სტალინიდან ქართულ პოლიტიკამდე - უცხოური სპეცსამსახურების რამდენი აგენტია ქართულ პარტიებში და რა მეთოდებს იყენებენ ისინი?! - კვირის პალიტრა

სტალინიდან ქართულ პოლიტიკამდე - უცხოური სპეცსამსახურების რამდენი აგენტია ქართულ პარტიებში და რა მეთოდებს იყენებენ ისინი?!

საქართველოს პოლიტიკური სისტემა სერიოზულადაა ავად. ამაზე თუნდაც პარლამენტის სხდომებზე გაჩაღებული რეგულარული მუშტი–კრივი მეტყველებს. ამას თუ დავამატებთ ორ ასეულზე მეტ რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას და უთვალავ, პრეზიდენტობის ამბიციის მქონე „პოლიტიკური ლიდერს“ – მაშინ დიაგნოზი კატასტროფული იქნება! თუნდაც იმიტომ, რომ რაც უფრო დიდი სიჭრელეა პოლიტიკურ სპექტრში, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისთვის მით უფრო იოლია იქ შეღწევა და აგენტურული ქსელის შექმნა.

საინფორმაციო საშუალებებით თუ პირად საუბრებში ხშირად გაიგონებთ: ეს და ეს, ამა და ამ ოპოზიციურ პარტიაში შეგზავნილია და ხელისუფლების ( ან კონკურენტი პარტიის ან უცხო ქვეყნის) სასარგებლოდ ჯაშუშობსო. საინტერესოა, აქვს თუ არა საფუძველი ამგვარ მოსაზრებას და ზოგადად, რამდენად აქტუალურია აგენტურის ჩანერგვა პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში? ამასთან დაკავშირებით მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს პოლიტიკურ პარტიებში სპეცსამსახურების აგენტურის შეგზავნის რამდენიმე ისტორიული მაგალითი.

სტალინი “ოხრანკის” აგენტი იყო?

საბჭოთა იმპერიის ბელადს იოსებ სტალინს ოპონენტები (განსაკუთრებით ლევ ტროცკი გამოირჩეოდა) რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის საიდუმლო პოლიტიკური პოლიციის ე.წ. “ოხრანკის” აგენტობაში სდებდნენ ბრალს. 1930-იანი წლების დასაწყისში განხორცილებული სასტიკი რეპრესიების შემდეგ სტალინს ქვეყნის შიგნით ღია ოპოზიცია აღარ ჰყავდა და აბა ვინ რას გაუბედავდა. ევროპასა და ამერიკაში გაქცეული მისი მოწინააღმდეგე ემიგრანტები კი, ათწლეულების მანძილზე ავრცელებდნენ “ოხრანკის” დოკუმენტებს იოსებ ჯუღაშვილის გადაბირებისა და 1905-1917 წლებში რუსეთის იმპერიის საიდუმლო პოლიტიკური პოლიციის სასარგებლოდ მუშაობის შესახებ. მათი მტკიცებით ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატი “კობა” “ოხრანკამ” გადაიბირა და “ბოლშევიკების” პარტიაში შეგზავნა, რის შემდეგაც “ბოლშევიკების” ყველა საიდუმლო ინფორმაცია “ოხრანკისთვის” წინდაწინ ხდებოდა ცნობილიო.

სტალინის ოპონენტები იმასაც ამტკიცებდნენ, რომ სტალინის ხშირი გაქცევები ციხიდან და გადასახლებიდან, სწორედ “ოხრანკის” მიერ იყო ორგანიზებული, რათა ახალგაზრდა “კობას” ავტორიტეტი სოციალ-დემoკრატიულ პარტიაში გამყარებულიყო. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სტალინის “ოხრანკის” აგენტობის დამადასტურებელი დოკუმენტების უტყუარობა ყოველთვის ეჭვს იწვევდა, მათ შორის პოლიტიკურ ემიგრანტებშიც.

picture-1-1695361913.jpg
„ოხრანკის“ საიდუმლო არქივში დაცული იოსებ ჯუღაშვილს ფოტო

რუსეთის იმპერიის პოლიტიკური პოლიცია, რომლის სრული დასახელება (“საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის განყოფილება”) მხოლოდ საზოგადოებისათვის კეთილშობილური მიზნების განხორციელების შთაბეჭდილებას ტოვებდა, ძალზე აქტიურ ოპერატიულ-აგენტურულ მუშაობას ეწეოდა რუსეთის ლეგალურ თუ არალეგალურ პოლიტიკურ პარტიებში. განსაკუთრებით საინტერესოა ორი, პოლიტიკურ ორგანიზაციებში ჩანერგილი, აგენტის ვინაობა.

