სალომე ზურაბიშვილის კონტრშეტევა - არის თუ არა კუთხეში მიმწყვდეული ფარცხალაძე და რა სკანდალები გველოდება უახლოეს დღეებში?! - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილის კონტრშეტევა - არის თუ არა კუთხეში მიმწყვდეული ფარცხალაძე და რა სკანდალები გველოდება უახლოეს დღეებში?!

სალომე ზურაბიშვილი კონტრშეტევაზე გადავიდა და არ შეუწყვიტა მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს. არადა, 19 სექტემბერს კატეგორიულად ითხოვდა - იუსტიციის სამინისტრომ მომაწოდოს სასწრაფოდ დოკუმენტი ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით და მაშინვე დავაკმაყოფილებო. მას შემდეგ, რაც ყოფილმა გენპროკურორმა მოასწრო და რამდენიმე საათში უძრავი ქონება შვილს გადაუფორმა, იუსტიციის სამინისტრომ 19 სექტემბერსვე ზემოხენებული დოკუმენტი მიაწოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, თუმცა...

პრეზიდენტმა ორდღიანი პაუზა აიღო და დადუმდა. ნერვები დააწყდა ყველას - ცალკე ჟურნალისტებს, ცალკე, სავარაუდოდ, „ოცნებას“ და ფარცხალაძეს. 22 სექტემბერს კი სიურპრიზი მოაწყო: “ისმის კითხვა: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს? ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე“.

იმ ხალხმა, რომელიც ხელისუფლებაში ფარცხალაძეს მფარველობს, სკანდალის სწრაფად დასრულების შემდეგი სქემა მოიფიქრა: ფარცხალაძეს უწყდება საქართველოს მოქალაქეობა და რჩება მხოლოდ რუსეთის მოქალაქედ. სავარაუდოდ, შემდეგ უკვე ეროვნული ბანკი განაცხადებდა - კი ბატონო, რუსეთის მოქალაქეს ვუბლოკავთ ანგარიშებს (ეს უკვე აღარ იქნებოდა მტკივნეული). შემდეგ კი ალბათ, გავიგებდით, რომ ფარცხალაძემ საქართველოს ტერიტორია დატოვა. შესაბამისად, ერთი მხრივ, მოიხსნებოდა სანქციების საფრთხე (თუნდაც ნათია თურნავას დასაქცირების კუთხით), მეორე მხრივ კი, ჩაცხრებოდა შიდაპოლიტიკური სკანდალი.

თუმცა სალომე ზურაბიშვილის სიურპრიზმა ყველა კარტი არია. ფარცხალაძე რჩება საქართველოს მოქალაქედ და შესაბამისად, მმართველი გუნდის თავის ტკივილად. სხვათა შორის, კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს პრეზიდენტს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება გიორგი გახარიამ ურჩია, მაგრამ ჩვენ ჭორების განხილვას არ დავიწყებთ...

ნათია თურნავას მოუწევს გამოსავლის მოძებნა. კერძოდ, თუ დროში გაიწელება ფარცხალაძისთვის ანგარიშების დაბლოკვის საკითხი, დიდი ალბათობით, ამაზე რეაქცია ექნებათ აშშ-ს ხაზინას და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს. თავის მხრივ, ბანკები არ შეცვლიან გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებისა, ისინი რჩებიან სანქციების ერთგულნი (სხვანაირი გადაწყვეტილება ფინანსური თვითმკვლელობა იქნებოდა).

ასე რომ, შესაძლოა, მივიღოთ შემდეგი სიტუაცია - ერთი მხრივ, საერთაშორისო სანქციების საფრთხე, მეორე მხრივ - კომერციული ბანკების დაუმორჩილებლობა ეროვნული ბანკის მიმართ. თუ ასეთი საშიში მდგომარეობა დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, წარმოდგენაც ძნელია, რა შეიძლება დაემართოს ლარს. ინფლაციაზე აღარ ვსაუბრობთ. ეს ორივე თემა პირდაპირ მიბმულია საქართველოს შიდაპოლიტიკურ სტაბილურობაზე.

სავარაუდოდ, ეროვნულ ბანკს, უფრო ზუსტად მმართველი გუნდის ერთ ნაწილს, მოუწევს რაღაც მიზეზის მოფიქრება, რომ ფარცხალაძეს დაუწესოს შეზღუდვები საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდების მიზნით. არც ის გამოვრიცხოთ, რომ ნათია თურნავამ დატოვოს თანამდებობა. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლებისთვის ძალიან უხერხული მდგომარეობა იქნება.

