97 წლის ასაკში გარდაიცვალა ქეთევან ჯინჭარაძე - იუნკერ დავით ჯინჭარაძის, სამაჩაბლოს უკანასკნელი თავადის - ვასილ მაჩაბელისა და "პრინც მაჩაბელის" დამფუძნებლის შთამომავალი
საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი - გოჩა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იუწყება, რომ რამდენიმე დღის წინ, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა ქეთევან ჯინჭარაძე - იუნკერ დავით ჯინჭარაძის, სამაჩაბლოს უკანასკნელი თავადის - ვასილ მაჩაბელისა და "პრინც მაჩაბელის" დამფუძნებლის შთამომავალი :
"97 წლის ასაკში გარდაიცვალა ქალბატონი ქეთევან ჯინჭარაძე. ის გახლდათ ქართველი იუნკერის და შემდგომში საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონის მაიორის ალექსანდრე დავითის ძე ჯინჭარაძისა და სამაჩაბლოს უკანასკნელი თავადის, ვასილ მაჩაბელის ასულის, ნინო მაჩაბელის ერთადერთი ქალიშვილი.
ქალბატონი ქეთევანის ბიძა - გიორგი მაჩაბელი თავის მხრივ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და მსოფლიოში აღიარებული სუნამოების ბრენდის "Prince Matchabelli"-ს დამაარსებელი იყო.
1930 წელს ქეთევანი მოინათლა პარიზში წმ. ნინოს ტაძარში. ის მონათლა ეკლესიის მაშინდელმა წინამძღვარმა წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძემ. ქეთევანის ნათლია მისი ბიძა გიორგი მაჩაბელი გახლდათ.
ქალბატონი ქეთევან ჯინჭარაძე ომის წლებში ფრანგული წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი იყო. ის თავისი ცხოვრების მანძილზე გულშემატკივრობდა საქართველოს სათვისტომოს საფრანგეთში და კავშირი ჰქონდა საქართველოსთან.
სამწუხაროა, რომ მისი სიცოცხლის ბოლო წლებში, ვინაიდან მარტო ცხოვრობდა, მეხსიერების პრობლემებმა ავტონომიურობა დაუკარგა, სახელმწიფომ მეურვე მიუჩინა, რომელიც ღრძო, გულგრილი და უჟმური აღმოჩნდა - ქ-ნი ქეთევანის ახლო ნათესავებისა და საელჩოს დაჟინებულ თხოვნაზე, რომ მის სახლში არსებული, დიდი ალბათობით, საინტერესო არქივი საქართველოსთვის გადმოეცა გულთან კი არა, ყურთანაც არ გაიკარა.
ამ პროცესს, ამჟამად ნათესავებთან (Nino Jintcharadzé) ერთად სასამართლოს გზით ვაგრძელებთ.
აცხონოს ღმერთმა ქალბატონი ქეთევანი.