"ილჰამ ალიევმა და ვლადიმერ პუტინმა ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების მომზადებაზე ისაუბრეს"
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის დღეს, აზერბაიჯანული მხარის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ ძალისხმევას სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციისა და ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის კუთხით.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა კრემლის პრესსამსახურმაც, რომლის თანახმადაც, ილჰამ ალიევმა ვლადიმერ პუტინს ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების დაღუპვის გამო მოუბოდიშა და განაცხადა, რომ მომხდარის საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდება და ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.
IPN