თუმცა საინტერესო უკვე ის არის, ამ მიზეზს რამდენად მიიღებენ არგუმენტად აშშ-ს ხაზინა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. ვნახოთ...

აი, ეს არის მთავარი ამ სიტუაციაში. ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ თითქოსდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება იმასაც გამოიწვევს, რომ სუს-ს მოუწევს გამოძიების ბოლომდე მიყვანა და ფარცხალაძის ან რუსეთის ჯაშუშად გამოცხადება, ან გამართლება. ამ ექსპერტებს არ ვეთანხმებით. კერძოდ, რა მნიშვნელობა აქვს, ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქე იქნება თუ პაპუა გვინეის? თუ ის მუშაობდა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი კანონმდებლობით, ყოფილი გენპროკურორი უკაცრიელ კუნძულზეც რომ ცხოვრობდეს, მასზე საქმე უნდა აღიძრას და ძებნა გამოცხადდეს.

უფრო ზუსტად - თუ სუს-ს და მაღალჩინოსნებს ექნებათ პოლიტიკური ნება, რომ ფარცხალაძის საქმის გამოძიება ბოლომდე მიიყვანონ, ამაზე ზემოქმედებას სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ვერ მოახდენს. თუ ფარცხალაძეს „გააქცევენ“ რუსეთში, ამის დამაბრკოლებელი საქართველოს მოქალაქეობა ვერ იქნება. ანუ უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, თუ გინდა დაიჭერ, თუ გინდა არა...

პოლიტიკური რყევები კი მართლაც შეიძლება გამოიწვიოს ამ სიტუაციამ. კერძოდ, თუ საერთაშორისო სანქციები იქნება და ამას მოჰყვება ლარის კურსის რყევა, ინფლაცია და სხვა საშიში მოვლენები, ოპოზიცია შეეცდება პროცესები ქუჩაში გადაიყვანოს. ჩვენ ერთხელ ვწერდით, რომ არსებული ინფორმაციით, წლის ბოლოს, თუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა, იგეგმებოდა ასეთი სცენარი - ოპოზიციას ხალხი ქუჩაში გამოჰყავს, მათ უერთდება სალომე ზურაბიშვილიც... ამ სცენარმა შესაძლოა, ცოტა აქეთ გადმოიწიოს.

თავის მხრივ, „ოცნება“, დიდი ალბათობით, ახალ იერიშზე გადავა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ და მას მორიგ ჯერზე დაადანაშაულებს კონსტიტუციის დარღვევაში (დიახ, კონსტიტუციონალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, რადგან არ ჰქონდა უფლება, უარი განეცხადებინა მოქალაქეობის შეწყვეტაზე). იმპიჩმენტს ვერ მოაწყობენ, მაგრამ საინფორმაციო ომისთვის საბაბი კი ექნებათ.

და ბოლოს - ალბათ, საკამათო არ არის, რომ რუსული სპეცსამსახურები მუდმივად ცდილობენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას. თუ მართალია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ვერსია და ყოფილი გენპროკურორი მართლაც თანამშრომლობს „ეფ-ეს-ბესთან“, მაშინ ისე ხომ არ გამოდის, რომ საქართველოს „ჩაუდეს“ ფარცხალაძე თავისი სახიფათო მიზნების განსახორციელებლად.

P.S. არც ის ვერსია გამოვრიცხოთ, რომ მმართველი გუნდის გარკვეულ ნაწილს აღარ აწყობდეს ოთარ ფარცხალაძის ასე პარპაში, თუმცა შიშობენ, რომ კუთხეში მიმწყვდეული ფარცხალაძე ალაპარაკდება და სერიოზული სკანდალები ამოყვინთავს - შიდაპოლიტიკური თუ საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით. შესაძლოა, უკვე აშანტაჟებს კიდეც მათ ფარცხალაძე. ეს საკვირველი ნამდვილად არ არის, რადგან აგერ მთავრობაში უკვე 11 წელია არის ერთი მინისტრი, რომელმაც 6 პრემიერი გამოიცვალა. ჯერ 2018 წელს დააპირეს მისი თანამდებობიდან გადაყენება, შემდეგ კი 2019 წელს. თუმცა ორივეჯერ ამ მინისტრმა კულუარული „ომი“ მოიგო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია (არგუმენტირებული და არცთუ უსაფუძვლო), რომ ამ მინისტრის მთავარი იარაღი სწორედ შანტაჟი და „მედიასთან ალაპარაკების“ თაობაზე მუქარა იყო.