ყველაზე სწრაფი ომი მსოფლიოში ანუ დაამხობენ თუ არა ფაშინიანს?! - კვირის პალიტრა

ყველაზე სწრაფი ომი მსოფლიოში ანუ დაამხობენ თუ არა ფაშინიანს?!

შეიძლება უკვე ითქვას, რომ ყარაბაღის მე-3 ომი მსოფლიო ისტორიაში შევა როგორც ყველაზე სწრაფი ომი, რომელშიც გამარჯვება 24 საათში იქნა მიღწეული. 19 სექტემბერს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მთიან ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ უზარმაზარი სამხედრო-ტექნოლოგიური უპირატესობის გამო, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც სომხეთმა განაცხადა, რომ მისი თავდაცვის ძალები არ ჩაერთვებოდნენ სამხედრო კონფლიქტში, აზერბაიჯანი მიზანს - მთიანი ყარაბაღის კაპიტულაციას მალე მიაღწევდა. თუმცა ეს იმაზე სწრაფად მოხდა, ვიდრე წარმოგვედგინა. 20 სექტემბრის საღამოს მოქალაქეებისთვის სატელევიზიო მიმართვისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში ჩატარებული ერთდღიანი "ანტიტერორისტული ღონისძიებების" წარმატებით დასრულების“ შედეგად აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი. პრეზიდენტმა ისაუბრა აზერბაიჯანელი სამხედროების მაღალ პროფესიონალიზმზე და თქვა, რომ დაიწყო "უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებების გაყვანა“ და მათ მიერ იარაღის ჩაბარება." ილჰამ ალიევის განცხადებით, მსოფლიო მთიან ყარაბაღს ყოველთვის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებდა და დღეს ამას სომხეთიც აღიარებს. ყარაბაღში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და მალე დაინახავენ უკეთესობას, რადგან "ბაქოს მიზანია მშვიდობის საფუძველზე თანაცხოვრება, ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა". ამ პროცესების პარალელურად საპროტესტო აქციები დაიწყო ერევანში, რომლის მონაწილეებიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკას აპროტესტებენ. 23 სექტემბრის მდგომარეობით, დაკავებულია ასამდე პროტესტანტი, ხელისუფლებამ პროცესების მართვა ამ ეტაპისთვის მოახერხა. ექსპერტთა დიდი ნაწილის თქმით, თუ ფაშინიანის ადმინისტრაცია მოახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსეთი ვერ შეძლებს ამ ტალღაზე მის ჩამოშორებას, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ეს ქვეყანა დიდწილად მოახერხებს და თავს დააღწევს რუსეთის გავლენას და დასავლურ რელსებზე მყარად დადგება. როგორ შეიძლება შეფასდეს მომხდარი და რა გავლენას მოახდენს ეს სამხრეთ კავკასიის რეგიონზე? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტსა და GIPA-ს პროფესორ გიორგი კობერიძესთან:

koberidze-1665316274.jpg

- ის, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში, მოსალოდნელი იყო - მოყოლებული ყარაბაღის მეორე ომიდან ილჰამ ალიევი ხშირად ამბობდა, რომ ის ელოდა სუვერენიტეტის სრულად აღდგენას და სამშვიდობო გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა შემდგარიყო 2 საკითხზე: ერთი - უშუალოდ ყარაბაღთან, მეორე კი ზანგეზურის ეკონომიკურ დერეფანთან დაკავშირებით. ამ ორივე საკითხზე მოლაპარაკება აშშ-ის ეგიდითაც გაიმართა, ევროკავშირისაც და მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო. ოფიციალური ერევანი ფაქტობრივად თანახმა იყო, მაგრამ თავად ყარაბაღში იყო განსხვავებული დამოკიდებულება. ადგილობრივი ხელმძღვანელობა ფაშინიანის მიმართ ანტაგონისტურად იყო განწყობილი და სვამდა კითხვას, ფაშინიანი ყარაბაღელ სომეხთა ინტერესებს ხომ არ ღალატობსო?

