე ინტერესი, მხარდაჭერა და კავშირი არ ჰქონდათ. ასეთი პროექტები ადვილად ადაპტირებადნი არიან და პოლიტიკური განწყობის ცვლილებებისადმი იმუნიტეტი აქვთ.
მაგრამ თბილისის უფრო მეტად ცნობილი კულტურული დაწესებულებები, როგორიცაა მწერალთა სახლი, ძალიან თვალსაჩინო და ისტორიული მნიშვნელობისა არიან, ისინი მსგავსი თავისუფალი მოქმედებით ვერ ისარგებლებენ. იმდენად, რამდენადაც მწერალთა სახლი კვლავ ექცევა (ხელისუფლების ყურადღების ცენტრში), მას კიდევ ერთხელ მოუწევს წინააღმდეგობა გაუწიოს ძველ მტერს - რეპრესიებს.
მოამზადა სიმონ კილაძემ