ეს არის ძალაუფლების უზურპაცია და ანტიკონსტიტუციური ქმედება - თურნავას არ ჰქონდა უფლება, "დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება"
„ეს არის ძალაუფლების უზურპაცია და ანტიკონსტიტუციური ქმედება - თურნავას არ ჰქონდა უფლება, დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება,“ - ასე აფასებს იურისტი დავით ებრალიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას გადაწყვეტილებით 19 სექტემბერს, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანას და გამონაკლისის დაშვებას.
ცნობისთვის, ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სანქციები არ შეიძლება შეეხოს საქართველოს მოქალაქეს თუ მის მიმართ ქართულ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ აქვს გამოტანილი. შედეგად, აშშ-ს მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგება. ამ გადაწყვეტილების შემდეგ სებ-ი დატოვეს სამმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ, ასევე მრჩევლის პოზიცია დატოვა გიორგი ბაქრაძემაც.
„ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თუ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს არ ჰქონდა უფლება, რომ დამოუკიდებლად, ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება. საბჭოს უნდა მიეღო ასეთი გადაწყვეტილება, თუმცა როგორც ეტყობა უკვე კარგა ხანია ნიველირებულია საბჭოს უფლებამოსილება, ალბათ ისინი თავად გაურბიან პასუხისმგებლობას, თორემ ახლაც საბჭოს მინიმუმ 2 წევრს შეეძლო მოეწვიათ საბჭო და ემსჯელათ ამ გადაწყვეტილებაზე. ამის ნაცვლად საბჭოს წევრების ნაწილმა დაწერა განცხადებები, ხოლო ნაწილი ახლაც ჩუმად არის...", - აცხადებს ებრალიძე.