"ის ძალიან მძიმედ იყო ნაცემი" - გარდაიცვალა სტუ-ის პროფესორი, რომელსაც თვენახევრის წინ, ფიზიკურად გაუსწორდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, 65 წლის ოთარ გელაშვილი, რომელსაც დაახლოებით, თვენახევრის წინ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ოთარ გელაშვილი შემთხვევის დღეს, რუსთავი-გაჩიანის ტერიტორიაზე უგონო მდგომარეობაში, საკუთარ ავტომანქანასთან იპოვეს. ის ჯერ რუსთავის კლინიკაში, შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა, მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, ის გუშინ, 20 სექტემბერს გარდაიცვალა.
მომხდარიდან მალევე, სამართალდამცავებმა ერთი პირი, 23 წლის სარქარ ჰუსეინოვი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დაკავებულის ადვოკატი, ზაზა ნაჭყებია აცხადებს, თავდასხმაში კიდევ ერთმა შესაძლო მონაწილემ კი საქართველოს ტერიტორია დატოვა.
ნაჭყებიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გარდაცვლილს არ იცნობდა და ის მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე დააკავეს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ამ ადამიანთან არანაირი შეხება არ მქონია, არც ცოცხალი, არც დაზიანებული არ მინახავსო. იმ დღეს, შემთხვევის ადგილს არც გავკარებივარო. ის რაღაც ირიბი ჩვენებების საფუძველზეა დაკავებული, შემთხვევიდან 3-4 დღის თავზე. სოფელში ვიღაცამ თქვა, რომ კულუმ ბაირამოვმა და სარქარ ჰუსეინოვმა ვიღაც მამაკაცი სცემეს, ეს რამდენიმემ გაიმეორა. საქმეზე რამდენიმე ექსპერტიზაა დანიშნული, რითაც გაირკვევა მტყუანიც და მართალიც. დაკავებულია მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სარქარ ჰუსიენოვი, მას ბრალი წარდგენილი აქვს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, მაშინ როცა მას ბრალი წარუდგინეს, სასიკვდილო შედეგი დამდგარი არ იყო დამდგარი. სავარაუდოდ, მუხლი განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობით გადაკვალიფიცირდება. მეორე პირმა საქართველოს ფარგლები დატოვა, თურქეთში გაემგზავრა.
დაზარალებული თავდასხმის დღიდან გარდაცვალებამდე, თითქმის, თვენახევრის განმავლობაში კომაში, უგონო მდგომარეობაში იყო. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა არსებობს, რომ მას თავის ტვინის დაბეჟილობა, ფუძის მოტეხილობა ჰქონდა, აბსოლუტურად უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა“, - განაცხადა ნაჭყებიამ.
ადვოკატის განმარტებით, ბრალში თავდასხმის მოტივად შურისძიებაა მითითებული.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ოთარ გელაშვილის აკადემიურ საქმიანობას არ უკავშირდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალი შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს.
ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს არ იყო სამეცნიერო-პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული, ეს არის კრიმინალური, საშინელი შემთხვევა , - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ პროფესორი ოთარ გელაშვილის გარდაცვალების ფაქტზე საუბრისას „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
დავით გურგენიძის განცხადებით, პროფესორი ოთარ გელაშვილი სტუდენტობიდან ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობდა და არასდროს ყოფილა კონფლიქტური ადამიანი.
„მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ბატონი ოთარ გელაშვილის ოჯახს, მთლიანად საზოგადოებას, როგორც ჩემი სახელით, ასევე, უნივერსიტეტის სახელით. ოთარ გელაშვილი იყო საკმაოდ დიდი მეცნიერი, იყო პედაგოგი, მრავალი სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი. მოხდა კრიმინალური შემთხვევა ზუსტად 40 დღის წინ, სამუშაო საათების შემდეგ ის გაემართა ქვემო ქართლის რეგიონში და როგორც ჩვენთვის ცნობილია მოხდა ყაჩაღური თავდასხმა, იყო ძალიან მძიმედ ნაცემი. დილის 9 საათისთვის ის იყოფებოდა რუსთავის საავადმყოფოში. გაუკეთდა ურთულესი ოპერაცია, ტრეპანაცია თავის ქალაზე. იყო გადმოყვანილი საუნივერსიტეტო კლინიკაში, იყო კომატოზურ მდგომარეობაში და ძალიან სამწუხარო რამ მოხდა, გუშინ დილას გარდაიცვალა.
დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები, დაკავებულია ერთი პიროვნება , რომელმაც ადამიანი მიიყვანა სიკვდილამდე. მეორე პიროვნებას მისჯილი აქვს, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, იმავე დღეს დატოვა საქართველო. მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება.
ბატონი ოთარი სტუდენტობიდან ამ უნივერსიტეტში მუშაობდა, ის იყო ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი ამ უნივერსიტეტში, ის იყო სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი. იყო უკეთილშობილესი ადამიანი და ყველას დიდის თუ პატარის მეგობარი, კონფლიქტური ადამიანი ის არ ყოფილა“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.
IPN