"მის მოადგილეს N1 მაბეზღარად, "ანონიმშიკად" იცნობდნენ... თავად ფარცხალაძის რეკომენდატორი" - როგორ პასუხობენ ოპონენტები კულტურის მინისტრს? - კვირის პალიტრა

"მის მოადგილეს N1 მაბეზღარად, "ანონიმშიკად" იცნობდნენ... თავად ფარცხალაძის რეკომენდატორი" - როგორ პასუხობენ ოპონენტები კულტურის მინისტრს?

"კონსერვატორიის რექტორი მონა-მოსამსახურედ არ დაუდგა... სასაცილოა მისი ფეხების ბაკუნი" - როგორ პასუხობენ ოპონენტები კულტურის მინისტრს?

ოთხშაბათს, 20 სექტემბერს, დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი წარსდგა... თეა წულუკიანის მწვავე კრიტიკა ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, ხელოვანებს და ხელოვნებათმცოდნეებს შეეხო, ჰქონდა უმწვავესი შეფასებები, რის შესახებაც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი... მას არანაკლებად მწვავედ - თაკო ჩარკვიანმა და გოგი ხოშტარიამ ჩვენთან საუბარში უპასუხეს...

თამარ ჩარკვიანი, პუბლიცისტი:

- ჩემი აზრით, ძალიან სამარცხვინო გამოსვლა ჰქონდა კულტურის მინისტრს - თეა წულუკიანს, რა უბედურებაა ასეთი მინისტრი, ღმერთო ჩემო?!. ვიცით, ამ ქვეყანას ჰყავდა ისეთი კულტურის მინისტრი, როგორიც იყო - ოთარ თაქთაქიშვილი. მეტად კულტურული და უნიჭიერესი ადამიანი. მას, როგორც კომპოზიტორს ვიცნობთ, მაგრამ მუსიკოსებისგან მსმენია მისი პიროვნების შესახებ. საერთოდ, პოლემიკის სულ სხვა დონე, სხვა ხარისხი იყო, თორემ ძალიან დიდ ხელოვანებს შორისაც ყოფილა დაპირისპირება, აზრთა სხვადასხვაობა. ისინი საერთოდ სხვა რანგის ხალხი იყვნენ...

როგორ მოიხსენია თეა წულუკიანმა ბატონი გოგი ხოშტარია, გოგი ჩლაიძე, ნანა შარიქაძე... ასე ესაუბრო ღვაწლმოსილ ხელოვნებათმცოდნეს და ხელოვანს, ყოვლად წარმოუდგენელია! რაღაც კატასტროფაში ვართ და არ ვიცი, ეს უხერხულობა როდემდე გაგრძელდება...

მე ძალიან კარგად ვიცნობ ნანა შარიქაძეს და გეტყვით, რომ კონსერვატორიაში არანაირი პრობლემა არ არის, იმის გარდა, რომ თეამ ვერ დაიმონა ახალგაზრდა, ნიჭიერი და სხარტად მოაზროვნე ქალბატონი. რექტორი მონა-მოსამსახურედ არ დაუდგა, თავის საქმეს ბრწყინვალედ აკეთებდა. ძალიან უყვართ სტუდენტებს, მისი განხორციელებული პროექტებიც მის წარმატებას მოწმობს.

ხელოვან ხალხთან ასეთი დამოკიდებულება არავის გასვლია და არც თეა წულუკიანს გაუვა. თქვენ გახსოვთ, მე რომ ვერაფერი მიპასუხა, რაღაც საცოდაობა ვიდეოები გამოდო... ამიტომაც მოუძებნა მას ხალხმა ძალიან შესაფერისი სახელი და - "ჯალათეა" დაარქვეს... როდემდე გასტანს ასეთი მინისტრი? მანდ ასე იოლად არ არის საქმე!

თქვენ ხომ არ გავიწყდებათ, ფარცხალაძე ვისი რეკომენდაციით არის წარდგენილი? - წულუკიანის, რომელიც იუსტიციის მინისტრი იყო...

დღეს თეა წულუკიანს მრჩევლად ჰყავს იოსებ ჭუმბურიძე, რომელსაც ჩვენი მშობლების თაობაში, ჟურნალისტიკის კათედრაზე ნომერ პირველ მაბეზღარად, „ანონიმშიკად“ იცნობდნენ... თავად ფარცხალაძის რეკომენდატორი, მრჩევლად ჭუმბურიძე და ვინმეს ეს ყველაფერი შემთხვევითი ჰგონია? ებრძვის კულტურას, კულტურის მუშაკებს, საუბარი არ შეუძლია, ილანძღება... რა დააშავა კულტურის სფერომ, იმ ადამიანებმა, ვისზეც ეს ყველაფერი გადადის?!

