"ისინიც ჩვენსავით იყვნენ, დადიოდნენ კინოთეატრებში..." - შონ პენი ფიქრობს, რომ მსოფლიოს დაავიწყდა, რა ხდება ახლა უკრაინაში და სურს, საზოგადოებას "თვალი აუხილოს"
შონ პენი ჟურნალ People-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მას ახალი მისია აქვს: შეახსენოს ყველას, რომ უკრაინაში ისევ ომია. მსახიობი ამბობს, რომ ეს ფაქტი ბევრმა დაივიწყა და იმედი აქვს, თავისი დოკუმენტური ფილმით ამერიკელ პოლიტიკოსებს მაინც "გადაიბირებს" და აქტიურად ჩაერთვებიან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად."დაფიქრდით, უკვე ორი წელია, ეს ხდება. ნამდვილი ჯოჯოხეთია“,- ამბობს ის უკრაინაში მიმდინარე ომზე.
შონ პენის დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით "Superpower" მალე გამოვა. ფილმში ნაჩვენები იქნება, როგორ იცავდა უკრაინელი ხალხი დამოუკიდებლობას რუსეთის შეჭრის ფონზე.
დოკუმენტური ფილმის გადაღება შონ პენმა 2021 წელს დაიწყო. თავდაპირველად, ის ვოლოდიმირ ზელენსკიზე ბიოგრაფიული ფილმის გადაღებას გეგმავდა. შონს სურდა მოეყოლა, თუ როგორ გახდა კომიკოსი მსახიობი პრეზიდენტი, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ გადაღებების გეზი შეიცვალა. ახლა შონ პენს ყველაზე მეტად ის სურს, რომ თავისი ფილმით ამერიკელ ხალხს და პოლიტიკოსებს თვალი აუხილოს და რაღაც შეცვალოს.
"იმის წყალობით, რომ უკრაინაში ჩავედი და გადავიღე, რეალურად რა ხდება, ახლა საშუალება გვეძლევა ვნახოთ, თუ რა გავლენას ახდენს ეს ომი ჩვენზე და დანარჩენ მსოფლიოზე. თუ შანსს არ გამოვიყენებთ და მხარს არ დავუჭერთ მათ (უკრაინელების) თავისუფლებას, თავდაცვას და ტერიტორიულ მთლიანობას, ამა თუ იმ გზით მაინც მოგვიწევს ამ ომში ჩართვა",- ასკვნის მსახიობი. (გააგრძელეთ კითხვა)