"დარწმუნებული ვარ, შემდეგ სერიაში ხელისუფლება "სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე" ფარულ ჩანაწერებს გამოაქვეყნებს"
„ივანიშვილი ყველაფერზე მიდის იმისათვის, რომ დაიცვას ის მსხვილკალიბრიანი მოთამაშეები, რომლებზე დაყრდნობითაც სისტემა ააწყო, “ - ასე აფასებს პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე ოთარ ფარცხალაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე უფრო ვრცლად გვესაუბრება.
- „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, ნებისმიერ ფასად იცავს სისტემის ვერტიკალს. ფარცხალაძის საქმე არ არის რიგითი ჯაშუშის საქმე. ის პირდაპირ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს - ფიგურას, რომელსაც 101%-იანი გავლენა აქვს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. უკვე დადასტურებულია, რომ ფარცხალაძე მუშაობს რუსეთზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური გუნდი მზად არის, საქართველოს საფინანსო სისტემა და შესაბამისად, ეკონომიკაც კი ჩამოანგრიოს რუსების მიერ გადაბირებული ჯაშუშის გამო.
- თქვენი ვერსიით რა მიმართულებით წავა ახლა პროცესი?
- ახლა პროცესი შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით წავიდეს. ობიექტური და სანდო ჟურნალისტების დახმარებით, ქართული საზოგადოებისათვის სწორი ნარატივი უნდა შევქმნათ, იმიტომ, რომ დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხე კიდევ უფრო გაზრდილია. „ქართული ოცნება“ ახლა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხალხი შეცდომაში შეიყვანოს. სუს-ის განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინაში მყოფი ქართველები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ, სწორედ ამის ინდიკატორია. ამასთან, აბსურდულიც - უკრაინა წარმოუდგენლად მზაკვარ და ძლიერ მტერთან ომშია ჩართული და იქაურ ქართველებს, რომლებიც ბეწვის ხიდზე დადიან და ყოველდღიურად რისკავენ საკუთარ სიცოცხლეს, საქართველოში გადატრიალების მოსაწყობად ნამდვილად არ სცალიათ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ ყველაფრის მკადრებელია. ხაზს ვუსვამ - „ქართული ოცნების“ ნარატიული სიძლიერე საინფორმაციო ველზე მდგომარეობს იმაში, რომ დაშვება - „ნაციონალები“ ყველაფერს იკადრებენ“ - ვალიდურია. აი, ამას ებღაუჭება „ქართული ოცნება“, ფიქრობენ, რომ რადგან „ნაციონალები“ ყველაფრის მკადრებლები არიან, შეუძლიათ საზოგადოებას ნებისმიერი დეზინფორმაციული ნარატივი "აჭამონ"
- გამორიცხავთ, რომ „ნაციონალებს“ შეიძლება მართლაც ჰქონდეთ რევოლუციური სცენარები?
- „ნაციონალებს“ რევოლუციური სცენარები სულ აქვთ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებიდან წასვლამ მოუწიათ, სულ ამაზე ფიქრობენ. ამის ნათელი დადასტურება იყო 20 ივნისის აქცია, როდესაც ობიექტურად გაბრაზებული ხალხის პროტესტს ჩაებღაუჭნენ და პროცესის რევოლუციური სცენარით წარმართვა გადაწყვიტეს. სახელმწიფო უსაფრთხოების და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელობის გონებრივ შესაძლებლობებზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ არც ისეთი ბრიყვები არიან, რომ მინიმალური, საინფორმაციო ველზე მანიპულირებადი ინფორმაციის გარეშე გაეკეთებინათ განცხადება შესაძლო დესტაბილიზაციის შესახებ. დარწმუნებული ვარ, შემდეგ სერიაში ფარული ჩანაწერებიც იქნება. „ქართული ოცნება“ გასროლას ჯერ არ აპირებდა, არჩევნებამდე სამი - ოთხი დღით ადრე უნდოდათ ჩანაწერების გამოქვეყნება, უბრალოდ ფარცხალაძის საქმემ ძალიან დააბნია და ააჩქარა. ისტორიაში სულ სამი-ოთხი პრეცედენტია, როდესსაც ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი გადაიბირა მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურმა. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები ცივი ომის პერიოდს უკავშირდება. მაგალითად, აღმოსავლეთ გერმანიის სპეცსამსახურმა - შტაზიმ გადაიბირა დასავლეთ გერმანიის მაღალი თანამდებობის პირი - კანცლერი. ინდივიდუალურად, თუ ფარცხალაძის საქმეს ავიღებთ, ეს არის აისბერგის წვერი, რომელმაც არამხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ შეიძლება მთელი აგენტურული ქსელი გამოაშკარაოს. „ქართული ოცნება“ ახლა ცდილობს, ჩვენი აქცენტების, სწორად დასმული შეკითხვების რედირექტირება მოახდინოს.
- რა ტიპის შეიძლება იყოს ის ჩანაწერები, რომლებიც თქვენი თქმით, შეიძლება სუს-ს აქვს და საინფორმაციო ველზე მანიპულირების შესაძლებლობას იძლევა?
- შეიძლება ეს იყოს, ზოგიერთი ენმ-ის წევრის, ან ენმ-თან დაკავშირებული, თუნდაც უკრაინაში მყოფი, ყოფილი თანამდებობის პირების საუბრები - ჭიქა ყავაზე. ამ ხალხს მართლაც სჩვევია ჭიქა ჩაისა თუ ჭიქა ვისკიზე ჯადოსნური, რევოლუცური სცენარების ფრქვევა. დარწმუნებული ვარ, ასეთი საუბრების ჩანაწერები აქვთ მოპოვებული და ახლა ამის შემოსაღება უნდათ, რევოლუციურ სცენარად.
- რატომ არ შეიძლება ასეთი საუბრები რევოლუციურ სცენარად განვიხილოთ?
- იმიტომ, რომ რევოლუციურ სცენარს სჭირდება რევოლუციური განწყობა. დღეს ქართულ საზოგადოებაში რევოლუციური განწყობა უბრალოდ არ არსებობს. მით უფრო „ნაციონალური მოძრაობას“ არავინ არ გაჰყვება, 15%-საც კი ვერ ნახავთ ამაზე წამსვლელს. შესაბამისად საქართველოში ვერც "მაიდანი" მოხდება და ვეღარც ვარდები რევოლუცია.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)