თეა წულუკიანის მინისტრობის დროს საქართველოში ქართული სული - გელათი დაზიანდა. თან რამდენიმე ფრაგმენტი ისეთი დაზიანებულია, რომლის აღდგენაც არ შეიძლება. ჩავეძიეთ და გავარკვიეთ რაც მოხდა! ეს იყო დროის ფაქტორი, იმდენ ხანს გაჭიმა ძიძგილაობაში ეს ყველაფერი რესტავრატორებთან და ხელოვნებათმცოდნეებთან... ასე დაღუპა გელათი!

ღიად დაესხა თავს კონსერვატორიას, რადგან ყველაფერი თავისუფალი აღიზიანებთ. ყველაფერი რაღაც ჩარჩოში უნდა მოაქციონ... მას ეტყობა გარკვეული გამოცდილება აქვს და ჰგონია, რომ 1937 წელს როგორც იყო, ისევ ისე იქნება. ჰგონია, რომ გამოუვა ფეხის ბაკუნი, მაგრამ იმდენად სასაცილოა, სიცილით ვკვდებით, ვის ეშინია მაგის ფეხების ბაკუნის?!

ველოდებით იმ დროს, როდესაც ეს დამაქცევრები წავლენ და წულუკიანიც ზედ წაჰყვება. თუმცა არის რაღაც, რაზეც პასუხისგებას ვერ ასცდება და ეს არის - გელათი!

ესენი ყველა სფეროს შეეხებიან, სადაც დაუმორჩილებელი მუზა არსებობს! მუზა ვერასოდეს ვერავინ დააპატიმრა, ვერც სტალინმა და ბერიამ! წულუკიანმა უკვე საკუთარი თავი დაიპატიმრა, ის უკვე გახლავთ იმ ბინძური სისტემის და ოლიგარქიის ნებაყოფლობითი პატიმარი.

გოგი ხოშტარია, ხელოვნებათმცოდნე:

- რაც უნდა, ის ილაპარაკოს თეა წულუკიანმა, პირიქით, ამით თავს ირცხვენს! საერთოდ არ მაღელვებს... მე რეკლამა არ მჭირდება, რაც მთავარია...

გახსოვთ, რომ პუტინმა თქვა, საბჭოთა კავშირი უნდა აღვადგინოთო. ერთ-ერთი განმახორციელებელი იდეოლოგის მხრივ ეგ მინისტრია, როგორც მთლიანად ეს ხელისუფლება. კონკრეტულად ხელოვნების სფეროს იდეოლოგიზაცია სურთ... საბჭოთა კავშირის წყობამ კულტურას ძალიან დიდი ზარალი მოუტანა. დავით კაკაბაძე ფაქტობრივად, მოკლეს, ძალიან ბევრი ხელოვანი გააფუჭეს.

1930-40-50-იანი წლები ძალიან ტრაგიკული იყო... ამ ხელისუფლებას რატომ ჰგონია, რომ ხელოვნების მართვა ასე ადვილია, ეს არ ვიცი.

- თქვენზე რატომ არის გაბრაზებული?

- ჩემზე გაბრაზებულია გელათთან დაკავშირებით... მთლიანად ქვეყნისთვის მისი დამოკიდებულება ძალიან საზიანოა, დამანგრეველი! კინო, მუსიკალური სფერო, თეატრი, ლიტერატურა, მხატვრობა - ყველაფერ ამაში ჩარევა არაფრით შეიძლება... იმდენად გაუთვითცნობიერებელია, აზრზე არ არის, რა სფეროებს ეხება!

მე არ ვიცი, როგორი იურისტი იყო, მაგრამ ერთი კი ვიცი, რომ თეა წულუკიანის მამამ 23 კაცი დახვრეტაზე გაუშვა... ესეც აგრძელებს რეპრესიებს, თორემ იულონ გაგოშიძეს მინისტრი როგორ ამოიჩემებ და სამსახურიდან გააგდებ?! ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული ადამიანია თავის სფეროში, არქეოლოგიაში. რამდენი პროფესიონალი მუზეუმებიდან უსამართლოდ გაყარა... ამ დროს, ყველა სფერო უცოდინარი და დილეტანტი ხალხით არის გადატვირთული. მცოდნე ხალხთან უნდა თავის დამკვიდრება და მე შეიძლება ჩემს თავზე ძალიან დიდი წარმოდგენის არ ვიყო, მაგრამ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობა ჩემთვის სასაცილოა! იცის მან ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ, რასაკვირველია, არ სიამოვნებს და ამიტომაც აგრძელებს თავდასხმას!

