"მშვიდობის მხატვარი" - ვინ არის ქართველი, რომლის ნახატი გაეროში გამოიფინება, ის მსოფლიოს 1200 ნამუშევრიდან გამოარჩიეს - კვირის პალიტრა

"მშვიდობის მხატვარი" - ვინ არის ქართველი, რომლის ნახატი გაეროში გამოიფინება, ის მსოფლიოს 1200 ნამუშევრიდან გამოარჩიეს

ქართველი თვითნასწავლი მხატვრის ნახატი მსოფლიოს 1200 ნამუშევრიდან გამოარჩიეს და გაეროში გამოიფინება

შოთა იმერლიშვილი პროფესიით დიპლომატია, მას „მშვიდობის მხატვარს“ უწოდებენ. სახელოვნებო სკოლაში არასოდეს უსწავლია, მაგრამ ძა­ლი­ან ბევრ სა­ხე­ლოვ­ნე­ბო, პრეს­ტი­ჟულ კონ­კურსსა და გა­მო­ფე­ნა­ში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო "ამე­რი­კის სა­ხე­ლოვ­ნე­ბო და­ჯილ­დო­ე­ბის" - American Art Award-ის კონ­კურ­სი, 2019 წელს, სადაც მსოფ­ლი­ოს 72 ქვეყ­ნის 200 ნა­მუ­შევ­რი­დან მისი ნა­ხა­ტი “სტოპ’’, დასახელდა სა­უ­კე­თე­სო კუ­ბის­ტუ­რ ნა­მუ­შე­ვრად... კონ­კურსს ატა­რებდა ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბი და ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი - ტომ ბი­ერ­დი, სწო­რედ მისი ფა­ვო­რი­ტი გახ­და ნა­ხა­ტი...

ამჯერად შოთა იმერლიშვილის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესი სიახლეებია, რომელთა შესახებ თავად გვიამბობს:

- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სოციალური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის - UNRISD-ის კონკურსის თემა წელს ‘’თანასწორობა’’ იყო. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო, პრესტიჟული, სახელოვნებო ღონისძიებაა მთელ ევროპაში. მასში მონაწილეობას მხატვრები მთელი მსოფლიოდან იღებენ, რადგან სურთ, გახდნენ ამ მნიშვნელოვანი და ულამაზესი სანახაობის ნაწილი...

წელს, დაახლოებით, 1200 ნამუშევარი იყო კონკურსზე წარმოდგენილი - მსოფლიოს 22 ქვეყნიდან და 6 რეგიონიდან. აქედან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჟიურიმ (რომლის შემადგენლობაშიც შედიან ძალიან ცნობილი მხატვრები, მომღერლები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც არიან გაეროს მშვიდობის ელჩები) მთელ მსოფლიოში შეარჩია 38 ნახატი, რომლებიც გამოიფინება გაეროს ოფისში, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, 10-დან 20 ოქტომბრამდე.

bichi2-1695711989.jpg

ჩემთვის, როგორც თვითნასწავლი მხატვრისათვის, ეს დიდი მოტივაცია და დაფასება იყო, რადგან მე არ მისწავლია ხატვა აკადემიაში და მათ შეაფასეს ზუსტად ის ემოცია და ხედვა, აღქმის თავისებურება, რაც მე მერგო, საბედნიეროდ... როდესაც ვნახე შედეგები და გაეროდან გამოფენაში მონაწილეობის მოწვევა მომივიდა, ძალიან გამიხარდა, რადგან საშუალება მომეცა, ჩემი ქვეყნის, საქართველოს სახელით გამომეხატა ჩემი აზრი თანასწორობასა და მშვიდობაზე. ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარე ერი და ყველაზე მეტად ჩვენ ვიცით მისი ფასი, ისტორიული მეხსიერებიდან გამომდინარე.

მე ვარ მშვიდობის მხატვარი, ეს წოდება მომენიჭა 2019 წელს ევროპარლამენტში, როდესაც გაიმართა ჩემი გამოფენა და მას მერე ვაგრძელებ ბრძოლას მშვიდობისათვის.

- ამერიკის კიდევ ერთ მნიშვნელოვან კონკურსზე რომ გვითხრათ...

- ჩემთვის ეს კვირა ძალიან საინტერესო და წარმატებული აღმოჩნდა. ემოციურად ძალიან დავიტვირთე და ახალ პროექტებზე მუშაობა დავიწყე, რომელსაც საზოგადოებას სამომავლოდ აუცილებლად გავაცნობ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონკურსის პარალელურად, მოწვევა მომივიდა ტენესის უნივერსიტეტის მუზეუმიდან. მათ შეარჩიეს ჩემი ერთი ნამუშევარი - 280 ნახატიდან და გამოფენენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტენესის შტატის ქალაქ ჯონსონში, Reece Museum-ში, 2 ნოემბრიდან, მე ვიქნები პირველი ქართველი, კავკასიელი მხატვარი, რომლის ნამუშევარიც ამ მუზეუმში გამოიფინება.

bichi3-1695711988.jpg

ვფიქრობ, ჩემი ნამუშევარი ძალიან კარგი დასაბამი იქნება ამ მუზეუმთან ქართველი მხატვრების შემდგომი თანამშრომლობისა. ყველა მხატვარმა უნდა განაგრძოს სვლა წინ, ხატოს ბევრი, გადმოსცეს ემოცია და გახადოს სამყარო უფრო ლამაზი, მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა და პრობლემისა მთელ ჩვენს სამყაროში. ჩვენ გვაქვს ყველაზე ძლიერი იარაღი ხელში - ეს არის ფუნჯი.

- რას ნიშნავს თქვენთვის წოდება - „მშვიდობის მხატვარი“?

- მშვიდობა ჩემთვის ჰაერივითაა! ის ყველგან და ყველაფერში უნდა იყოს გაჟღენთილი, მის გარეშე მოძრაობა შეუძლებელია. სამყარო იწყებს ბრუნვას უკუღმა, მშვიდობის გარეშე... ჩემს ნამუშევრებში თითოეული ფერი არის სახე თითოეული მშვიდობიანი დღისა, მე ვსუნთქავ მშვიდობით და მსურს, ყველამ ისუნთქოს მისით.

(სპეციალურად საიტისთვის)