ევნო აზეფი (1869-1918 წწ.) რუსეთის სოციალისტურ-რევოლუციური პარტიის (“ესერების”) ერთ-ერთი ლიდერი და იმავდროულად “ოხრანკის” აგენტი (ოპერატიული ფსევდონიმი “რასკინი”) იყო. “ესერები” ცნობილი იყვნენ რუსეთის მეფის მოხელეებზე ტერაქტების მოწყობით. აზეფს იმდენად ეშინოდა გაშიფრვის, რომ რამდენიმე ტერაქტი, რომელთაც მსხვერპლი მოჰყვა, “ოხრანკის” მალულად მოაწყო, რითაც თანაპარტიელების სრული ნდობა მოიპოვა. იმავდროულად კი, ის “ოხრანკას” გადასცემდა ზუსტ მონაცემებს “ესერების” მთავარი “ბოევიკებისა” და დაგეგმილი ტერაქტების შესახებ. ამ ინფორმაციის წყალობით თავიდან იქნა აცილებული თავდასხმა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ზე და რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ დურნოვზე. 1908 წელს აზეფის დაჟინებული მოთხოვნით “ესერებმა” დაიწყეს ფულის შეგროვება იმპერატორზე ვითომდა თავდასხმის მოსაწყობად საჭირო თვითმფრინავისა და წყალქვეშა ნავის შესაძენად. აზეფს ძალზე აფასებდნენ “ოხრანკაში”, სადაც მისი ყოველთვიური ანაზღაურება იმ დროისათვის კოლოსალურ თანხას, 1000 მანეთს, შეადგენდა. აზეფი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა 1918 წლის 24 აპრილს ბერლინის ერთ–ერთ კლინიკაში.

picture-1-1695361998.jpg
„ოხრანკის“ საიდუმლო აქრივში დაცული ევნო აზეფის ფოტო

ისტორიაში კარგადაა ცნობილი “ოხრანკის” მეორე აგენტის ვინაობაც, ის რომან მალინოვსკია (1876-1918 წწ.), რომლის ოპერატიული ფსევდონიმი “მკერავი” იყო. “ბლშევიკების” ერთ-ერთი რიგითი წევრი 1911 წელს გადაიბირა “ოხრანკამ” და მაქსიმალურად შეუწყო ხელი მის კარიერულ წინსვლას ამ პარტიაში. სულ მალე მალინოვსკი ვლადიმერ ლენინინთან ისე დაახლოვდა, რომ “ბოლშევიკების” ყველა საიდუმლოებაზე მიუწვდებოდა ხელი. მალინოვსკი რუსეთის IV სახელმწიფო სათათბიროს წევრი და სოციალ-დემოკრატთა ფრაქციის ხელმძღვანელი იყო. 1918 წლის აპრილის დასაწყისში მალინოვსკი ფელიქს ძერჟინსკის პირადი ბრძანებით სასწრაფოდ დახვრიტეს. ბევრი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ “ბოლშევიკებმა” ამით თავიდან აიცილეს “ოხრანკის” სხვა აგენტების გამჟღავნება.

picture-1-1695362062.jpg
„ოხრანკის“ საიდუმლო აქრივში დაცული რომან მალინოვსკის ფოტო

დღეს უცხო სახელმწიფოს სპეცსამსახურების მიერ სხვა ქვეყნის პოლიტიკურ პარტიებსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში აგენტურის გადაბირების მცდელობა ისევე გარდაუვალია, როგორც მზის ამოსვლა დილით. იმიტომ, რომ ჯაშუშობა ადამიანთა მოდგმის ისეთივე უძველესი ხელობაა, როგორიც: პროსტიტუცია, პოლიტიკა და ვაჭრობა. მათ მარტო ისტორიული სიძველე როდი აკავშირებთ. მიზნის მისაღწევად ყველა ხერხისა და მეთოდის ამოქმედება, ადამიანური სისუსტეების: შიშის, სიხარბის, პატივმოყვარეობის, შურის და ა.შ. გამოყენება, და ტყუილის, როგორც საქმიანობის, ძირითად იარაღად მომარჯვება - ამ ოთხ უძველეს პროფესიას ოდითგანვე საერთო აქვს.