ამ ყველაფერმა ჩიხური ვითარება შექმნა, ყარაბაღელ სომხებს და მის ადმინისტრაციას გამოცხადებული ჰქონდათ რუსეთის მხარდაჭერა და იმედოვნებდნენ, რომ სწორედ რუსეთი დაუდგებოდა გვერდით. აზერბაიჯანი ბოლო დროს ამბობდა, რომ სუვერენიტეტის აღსადგენად აპირებდა კრიტიკული ნაბიჯის გადადგმას, რაშიც სწორედ სამხედრო მოქმედებები იგულისხმებოდა. მნიშვნელოვანი იყო ასევე ის, რომ დღეს რუსეთი ძალიან დასუსტებულია - კრემლი ვერაფერს ახერხებდა ამ პროცესის შესაჩერებლად და აზერბაიჯანული ინიციატივის აღსაკვეთად. რუსეთის სისუსტეს დაემატა ისიც, რომ კრემლს არა აქვს კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ფაშინიანისადმი. რუსები შეეცადნენ ეს ვითარება როგორმე სათავისოდ გამოეყენებინათ - თუ აზერბაიჯანი მიაღწევდა წარმატებას, ეს ფაშინიანისთვის დაებრალებინათ.

რუსეთმა ეს პროპაგანდა აქტიურად წარმართა, მას უწოდებდნენ "ენჯეოშნიკს", რომელიც „ყარაბაღს "ღუპავდა" "დასავლეთის აგენტს"“ და ა.შ. ეს პროპაგანდა ჯერ კიდევ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ დაიწყო. შესაბამისად, ფაშინიანი ამისთვის მზად იყო და ბოლო თვეებში აშკარად გადაიხარა დასავლეთისკენ. სომხეთი დღეს გადის ძალიან უცნაურ პოლიტიკურ ფაზას. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში განწყობები სამად არის გაყოფილი: ერთია ფაშინიანის მხარდამჭერი და პროდასავლური, მეორე - პროდასავლური, მაგრამ ფაშინიანის მოწინააღმდეგე და მესამე ასევე პრემიერის მოწინააღმდეგე, მაგრამ პრორუსული. ამჟამად ქვეყანაში ამ სამ ბანაკს შორის დაპირისპირება გრძელდება.

რაც შეეხება რეგიონზე გავლენას, ეს ტერიტორიული მთლიანობის ძალისმიერი მეთოდით აღდგენის პრეცედენტია. აზერბაიჯანი დღეს მყარ პოზიციაზეა, გაძლიერებულია. რა თქმა უნდა, რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე არ გამქრალა, მაგრამ მნიშვნელოვნად შესუსტებულია. მაგალითად, თუ სომხეთში 2020 წლამდე მოსახლეობის დიდ ნაწილში პრორუსული განწყობა იყო, დღეს რეკორდულად მაღალია დასავლური კურსის მომხრეების რაოდენობა. გარდა ამისა, სამხრეთ კავკასიაში ძლიერდება თურქეთის როლი და გავლენა. თუ გადავავლებთ თვალს, რას წერს აფხაზური მედია და რა განწყობები აქვთ სეპარატისტულ ძალებს სოხუმში, ვნახავთ, რომ მათ ეშინიათ იგივე არ დაემართოთ.

- შეიძლება ითქვას, ბოლო 29 წლის განმავლობაში სომხეთი მთანი ყარაბაღის მძევლად იყო ქცეული, რის საფუძველზეც რუსეთმა ამ ქვეყანაში ღრმად გაიდგა ფესვი. ახლა როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა ელის ფაშინიანს?

