"განხეთქილების ხორბალი" - ზელენსკის საბედიწერო შეცდომა, რომელიც პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს?! - კვირის პალიტრა

"განხეთქილების ხორბალი" - ზელენსკის საბედიწერო შეცდომა, რომელიც პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს?!

უკრაინამ აგრესორ რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და გვერდში მდგომი მეზობელი ქვეყანა დაკარგოს... პოლონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას იარაღს აღარ მიაწვდის.

"უკრაინა თავს იცავს რუსეთის სასტიკი თავდასხმისგან და მე მესმის ეს სიტუაცია, მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ აღარ მივაწვდით იარაღს უკრაინას, რადგან ახლა ვახორციელებთ პოლონეთის შეიარაღებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ.

პოლონეთის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე მიიღო. სამშაბათს პოლონეთის საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩი დაიბარეს იმ განცხადებების გამო, რომელიც გაეროში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. კერძოდ, ზელენსკის თქმით, უკრაინის ზოგიერთი მეგობარი ქვეყანა ევროპაში "სოლიდარობას თამაშობს პოლიტიკურ თეატრში და მარცვლეულით თრილერს ქმნის". ვარშავამ ეს კომენტარი დაგმო და განაცხადა, რომ ეს გამონათქვამი უსამართლოა პოლონეთის მიმართ, რომელიც უკრაინას ომის პირველივე დღეებიდან უჭერს მხარს.

პოლონეთსა და უკრაინას შორის მარცვლეულთან დაკავშირებული დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო შავი ზღვის მთავარი სატრანსპორტო გზები ჩაიკეტა და უკრაინა იძულებული გახდა, ალტერნატიული სახმელეთო მარშრუტები გამოენახა. ამან, თავის მხრივ, ცენტრალურ ევროპაში დიდი რაოდენობით მარცვლეულის თავმოყრა გამოიწვია. შესაბამისად, ევროკავშირმა ხუთ ქვეყანაში : ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში მარცვლეულის იმპორტი დროებით აკრძალა, ადგილობრივი ფერმერების დასაცავად, რომლებიც აცხადებდნენ, რომ უკრაინული მარცვლეული ადგილობრივ ფასებს ამცირებდა. აკრძალვა 15 სექტემბერს დასრულდა და ევროკავშირმა ის არ გაახანგრძლივა, თუმცა უნგრეთმა, სლოვაკეთმა და პოლონეთმა ცალმხრივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა არ მოეხსნათ. უკრაინამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) ამ ქვეყნების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რადგან, უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, ისინი საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევენ. პოლონეთმა განაცხადა, რომ იმპორტზე აკრძალვას არ გააუქმებენ და რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეტანილი საჩივარი მათზე გავლენას არ მოახდენს.

რა არის ეს, ოფიციალური კიევის მხრიდან მეზობელი პოლონეთისთვის უმადურობის გამოხატვა თუ დიდი პოლიტიკური სიბეცე, რომელიც აგრესორი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს?

იმ პოლონეთის მიმართ, რომელიც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის პირველი დღიდანვე გვერდში უდგას უკრაინას და ომის დაწყებიდან 14 მილიონ 182 ათასი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო, ხოლო ამ დროისთვის პოლონეთში ერთ მილიონამდე უკრაინელი ლტოლვილი ჰყავს შეფარებული?

იმ მეზობელი ქვეყნის მიმართ, ვინც 2 მლრდ დოლარის საერთო ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინის არმიას საბრძოლო თვითმფრინავების, ტანკების, თვითმავალი საარტილერიო დანადგარების, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისა და სხვა სახეობისა და ტიპის შეიარაღების მიწოდებით?

განა უღირს პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლებას ხორბლის მაინცდამაინც პოლონეთსა და სხვა მეზობელ ქვეყნებში ჯიუტად ექსპორტის მოთხოვნა იმად, რომ ადგილობრივი ფერმერები იმ ქვეყნების ხელისუფალთ აუჯანყოს?

დიახ, შეიძლება პოლონეთში მაცხოვრებლების დიდ ნაწილს აწყობდეს ფასის დაცემა მარცვლეულზე, მაგრამ პოლონელი ფერმერები ამით დიდ ფინანსურ დარტყმას იღებენ, რაც მათ აამხედრებს როგორც მთავრობის წინააღმდეგ, ისე - ნეგატიურად განაწყობს პოლონეთში თავშეფარებული უკრაინელი ლტოლვილების მიმართაც, რაც, არ არის გამორიცხული, გადაიზარდოს საყოფაცხოვრებო დონეზე ფიზიკურ დაპირისპირებაშიც...

უკრაინასა და პოლონეთს შორის არსებობს ისტორიული უთანხმოებებიც, რომელთა ხელახლა გაღვივებას მთელი ომის პერიოდში უშედეგოდ ცდილობდა რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა, მაგრამ მარცვლეულის ექსპორტის თემასთან დაკავშირებით ოფიციალური კიევის ქმედებებიც, თითქოს, სწორედ კრემლის საქმეს აგრძელებს - რადიკალურად აფუჭებს უკრაინა-პოლონეთის მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას და რას იზამს უკრაინის არმია, თუკი პოლონეთმა ჯერ შეიარაღების მიწოდება შეუწყვიტა მას, ხოლო შემდეგ - თავისი საზღვარიც ჩაუკეტა სწორედ პოლონეთის გავლით უკრაინისთვის მიწოდებულ ამერიკულ და ევროპულ ტანკებსა და საარტილერიო ჭურვებს?