„ანჟეი დუდამ კიევს უთხრა: თქვენ იძირებით და მშველელსაც თან ითრევთ დასახრჩობად" -The Daily Telegraph-ის მძიმე სტატია
ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს პოლიტიკური მიმომხილველის რობერტ კლარკის სტატიას სათაურით „ევროპა პუტინისათვის უკრაინის ჩაბარების ზღვარზეა. პოლონეთმა უკრაინას, რაც შეეძლო, უკვე მისცა“.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „უკრაინას იარაღით მეტად აღარ დაეხმარება“, შესაბამისად, ვარშავა უფრო მეტად მიაქცევს ყურადღებას „საკუთარი არმიის აღჭურვას თანამედროვე იარაღით“.
რამდენად არის ეს განცხადება ფეთქებადსაშიში? ობიექტურად თუ განვსჯით, როგორიც არ უნდა იყოს პრემიერის ნათქვამის არსი, ის მაინც ვერ შეცვლის სიტუაციას უკრაინისათვის მოკლევადიან პერსპექტივაში. ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი ენით, როგორი სტილით ლაპარაკობენ პოლონეთის ლიდერები. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: აი, როგორ შეაფასა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უკრაინის მოქმედება - „თქვენ ფსკერისაკენ იძირებით და მშველელსაც თან ითრევთ დასახრჩობადო“. ანუ პოტენციურად შეიძლება დაღუპულად ჩაითვალონ ისინიც, ვინც კიევს ეხმარებიან. ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ უკრაინას ამ ომის მოგება ამჟამინდელი მხარდაჭერისა და დახმარების მასშტაბით არ შეუძლია და რომ ევროპასაც აღარ აქვს შესაძლებლობა, კიევს იარაღი ადრინდელი რაოდენობით მიაწოდოს.
თითქმის ყველა ექსპერტმა და კომენტატორმა პოლონეთის გადაწყვეტილება იმ დავას დაუკავშირა, რომელიც ბოლო თვეებში კიევსა და ვარშავას შორის გაჩნდა - იაფი უკრაინული მარცვლეულის გაყიდვის შესახებ, ევროკავშირის ქვეყნების შიდა ბაზარზე. ამ ვერსიაში, რა თქმა უნდა, სიმართლის წილი ნამდვილად არის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვან მომენტად უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ პოლონეთს უკრაინისათვის დასახმარებლად გასაგზავნი იარაღის რაოდენობა უმცირდება ან უკვე აღარ აქვს.
გავიხსენოთ, რომ ვაშინგტონისა და ლონდონის შემდეგ, ვარშავა კიევისათვის მესამე მსხვილ სამხედრო დონორს წარმოადგენს რუსეთის არმიის შეჭრის დღიდან. პოლონეთმა უკრაინას უკვე გადასცა პრაქტიკულად მთლიანად მემკვიდრეობით მიღებული მთელი საბჭოთა მძიმე ტექნიკა, ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე დასავლური მოწყობილობების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, პლუს „ლეოპარდის“ ტიპის ტანკები (60 Leopard-1 და 20 Leopard-2).
ბუნებრივია, სიკეთის კეთებას და გულუხვობასაც თავისი საზღვარი აქვს - ნაწილობრივ იმ მიზეზითაც, რომ „სავსე კარადა უკვე დაცარიელდა“. მას შემდეგ, რაც შარშან თებერვალში ომი დაიწყო, პოლონეთი ძალზე დიდი ყურადღებით და ნერვიულად აკვირდება „სუვალკის დერეფნის“ მდგომარეობას, რომელიც ვიწრო გასასვლელს წარმოადგენს პოლონეთის, ბელარუსის და რუსეთის (კალინინგრადის ოლქის) ტერიტორიებს შორის. კალინინრადის რუსული ანკლავი კი სავსეა რუსული იარაღით, იქვეა სამხედრო-საზღვაო ბაზა ატომური წყალქვეშა ნავებით.
რადგანაც უკრაინის ომი ჭიანურდება, ვარშავა უკვე ისწრაფვის, რომ საკუთარი თავდაცვა და შეიარაღებული ძალები გააძლიეროს. აღსანიშნავია, რომ პოლონეთმა ეს პროცესი ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, რუსეთის ყირიმში შეჭრის შემდეგ. იმ დროს, როცა დასავლეთი ხარბად ყიდულობდა რუსულ ნავთობსა და გაზს, პოლონეთი და ბალტიის სხვა ქვეყნები ინვესტიციებს სამხედრო მრეწველობაში აბანდებდნენ, ამზადებდნენ ტექნიკასა და საბრძოლო მასალებს, ჭურვებს, ნაღმებს და ა.შ. გასაგებია, რომ ვარშავას არ სურს კიევს თავისი „ხელშეუხებელი რეზერვიც“ გადასცეს, სანამ ახალს არ დაამზადებს (ან აშშ-სგან არ მიიღებს) და ბალანსს არ აღადგენს.
პოლონეთის გადაწყვეტილება არ უნდა გავაზვიადოთ. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ ვარშავა არ შეწყვეტს საბრძოლო მასალების მინიმალური რაოდენობით გადაცემას და რომ პოლონეთი კვლავ დარჩება მთავარ ლოჯისტიკურ ცენტრად იმ დასავლური სამხედრო დახმარებისათვის, რომელიც აშშ-დან, ატლანტიკისა და ევროპის გავლით, უკრაინის ფრონტებისაკენ იგზავნება. გულწრფელად რომ ვთქვათ, იარაღის ამ ნაკადის გარეშე უკრაინა ჯერ კიდევ შარშანდელ ზამთრამდე დაეცემოდა.
პოლონეთი, ალბათ, კიდევ გამოძებნის კომუნისტური ეპოქიდან მემკვიდრეობით დატოვებულ საბრძოლო მასალებს, რომლებიც, სხვათა შორის, ძალიან საჭირო აღმოჩნდა იმ კონფლიქტისათვის, რომელიც უდიდესია და უსასტიკესი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. იმ დროშიც და ახლაც, უკრაინის ველებზე დომინირებს მასირებული საარტილერიო დაბომბვები, ქვეითთა შეტევები და ასობით კილომეტრიანი ეშელონირებული თავდაცვის ზღუდეები. ამ ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, უკრაინის ომში საომარი მოქმედებები გამოირჩევა საბრძოლო მასალების, კერძოდ, საარტილერიო ჭურვების სწრაფი ხარჯვით, ამიტომ მათ დამატებით მიწოდებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ პოლონეთი შეამცირებს ადრინდელი რაოდენობით გაგზავნას (ეშელონებით!), უკრაინას გარკვეული მოცულობით მაინც დაეხმარება, რაც კიევის თავდაცვისათვის სერიოზული წვლილი იქნება.
მაგრამ ისიც უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ თუ დროთა განმავლობაში კიევსა და ვარშავას შორის ურთიერთობა დათბება, შეზღუდვები იმაზე, თუ რა უნდა გაეგზავნოს უკრაინას და რა უნდა დაიტოვოს თვითონ, ალბათ მაინც დარჩება. არასასიამოვნოა, მაგრამ იგივე შეიძლება მოხდეს სხვა ქვეყნებშიც - ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებში. იმდენად, რამდენადაც ომს დასასრული არ უჩანს, კითხვა აუცილებლად წამოიჭრება: ვინ იქნება, დომინოს პრინციპით, შემდეგი?
მოამზადა სიმონ კილაძემ