"სომხეთი კატასტროფის ზღვარზეა!" - რა ხდება ერევანში, სადაც მდგომარეობა თანდათან იძაბება
სომხეთში პრემიერ-მინისტრის ნიკოლა ფაშინიანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება. დღეს მოსახლეობის ნაწილი ქუჩაში გამოვიდა, გადაკეტეს ცენტრალური ქუჩები, სკოლებმა მუშაობა შეწყვიტეს. მომიტინგეები პრემიერ ფაშინიანს მთიანი ყარაბაღის 120-ათასიანი მოსახლეობის ბედის ანაბარად და აზერბაიჯანის სამოწყალოდ მიტოვებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
აქციაზე დააკავეს ბლოკის „დედა სომხეთი“ ხელმძღვანელი ანდრანიკ ტევანიანი. სომხეთის პარლამენტის დეპუტატმა იშხან საგატელიანმა კი მოსახლეობას გაფიცვისკენ და დამოურჩილებლობისკენ მოუწოდა.
„შეწყვიტეთ მუშაობა, სომხეთი კატასტროფის ზღვარზეა და არ შეიძლება ისე მოვიქცეთ, თითქოს ყველაფერი კარგად არის და ჩვეულებრივი ცხოვრება გრძელდება. გადით ქალაქში, შედით კაფეებში და ძმურად აუხსენით ხალხს, რა ხდება არცახში(ყარაბაღი), რომ ეს გენოციდია, რომ ეს კატასტროფა ყველა ჩვენთაგანის სახლში მოვა. როდესაც ერევნის ქუჩებში გამოვა ჩვენი ხალხის უძლეველი ძალა, პოლიცია ამ მტერს(იგულისხმება ფაშინიანი) ვერ დაიცავს“, - აცხადებს საგატელიანი.
თავის მხრივ, ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სომხეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ყარაბაღიდან სომეხი მოსახლეობის ევაკუაცია სომხეთში მოხდეს.
„40 000 ადგილი მზად გვაქვს. თუმცა ჩვენი გეგმა ა ითვალისწინებს, რომ არ გამოვიყვანოთ სომხები ყარაბაღიდან და მათ მიეცეთ შესაძლებლობა, შიშის გარეშე იცხოვრონ თავიანთ სახლებში“, - ამბობს ფაშინიანი.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფაშინიანმა მთავრობის სახლი პოლიციისა და სპეცრაზმის დერეფნის საშუალებით დატოვა. მომიტინგეები სკანდირებდნენ:“ნიკოლი მტერია!“