დათო ოქიტაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი:

- უვიცი შენ ხარ-თქო ასე ვეტყოდი, ვინც თეა წულუკიანს მსგავსს ეტყვის... 30 წელზე მეტია ქართულ კულტურას ვემსახურები, (ცუდად თუ კარგად, ეს ხალხმა განსაჯოს) მსგავსი პროექტების, მსგავსი დამოკიდებულება კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების მიმართ არ მინახავს, რასაც ქალბატონი თეა აკეთებს.

კულტურის სამინისტროს მიერ, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობის დროს, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ქართული კულტურის სფეროს საკეთილდღეოდ... სახლში მიტაცებული ნახატები დაბრუნდა, საოცარი წინსვლაა სპორტის სფეროში, ახალგაზრდული ბანაკები აღდგა და რასაკვირველია, „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ ანასხლეტებს არ სურთ ქვეყანაში ასეთი კარგი რამ ხდებოდეს... მე სიმართლეს ყოველთვის ვიტყვი, არავის კრიტიკას არ ვერიდები, მაგრამ ის, რაც დღეს კულტურის სამინისტროში ხდება, მე ასეთი არ მახსოვს. ძალიან ბევრ მინისტრთან მითანამშრომლია, ზოგიერთ მათგანთან დღესაც ვმეგობრობ. შეიძლება ისინიც კი აღიარებენ, რომ რაც დღეს ხდება ქართულ კულტურაში, ამდენი რამ არასდროს გაკეთებულა... ზოგს მოსწონს, ზოგს - არა, მაგრამ რაც მთავარია, მოსწონს ადამიანთა იმ ჯგუფს, რომელმაც ქართულ კულტურაში რაღაც შექმნა და წარმატებულია! ყველაფერს რომ თავი დაანებო, არ შეიძლება ქალბატონს ასე მიმართავდე?!

- ოპონენტები ამბობენ, თავად ქალბატონი თეა როგორ მიმართავს ღვაწლმოსილ ადამიანებსო...

- ქალბატონი თეა პრინციპული ადამიანია! როგორც მიმართავენ, ისე პასუხობს... ყველა ღვაწლმოსილი ადამიანის პოლიტიკურ შეხედულებას პატივს ვცემ, მაგრამ შენ რომ ჯალათს იძახი, მაშინ ჯალათისგან დაფინანსებას, დარბაზს რატომ ითხოვ?

გოგი ხოშტარია გასაგებია, რასაც იტყვის, ჯერ ის გავიხსენოთ, ვისი მამა გახლავთ... გოგი ხოშტარიამ რომ თეა წულუკიანზე თქვას, კარგი მინისტრიაო, ყველამ ერთად თავი უნდა მოვიკლათ! კარგად გაიხსენეთ, გოგი ხოშტარიას დროს რაც ხდებოდა! მან რომ თეა წულუკიანი და ჩვენი მთავრობა აქოს, მაშინ გვაქვს საქმე ცუდად!

მე თქვენი მეშვეობით ყველას ვეკითხები, მარტო ცუდს რატომ ხედავენ?! ქალბატონმა თეამ პარლამენტის ტრიბუნიდან ყველას მოუწოდა, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მზად ვარ, მოდით დავსხდეთ და ვისაუბროთო... მათ არ აინტერესებთ, რომ ისაუბრონ!

ის, რაც დღეს ხდება, შემთხვევითი არ არის და ზუსტად მიბმულია პრემიერის წარმატებულ ვიზიტზე. მსოფლიო ლიდერებთან როგორი შეხვედრები აქვს და "ნაცები" თავს იკლავენ ეს ყველაფერი გადაფარონ. სახელმწიფო სტაბილურობა კულტურულ ღონისძიებებს უწყობს ხელს, ვარსკვლავების ჩამოსვლას... მათ აქ ომი უნდათ, რასაც ვერ ეღირსებიან!

ამდენი წარმატება სპორტში გახსოვთ ? - მე არა! გოგი ხოშტარიას მივმართავდი - ბატონო გოგი, შეცდომაში ხართ შეყვანილი, თქვენ რომ თეა წულუკიანი აქოთ, ეს პირადად ჩემი შეურაცხყოფა იქნება!

(სპეციალურად საიტისთვის)