"როგორი კარგი შვილი მოუკლეს დედას... კიდევ ერთი დედა შეიმოსა შავებით" - ვინ არიან ნიდერლანდებში მოკლული ქართველი ახალგაზრდა და ბრალდებული?
ნიდერლანდების პოლიცია 28 წლის ქართველს, თორნიკე მანველიძეს ეძებს, რომელსაც ქართველი ბიჭის მკვლელობა ედება ბრალად. უწყების ცნობით, მან საქართველოს მოქალაქეს ქალაქ უტრეხტში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა 19 სექტემბერს, დაახლოებით, 18:00 საათზე ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.
ცნობილია, რომ 32 წლის ქართველი მამაკაცი მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"ამჟამად თორნიკე მანველიძის ადგილსამყოფელი უცნობია. სწორედ ამიტომ, ვაქვეყნებთ მის ფოტოს", - წერს პოლიცია.
უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მისი დანახვის შემთხვევაში, არ მიუახლოვდნენ და დაუყოვნებლივ პოლიციაში დარეკონ.
ჩვენი ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდა მარტვილელი შოთიკო საკანდელიაა. ის იმ დღის ჩასული იყო, თურმე, ნიდერლანდებში. რატომ გაიმეტა ქართველმა სასიკვდილოდ, ჯერჯერობით უცნობია.
ყველა განიცდის მომხდარ ტრაგედიას. სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით.
"თითქოს ბავშვობის ფერად ფურცლებს ფერი გაუხუნდა დღეს, მომავლის ბიჭი მოკლეს", - წერს შოთიკოს მეგობარი სოციალურ ქსელში.
"როგორი კარგი შვილი მოუკლეს დედას, უკარგესი მშობლების შვილი, ძალიან კარგი ახალგაზრდა. სიტყვები არ მაქვს. კიდევ ერთი უბოროტო, წესიერი და ზრდილობიანი ბიჭი დააკლდა ჩვენს მარტვილს, კიდევ ერთი დედა შეიმოსა შავებით. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს, ნათელში, შოთი, შენი სული", - წერს ახლობელი.
"ტრაგედია, რომელსაც სახელი არ აქვს, ჩვენი ძმა, გამორჩეული ადამიანი, ბრწყინვალე გონებით, სიკეთით სავსე კაცი წავიდა წუთისოფლიდან… უფალმა აცხონოს შენი უკვდავი სული, ქრისტესმიერო საყვარელო ძმაო… დიდი დანაკლისია ყველასთვის… ჩვენი ბაღის ჯგუფელების, კლასელების, ჩვენი რაიონის და ქვეყნის… კითხვაზე რატომ? მხოლოდ ჩვენი გარდაცვალების შემდეგ შევძლებთ პასუხის გაცემას… გამძლეობას ვუსურვებ საკანდელიების ძვირფას ოჯახს…", - წერს მამა ნაზარი ბასილაია.
"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. იმედია, დამნაშავეს მალე დააკავებენ და საკადრისად დაისჯება.
წაიკითხეთ, ასევე, ახალი დეტალები - "ეს განზრახ მკვლელობა იყო" - ახალი დეტალები, თუ რა გახდა 2 ქართველს შორის დაპირისპირების მიზეზი
(სპეციალურად საიტისთვის)