ჯაშუშობასა და ზემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათა მთელ კომპლექსს კი სპეციალური სამსახურები ახორციელებენ. საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკა, კულტურა და სპორტი, რელიგია და ეკოლოგია, ბიზნესი და პროფკავშირები, განათლების სფერო და მასმედია... დაუსრულებლად შეიძლება ჩვენი ცხოვრების იმ სფეროების ჩამოთვლა, რომლებიც სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების დაინტერესების ობიექტები არიან. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს - XXI საუკუნეში, მსოფლიოში სპეცსამსახურების როლისა და მნიშვნელობის არნახული გაძლიერების ხანაში, ჩვენთან ამ საკითხების შესწავლა და ანალიზი კვლავ თვითდინებაზეა მიშვებული. სწორედ ესეცაა ჩვენი ქვეყნის საერთო-სახელმწიფოებრივი სისუსტის მიზეზი.

ათწლეულების მანძილზე საქართველოს სპეცსამსახურების პროფესიონალიზმი, ტექნიკური აღჭურვა და დაფინანსება ძალზე ჩამორჩებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დონეს, რომ არაფერი ვთქვათ განვითარებულ ქვეყნებზე. ეს კი, პირველ რიგში, ჩვენი მტრების წისქვილზე ასხამს წყალს. დღეს უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ქართული სპეცსამსახურების დაუძლურება მტრული ძალების მიერ მართვადი, კარგად გათვლილი და ორგანიზებული პროცესი იყო და არის, რადგანაც ცნობილია: ძლიერ სახელმწიფოს, სუსტი სპეცსამსახურებით ვერ ააშენებ!

ჩვენს საზოგადოებას, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, სპეცსამსახურების რეფორმირმირების საკითხთან ერთი, მეტად „საინტერესო“ დამოკიდებულება აქვს: ეს თემა მაშინ ახსენდებათ, როცა ოპოზიციაში არიან, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი კვლავ წინამორბედების, ადრე მათ მიერვე დაგმობილ, მანკიერ გზას აგრძელებენ. სპეცსამსახურების თემა განსაკუთრებით მაშინ ხდება აქტუალური, როცა სხვადასხვა პარტიების ლიდერები არჩევნების წინ ერთმანეთს "კრემლის" და "ამერიკის" აგენტობას აბრალებენ. იქნებ ზოგიერთები არიან კიდეც? იქნებიან და ეს გასაკვირი არც უნდა იყოს - ბევრი ქვეყანა ცდილობდა და ცდილობს, საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში, ისევე, როგორც ბიზნესელიტაში, მასმედიაში, სამეცნიერო წრეებში და ა. შ. საკუთარი დასაყრდენი ჰყავდეს.