- მართალს ბრძანებთ, სომხეთი ნამდვილად მძევალი იყო, დღეს კი ხელ-ფეხი გაეხსნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევა ადვილი იქნება. ეს რომ მოახერხოს ფაშინიანმა, მას დიდი სახალხო მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია სჭირდება, რაც ამ პროცესებმა ძალიან შეურყია. სომხეთში პოლიტიკური პროცესისადმი საზოგადოდ ნიჰილისტური განწყობაა - აზერბაიჯანული სამხედრო ოპერაციის წინადღეს ერევანში გამართულ მერის არჩევნებზე ამომრჩევლის მხოლოდ 28% მივიდა, რაც წარმოუდგენლად მცირე მაჩვენებელია. ეს მიუთითებს, რომ ხალხი პოლიტიკოსებს არ ენდობა. აქედან გამომდინარე, თუ ფაშინიანმა მაინც შეძლო მასშტაბური მხარდაჭერის მოპოვება და ანტირუსული განწყობის გაძლიერება, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მიაღწევს წარმატებას და სომხეთის პროდასავლური კურსი უფრო მკაფიო გახდება. პრობლემა ის არის, რომ ამ პროცესებმა თვითონ ფაშინიანი ძალზე დააზარალა, თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ რუსეთი კვლავაც შეეცდება მის შეცვლას. მე არ გამოვრიცხავ გადატრიალების მცდელობასაც. ჯერ ფაშინიანი მეტ-ნაკლებად მყარად არის. სომეხ საზოგადოებას საღი აზრი თუ არ უღალატებს, მიხვდება, რომ ფაშინიანის წასვლა გამოიწვევს ისევე პრორუსული ძალების მოსვლას, რაც ქვეყანას უფრო დააზარალებს.

- დავუბრუნდეთ საქართველოს. გასულ კვირასაც მთავარი პოლიტიკური თემა ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სკანდალი იყო. აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ მეტად უცნაური გადაწყვეტილებები მიიღო ეროვნულმა ბანკმა - ჯერ გაიზიარა სანქციები და ფარცხალაძეს ფინანსური შეზღუდვები დაუწესა, მეორე დღეს კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ გადაწყვეტილება შეცვალა, მას შეზღუდვები მოუხსნა და განაცხადა, ვიდრე გამოძიება არ დაადასტურებს ფარცხალაძის ბრალეულობას, როგორც საქართველოს მოქალაქეს შეზღუდვები არ დაუწესდებაო. ამ გადაწყვეტილების გამო თანამდებობები დატოვეს ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა, მათ შორის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა.

- დავიწყოთ იმით, რომ სანქცირების ეს ფაქტი კიდევ ერთი მინიშნებაა, რომ ევროპასა და ამერიკაში კარგად იციან რაც ხდება საქართველოში. რთულია ვინმე მოატყუოს ჩვენმა ხელისუფლებამ მხოლოდ იმის ლაპარაკით, რომ პროდასავლური კურსი აქვს. შეგახსენებთ, ფარცხალაძეს საქართველოში რუსული გავლენების გავრცელების გამო დაუწესდა სანქციები. მეორე მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება იმასაც აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ერთბაშად არ წაურთმევიათ შანსი. ხომ შეიძლება ეთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლება ატარებს პრორუსულ კურსს და მისი მაღალჩინოსნები დაესანქცირებინათ? ეს უკიდურესი ნაბიჯია და რადგან ჯერ არ გადაუდგამთ, როგორც ჩანს, აშშ-სა და ევროპაშიც ჯერ არ არიან დარწმუნებული იმაში, რომ ეს ხელისუფლება სრულად ანტიდასავლურია. ახლა მნიშვნელოვანია, როგორ მოიქცევა ჩვენი ხელისუფლება. ამ სანქციების წინააღმდეგ წასვლა, ჩემი აზრით, არარაციონალური, პანიკაში მყოფი ძალის სინდრომია, რაც აზარალებს არა მარტო თავად ხელისუფლებას, არამედ უპირველესად აზარალებს ქვეყანას. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ საქართველოს სახელმწიფო ახლა კონკრეტული ძალის საკუთრებაა. დღეს ჩვენ გავდივართ იმაზე წვრილ ბეწვის ხიდზე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მოტივს, ერთი მხრივ, ხელისუფლებაში შიშობენ, რომ შესაძლოა უახლოეს მომავალში მათაც დაუწესდეთ სანქციები და ცდილობენ როგორმე დაიზღვიონ თავი საქართველოს მოქალაქის უფლებებზე აპელირებით. მეორე მხრივ, ამის მთავარი მიზეზი მაინც ის მგონია, რომ ხელისუფლებაში მოკალათებულ დამნაშავეებს, შავი საქმეების შემსრულებლებს მიანიშნებენ, არაფრის შეგეშინდეთ, მთავარია, ერთგულად გვემსახუროთ და ჩვენ დაგიფარავთო. ეს კი ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები პოლიტიზებულია. ისე, ოპოზიციიდან ვინმესთვის რომ დაეწესებინათ სანქციები, მაშინ „"ქართული ოცნების"“ ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქის უფლებები ხომ საერთოდ არ გაახსენდებოდა.

