"მიმაჩნია, რომ ჩინეთთან უვიზო რეჟიმის შემოღებაც სადავო და სახიფათო თემა" - რა საშიშროების შესახებ აფრთხილებს საზოგადოებას მამუკა არეშიძე
ექსპერტი მამუკა არეშეიძე აცხადებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობაში საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს და მას ესმის საზოგადოების შეშფოთების ამ საკითხთან დაკავშირებით.
- ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს შეიცვალოს ქვეყნის საგარეო კურსი და გაფრთხილებასაც სწორედ ამიტომ იღებს. ამის არგუმენტად მოჰყავთ რუსეთსა და ჩინეთთან ბოლოდროინდელი დამოკიდებულება. ამ რამდენიმე დღის წინ ჩინეთთან გამოცხადდა ცალმხრივი უვიზო მიმოსვლა, ამასთანავე, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტში ჩინურ ინვესტიციას მხოლოდ მიესალმებიან. არადა, გვახსოვს ამის რა დიდი წინააღმდეგი იყო შტატები. რას ცდილობს საქართველოს ხელისუფლება ამ ნაბიჯებით მაშინ, როდესაც თან გვიმტკიცებს, ქვეყნის უსაფრთხოების ერთადერთ გზად ევროატლანტიკური ინტეგრაცია მიგვაჩნიაო?
- ანაკლიის პორტის ამბით დავიწყებ. საინტერესოა, რომ ამ პროექტში ჩინელების ჩართვის წინააღმდეგი აშშ-თან ერთად, რუსეთიც იყო. მგონი, ეს ერთადერთი შემთხვევაა საქართველოსთან დაკავშირებით, როდესაც ამერიკელებისა და რუსების პოზიციები დაემთხვა ერთმანეთს. რუსეთსაც ძალიან არ უნდა შავ ზღვაში ჩინელების გამოჩენა.
რაც შეეხება კურსის ცვლილებას, ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ ძალიანაც რომ მოინდომოს, საგარეო პოლიტიკურ კურსს ვერ შეცვლის. შეიძლება შეარბილოს, ზიგზაგებით იაროს და ა.შ., მაგრამ ვერ შეცვლის, რადგან ფინანსურად თუ პოლიტიკურად საქართველო მიბმულია დასავლეთზე. ამ სისტემის გადაწყობა წარმოუდგენელია. ჰიპოთეზურად დავუშვათ, რომ მართლაც სურს შეცვლა და უნდა რუსეთს ჩამოეკიდოს ისევ, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან ჩამოსაკიდიც აღარაფერი დარჩა - რუსეთის დღევანდელი მდგომარეობა უაღრესად მყიფე და არაპროგნოზირებადია. ამასთანავე, ყველამ მშვენივრად იცის, რომ თუ დასავლეთთან ურთიერთობა გაწყდა, ეს ნიშნავს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბოლოოდ დაკარგვას, რადგან დღეს არაღიარების პოლიტიკის სტაბილურობას სწორედ დასავლეთი უზრუნველყოფს. გარდა ამისა, საქართველოს უსაფრთხოება და დაცვის სისტემა სწორედ დასავლეთის დამსახურებაა. მოკლედ, საქართველოსთვის დასავლურ კურსს ალტერნატივა არა აქვს. საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება ითამაშოს, პოზაში დადგეს, რაღაც მანევრები გააკეთოს, ვითომ დისტანცირებისა და დამოუკიდებლობის დემონსტრირება მოახდინოს, მაგრამ ეს მხოლოდ პროცესების ზედაპირია. გარდა ამისა, მხოლოდ ერთ ვექტორზე ჩამოკიდება თავიდან ბოლომდე და ჩვენი მომავლის მისთვის გადაბარება ვერ იქნება სწორი. დღეს ჩვენ გვჭირდება ძალიან მოქნილი, ღრმა და მრავალშრიანი პოლიტიკა. ამ გეოპოლიტიკურ ქაოსში ძალიან რთულია სწორი საგზაო რუკის შექმნა.
რაც შეეხება ჩინეთს, მესმის, დასავლეთისთვის მიუღებელია მისი პარტნიორი საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობა, მაგრამ ეს ცოტა უხერხული მგონია, როდესაც ევროკავშირსაც და აშშ-საც თვითონ აქვთ მრავალმილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან. ამის მიუხედავად, პირადად მეც მიმაჩნია, რომ ჩინეთთან ურთიერთობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. ეს ქვეყანა ეკონომიკური ექსპანსიის პრინციპით მოქმედებს და ეს კარგად ჩანს ცენტრალური აზიის ქვეყნებში. თუ მიეცა საშუალება, იმავეს გააკეთებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც მისი მთავარი მოწინააღმდეგე თურქეთია მოკავშირე აზერბაიჯანთან ერთად, აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია ჩინეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობის გარკვეული სისტემის შექმნა, რათა ჩვენს რეგიონში შემოაღწიოს. ამიტომ დიდი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს. მიმაჩნია, რომ უვიზო რეჟიმის შემოღებაც სადავო და სახიფათო თემაა. დარწმუნებული ვარ, ეს ჩინეთის მხარის მოთხოვნით გაკეთდა.
კარგად მესმის საზოგადოების შეშფოთებისაც. საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში კარგად ვნახეთ საქართველოს ხელისუფლებების გაუაზრებელი პოლიტიკური ნაბიჯები, რამაც მძიმე შედეგები მოგვიტანა. ამის გათვალისწინებით გვეშინია ახალ-ახალი შეცდომების.