სირცხვილია, რაც დღეს საქართველოს სპეცსამსახურებთან (უპირველესად სუს–თან, თორემ საგარე დაზვერვის სამსახური თითქოს არც არსებობს ამ ქვეყანაში) დამოკიდებულებაში ხდება: ნდობის ხარისხი ნულოვან ნიშნულზეა! ურთიერთობა საზოგადოებასა და სპეცსამსახურებს შორის დამოკიდებულია მრავალ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო, ხილულ და უხილავ დეტალებზე: ინგლისელები - სიამაყის, ამერიკელები - პატრიოტული და მერკანტილური, ებრაელები - ქვეყნის უდიდესი სიყვარულის გრძნობის გამო თანამშრომლობენ მშობლიურ სპეცსამსახურებთან. ქართველები? ჩვენთან ბოლო დროს სპეცსამსახურებთან კომპრომატების გამოყენებითა და დაშინებით თანამშრომლობას, მერკანტილური ინტერესებიც დაემატა. გადახედეთ სოციალურ ქსელებს და უმალ მიხვდებით: ერთ და იმავე დროს, ერთნაირი ტექსტით (სიტყვები მაინც შეცვალეთ თქვე ოჯახაშენებულებო), მაძაგებელი ან მაქებარი „მგზნებარე“ პოსტების უკან „დაჟანტაჟებულ–წახალისებული“ „ექსპერტებისა“ და „ანალიტიკოსების“ მოზრდილი „ყურები“ მოჩანს. თუმცა უკანასკნელ პერიოდში ამ ორ „სტიმულს“ მესამეც დაემატა: პოლიტიკურ–ჩინოვნიკური კარიერის იმედი პარლამენტ–საკრებულოში ან რომელიმე სამინისტროს კომფორტულ კაბინეტში. პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული? ხუმრობთ? ვისი აგენტურა მოქმედებს დღეს საქართველოს პოლიტპარტიებში? ბევრისთვის გასაკვირად უნდა ვთქვა, რომ პოლიტპარტიებში აგენტურის შეგზავნით დაინტერესებული ბევრი არაა, ესენია:

ა. კონკურენტი პოლიტპარტიები;

ბ. ადგილობრივი სპეცსამსახურები;

გ. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები.

საქართველოს სინამდვილეში, ლოკალურ დონეზე პოლიტიკური შპიონაჟით კონკურენტი პოლიტპარტიები "ერთობიან". მათ აგენტურას მიზნებიც და შესაძლებლობებიც ლოკალური აქვთ და ბევრიც რომ ეცადონ, ჩვენი და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დახმარების გარეშე, ქვეყნის სტრატეგიულ კურსს მნიშვნელოვნად ვერ შეცვლიან. მათი ინტერესთა სფეროა: სხვა პარტიების დაფინანსების მოცულობა და წყაროები (განსაკუთრებით, საარჩევნო პერიოდში); ფარული კავშირი ხელისუფლებასთან და სხვა პარტიებთან; წინასაარჩევნო "პიარის" სტრატეგია და ტაქტიკა; ლიდერების პარტიული და არაფორმალური ურთიერთობები; კომპრომატების შეგროვება პარტიის ლიდერებზე და ა.შ. გაცილებით სახიფათოა ადგილობრივი სპეცსამსახურების "აგენტურული თამაშები" პოლიტპარტიებში. საქართველოში დღეს ბევრი ოპერატიული მიზნით შექმნილი პარტიაა. მათგან უმრავლესობა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან მემკვიდრეობით ერგო დღევანდელ სპეცსამსახურებს. ამ პარტიების მოქმედების დეტალური სცენარები სპეცსამსახურებში რომ იწერება, დღესავით ნათელია, მაგრამ საკითხავია - რომელი ქვეყნის? დღეს, ეროვნული სპეცსამსახურების არსებობის გარეშე შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ ვისი კონტროლით მოქმედებენ ჯერ კიდევ საბჭოთა სუკ-ის მიერ შექმნილი ან, თუნდაც, ახლად წამოჩიტული "ნორჩი" პარტიები.

პარტიებში აგენტურის შეგზავნის მიზნები, ორგანიზაცია, მეთოდები, ოპერატიული მუშაობის ხერხები, კავშირის საშუალებები და ა.შ. ყველა სპეცსამსახურისთვის, ძირითადად, საერთოა. განსხვავებულია მხოლოდ ოპერატიულ-აგენტურული ღონისძიებების შედეგად მიღებული ინფორმაციის რეალიზაციის მიმართულებები. ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებს კანონით ეკრძალებათ ქვეყნის შიდაპარტიულ ორომტრიალში მონაწილეობა. ასევე, ეკრძალებათ აგენტურის მეშვეობით ოპოზიციის მარტივ მამრავლებად დაშლა და ერთმანეთზე "ლამაზად" წაკიდება, რადგანაც "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონით აკრძალულია ფარული ოპერატიულ-აგენტურული მუშაობა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებში. ეს რაც ეკრძალებათ. მათი მოვალეობა კი ისაა, რომ გამოავლინონ და აღკვეთონ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ოპერატიულ-აგენტურული შეღწევა პარტიებსა და პოლიტელიტაში; საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებში; აღმასრულებელ ხელისუფლებაში და სხვ.

საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის აგენტურულ-ოპერატიული მუშაობა გაცილებით იოლია, რადგანაც მათ არც კანონი აწუხებთ და ჯერჯერობით არც ქართული სპეცსამსახურების კონტრდაზვერვითი ღონისძიებებისა ეშინიათ. ერთი სცენარით პარტიების და პოლიტიკოსების ერთ წყებას დავალებული აქვს “საუკუნოვანი მეგობრობის” ლოზუნგების საფარქვეშ ღიად გაახმოვანონ უცხო ქვეყნის ინტერესები, რითაც ეჭვი ააცილონ იმ პარტიებს და პოლიტიკოსებს, რომელებიც უფრო “ღრმა იატაკქვეშეთში” იმყოფებიან და რომლებმაც მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უნდა განახორციელონ შემკვეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ინტერესები. ამ პოლიტპარტიებიდან ზოგი ადრეა შექმნილი, ზოგი კი სპეციალურად წინასაარჩევნო პერიოდისთვის იქმნება. სპეცსამსახურები პოლიტპარტიებში ოპერატიულ-აგენტურული საქმიანობისთვის ძირითადად ოთხ მეთოდს იყენებენ:

1. ქმნიან პოლიტიკურ პარტიას და თავად აკონტროლებენ მას;

ამ დროს მოქმედების სცენარი საკმაოდ მარტივია და მისი დევიზია: “ყველა თავისთვის”, ანუ აგენტურული საქმიანობით დაკავებული სამივე სუბიექტი (ა.კონკურენტი პარტიები; ბ.ადგილობრივი სპეცსამსახურები და გ.უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები) დამოუკიდებლად მოქმედებენ.

2. უკვე მოქმედ პარტიაში “ნერგავენ” ფარულ თანამშრომლებს და აგენტურას, ან უფრო სწრაფი და ეფექტიანი შედეგის მისაღწევად კომპრომატების, მატერიალური დაინტერესების და კარიერული წინსვლის გამოყენებით ახდენენ ახალგაზრდა თუ “სტაჟიანი” პოლიტიკოსების გადმობირებას. ამ დროს მოქმედების სცენარი შემდეგნაირია: ადგილობრივი და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, „საფარად“ იყენებენ რომელიმე უკვე არსებულ სერიოზულ და ძლიერ პარტიას და მისი სახელით მოქმედებენ.

3. ადგილობრივი და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ქმნიან ახალ პარტიებს, რომლებიც დამოუკიდებლად ან სხვა პარტიებთან გაერთიანების შემდეგ გამოიყენება ოპერატიულ-აგენტურული მოქმედებებისათვის .

4. უცხო ქვეყნის სპეცსამსახური საფარად იყენებს ადგილობრივ სპეცსამსახურებში არსებულ თავის აგენტურას, რომლებიც პოლიტპარტიებში მოქმედებენ. აღნიშნული მდგომარეობა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კატასტროფულ მდგომარეობაზე მეტყველებს.

პოლიტპარტიებსა და სახელისუფლებო ელიტაში მყოფი აგენტურა ყოველთვის იშიფრება და მათი გაშიფვრაც კონკრეტული მოქმედებებიდან და არა „პატრიოტული“ მოწოდებებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. ამიტომ ჩვენი კონტრდაზვერვის შემყურეს ისღა დაგვრჩენია, რომ იმ ბედნიერ დღეს ველოდოთ, როდის გაშიფრავენ აგენტები საკუთარ თავს. დასასრულს კი, ერთიც უნდა ითქვას: უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობა “ბეწვის ხიდზე” სიარულს წააგავს და ადრე თუ გვიან ცნობილი გახდება. ეს ყველას უნდა ახსოვდეს. ამიტომ ახლავე გადაარჩინეთ თქვენი შთამომავლობა სირცხვილს.