ეროვნული ბაკიდან მაღალი თანამდებობის პირების დემონსტრაციული წასვლა მიანიშნებს, რომ იქაც გაჩნდა გააზრებული პროტესტი. ხელისუფლებას ეშინია, რომ სისტემამ შეიძლება რღვევა დაიწყოს. „"ქართულ ოცნებაში"“ ყოველთვის არასტაბილური იყო ვითარება, ის ფასეულობების გარშემო გაერთიანებული პარტია არასდროს ყოფილა. მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება, მოქმედებენ მხოლოდ აქედან გამომდინარე, და აკეთებენ მხოლოდ იმას, რაც, მათი აზრით, ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებაში დაეხმარება.

somx2-1695561684.jpg

- მოგეხსენებათ, 20 სექტემბერს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და დასკვნა პრეზიდენტს გაუგზავნა. ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეც არის, რისი მიღების შემდეგაც საქართველოს მოქალაქეობა კანონდარღვევით აქვს შენარჩუნებული. ყველა ელოდა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაუუქმებდა საქართველოს მოქალაქეობას, რაც განაცხადა კიდეც, თუმცა 22 სექტემბერს ცნობილი შეიქნა, რომ პრეზიდენტმა ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა. "ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ როგორც საქართველოს მოქალაქე", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. როგორ შეაფასებთ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას? მას ბევრი აკრიტიკებს. თქვენი აზრით, რას ცდილობს სალომე ზურაბიშვილი?

- ჩემი აზრით, პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ფარცხალაძეზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაუტოვა. ეს ლოგიკური გადაწყვეტილებაა, ფარცხალაძეს ადანაშაულებენ სწორედ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში რუსეთის სასარგებლოდ. შესაბამისად, დამტკიცების შემთხვევაში პასუხიც საქართველომ უნდა აგებინოს. მას სანქცია იმიტომ არ მიუღია, რომ რუსეთს რამე აწყენინა. საქართველოს ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ მოუხსნიდა ფარცხალაძეს მოქალაქეობას და ამ გზით სანქციების აღსრულების საკითხსაც ადვილად მოაგვარებდა, მაგრამ პრეზიდენტმა აშკარად აურია გეგმა. ახლა მათ ხელშია ბურთი და მოედანი. ეს არის ერთგვარი წყალგამყოფი - თუ საქართველოს ხელისუფლება სანქციებს არ დაემორჩილება და მაინც შეეცდება ფარცხალაძისთვის ხელის დაფარებას, ეს იქნება საბოლოო ნიშანი იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" დასავლურ კურსს ზურგი აქცია. თუ ოდნავი რაციონალიზმი მაინც შერჩა ამ ხელისუფლებას, წესით, ეს არ უნდა გააკეთოს, რადგან ეს დააზარალებს არა მარტო გარეთ ურთიერთობებს, არამედ თავად ქვეყანას, რადგან ჩვენი საზოგადოებისთვის აუხსნელია, რატომ ზრუნავს ხელისუფლება არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილ ფარცხალაძეზე ასე.

