"პუტინმა თქვა, თუ საქართველო და უკრაინა ნატო-ში შევლენ, პრეზიდენტის პოსტზე შემცვლიანო" - საბედისწერო სამიტის კულუარები - კვირის პალიტრა

"პუტინმა თქვა, თუ საქართველო და უკრაინა ნატო-ში შევლენ, პრეზიდენტის პოსტზე შემცვლიანო" - საბედისწერო სამიტის კულუარები

სლოვენიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იანეზ იანშამ გაიხსენა, თუ რა ხდებოდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, რომელზეც საქართველოს და უკრაინას მაპ-ზე უარი უთხრეს. საბოლო ჯამში, ეს სამიტი ამ ქვეყნებისთვის საბედისწერო გამოდგა, რადგან პუტინს აგრესიისთვის ხელფეხი გაეხსნა. ამის შესახებ უკრაინული მედია „ამერიკის ხმაზე“ დაყრდნობით წერს.

იანშა იხსენებს, რომ აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მას უთხრა, რომ არ მიაჩნია ლოგიკურად ნატო-ს წევრი ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს პოზიცია, რომლებიც გაფართოებას ეწინააღმდეგებიან, რადგან ამას დამატებითი უსაფრთხოება მოაქვს. ბუში იმედოვნებდა, რომ მაშინდელი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი გადაარწმუნებდა გერმანიის კაცლერ ანგელა მერკელს და საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის.

ყოფილი პრემიერის თქმით, საქართველოსთვის და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებას რუსეთის ეწინააღმდეგებოდა, რომელსაც ვეტოს უფლება არ ჰქონდა, თუმცა საფრანგეთისა და გერმანიის მხარდაჭერა ჰქონდა.

მისი თქმით, ვლადიმირ პუტინმა ლიდერებთან შეხვედრისას და სამუშაო ვახშამზე შოუს მოაწყო, რომლის მთავარი გზავნილი ასეთი იყო:“რუსეთის აშშ-სა და ევროკავშირის თანასწორუფლებიანი პარტნიორია. ის თანამშრომლობს ნატოსთან...ტერორიზმთან წინააღმდეგ ომში.

ყოფილი პრემიერის განცხადებით, პუტინმა თქვა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღება შეასუსტებს მის პოზიციებს და შესაძლოა, ისეთმა ვიღაცამ შეცვალოს, რომელსაც დასავლეთის პარტნიორი უფრო ნაკლებად იქნება. პუტინი სთხოვდა ნატო-ს ლიდერებს, რომ არ დაეწყოთ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესი.

პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები აფრთხილებდნენ დანარჩენებს, რომ არ დაეჯერებინათ პუტინისთვის. „აშშ ჩვენს მხარეზე იყო, თუმცა გერმანია და საფრანგეთი ამტკიცებდნენ, რომ არ მიგვეღო ეს გადაწყვეტილება“, - აცხადებს ყოფილი პრემიერი.

მისი თქმით, ბუქარესტში მოგებული დრო პუტინმა რუსეთის დემოკრატიზაციისთვის კი არა, საქართველოზე თავდასხმისთვის გამოიყენა.

„გერმანიისა და საფრანგეთის კატასტროფული შეცდომის 15 წლის შემდეგაც კი, ნატო-ს არ ძალუძს ერთიანად და რეალისტურად შეაფასოს რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ...სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს...თუმცა ისინი, რომელთაც შეეძლოთ ამის თავიდან აცილება და არ გააკეთეს, მიუხედავად გაფრთხილებისა, უდავოს ეკისრებათ საკუთარი პასუხისმგებლობის წილი ისტორიულ დანაშაულში“, - აცხადებს სლოვენიელი პოლიტიკოსი.