- სუს-მა უკვე მერამდენედ განაცხადა, რომ საქართველოში არეულობა იგეგმება. თუ სააკაშვილის დაკავებამდე ამის სულისჩამდგმელად მას ასახელებდნენ, დღეს უკვე სხვა ფიგურანტები გამოჩნდნენ, მათ შორის უკრაინაში მყოფი ქართველები.

- ეს ყველაფერი ცრუძახილს ჰგავს, მგელი, მგელიო, ტყუილად რომ იძახა და ბოლოს, როცა ნამდვილად მოვიდა, აღარავინ დაუჯერა. მართალი ბრძანდებით, მსგავსი განცხადება არაერთხელ გაკეთებულა, საქმეებიც კი აღუძრავთ, მაგრამ მე დაკავებული და დასჯილი არავინ მინახავს. ამიტომაც დღეს ამის აღარავის სჯერა, რადგან აქამდე ყველა განცხადება პოლიტიკური ინტერესით იყო ნაკარნახევი. ამაზე ხალხში მხოლოდ იცინიან. შეთქმულებაზე რომ ლაპარაკობენ, სად არის დამამტკიცებელი დოკუმენტები? დავიღალეთ. არც მათ არგიათ ეს პროცესი და ქვეყანასაც აზიანებს, რადგან ხალხს ყურადღებასა და სიფრთხილეს უჩლუნგებს.

- ბოლო დროს არაერთხელ გაიმართა მუშტი-კრივი პოლიტიკოსების მონაწილეობით პარლამენტსა თუ საკრებულოებში. 22 სექტემბერს თბილისის საკრებულოში დაპირისპირებას, რომლის მონაწილეებიც "ქართული ოცნების" წევრი კოტე ზარნაძე და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე იყვნენ, ძალადობრივი გაგრძელება მოჰყვა - ეძგვერაძესა და მის თანმხლებ პირებს რამდენიმე კაცი გლდანში, სახლთან ჩაუსაფრდა და სასტიკად გაუსწორდა. ეძგვერაძე ამას ზარნაძის შეკვეთად მიიჩნევს, ეს უკანასკნელი კი უარყოფს. როგორ შეაფასებთ ამ პროცესებს და თუ ასე გაგრძელდა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ძალადობრივი დაპირისპირებების გახშირების საფრთხეც ხომ არ იზრდება?

- არ ვიცი ზუსტად, რა მოხდა გლდანში. როგორც ცნობილია, დააკავეს რამდენიმე პირი და იმედია, დროულად გაარკვევენ სიმართლეს და დამნაშავეებს დასჯიან. ნორმალურ სახელმწიფოში პოლიტიკური კლასი უნდა იყოს საზოგადოებისთვის მაგალითის მიმცემი, ის კი ქაოსის, ძალადობისა და არეულობის მაგალითს აჩვენებს. ან რა ლექსიკა აქვთ, ან როგორ იქცევიან... ამას უყურებენ ქვეყნის გარეთაც და ეს დადებითად ნამდვილად ვერ აისახება ქვეყნის ევროინტეგრაციაზე. მართალს ბრძანებთ, საარჩევნო პროცესი მხოლოდ არჩევნების დღე არ არის, მთელი წინასაარჩევნო პერიოდიც საარჩევნო პროცესია და უფრო გამძაფრდება. ყველა დაუფიქრდეს საკუთარ საქციელს. ერთადერთი, ვისაც აწყობს დასუსტებული და ქაოსში მყოფი საქართველო, რუსეთია...

რუსეთის სპეცსამსახურები სხვადასხვა სახელმწიფოზე ინდივიდუალურად მუშაობენ. თუ დაინახავენ, რომ საქართველოში დაპირისპირებაა, ამის გასაღრმავებლად ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებენ. ამიტომაც არის ძალიან საშიში ეს პროცესები. უბედურებაა, რომ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას რაციონალური აზროვნების უნარი ნაკლებად შესწევს და მხოლოდ მოკლევადიან შედეგებზეა ორიენტირებული.